საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.03.2022
საქმის ნომერი
2კ-71აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004499081

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №71აპ-22 ქ. თბილისი

ა.ს., 71აპ-22 4 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ს. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ს. ა-ს ბრალეულობა; გამოძიების მიერ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ამოღების ოქმი და ს. ა-ს დათვალიერების ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებებია, ვინაიდან ისინი მოპოვებული და შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით; ბრალდების მხარის მოწმეები დაინტერესებული პირები არიან, ამასთან, მათ ჩვენებებში იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ს. ა., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ა-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ს. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 17 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა-მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

ს. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- ს. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 112,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რომელსაც 2021 წლის 17 იანვარს უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც ს. ა-ს დათვალიერების შედეგად, ამოიღო მებაჟე-ოფიცერმა - ს. რ-მ, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში.

- ს. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, 112,1055 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, 2021 წლის 17 იანვარს შემოიტანა საქართველოში, რაც ამავე დღეს ს. ა-ს დათვალიერების შედეგად, ამოიღო მებაჟე-ოფიცერმა - ს. რ-მ, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ს. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ა-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ს. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს. რ-ს, ი. მ-ს, გ. ლ-ს, დ. ნ-ს, დ. ნ-ს ჩვენებებით, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - ნ. ნ-სა და პ. წ-ს ჩვენებებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო - გამშვები პუნქტის უფროსის 2021 წლის 17 იანვრის მიმართვით, მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N ოქმით, ს. ა-ს მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტებით, 2021 წლის 17 იანვრის ამოღების ოქმით, ს. ა-ს დაკავების 2021 წლის 17 იანვრის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია და ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს და მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, ასევე, არ იკვეთება მათი მხრიდან ს. ა-ს მიმართ რაიმე დაინტერესების ფაქტი. ამასთან, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი