საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.03.2022
საქმის ნომერი
2კ-2-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005243230

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №21-22 ქ. თბილისი

გ.ზ., 21-22 2 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას წარმოდგენილი პირობებით; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს სწორედ იმავე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა ამ მუხლით ან, ზოგადად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის არსებული ნასამართლობა, რაც არასწორია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის დასახელებაა - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება, ხოლო მითითებული მუხლის ნაწილებში განმარტებულია ხსენებული ქმედების მაკვალიფიცირებელი, დამამძიმებელი გარემოებები. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული განმარტება - ,,ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ“ გულისხმობს, ზოგადად, ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედებისათვის ნასამართლობას და არა - მხოლოდ პირველი ნაწილით. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ზ. გ-ს ქმედებაში, რომელიც ნასამართლევია არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არ იყო გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. გ-ს ბრალად დაედო მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა - 2000 ლარი.

2.2. 2021 წლის 20 მარტს ქ. თბილისში, ... ზ. გ-ს აღმოაჩნდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, წონით - 2,3 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

3. ზ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე დაუბრუნდა პროკურორს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განჩინების გაუქმებასა და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე ზ. გ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად; სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ზ. გ-ს მიმართ დაუბრუნდა ქ. თბილისის პროკურატურას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან განჩინებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ცხადია, რომ ზ. გ-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს; დავის საგნად ქცეულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც საკითხის მართებულად გადაწყვეტისას ყურადღება მიაქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის სტრუქტურას, რომლითაც, ერთი მხრივ, დანაშაულები ნარკოტიკული საშუალების სახეობების მიხედვით (მარიხუანა/მცენარე კანაფი) ერთ მუხლშია გაერთიანებული, ხოლო, მეორე მხრივ, პრინციპულად განსხვავებულ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე მუხლის სხვა ნაწილები, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს მარიხუანის/მცენარე კანაფის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში, ხოლო ამ მუხლის შემდეგი ნაწილები, უთითებენ მხოლოდ მეორე ნაწილზე (,,მე-3 ნაწილი - ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:“; ,,მე-4 ნაწილი - ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით“; ,,მე-6 ნაწილი - ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით“) და არცერთ შემთხვევაში ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. ამასთან, კანონმდებელმა არაერთგზის დანაშაულად მიიჩნია არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ მცენარე კანაფისა და მარიხუანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა და შენახვა, არამედ მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვისათვის ნასამართლევი პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის ამგვარი ფორმულირება ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსა და ამავე მუხლის სხვა ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებს კანონმდებელი განიხილავს სხვადასხვა დანაშაულად, რისი მხედვეობაში მიღებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია გამოკვეთილი იყოს, ერთი მხრივ, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ადმინისტრაციული სახდელი ან სწორედ იმავე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობა.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის სხვაგვარად განმარტების შემთხვევაში, მივიღებთ მოცემულობას, როდესაც მიუხედავად, კანონმდებლის ნებისა, შეემსუბუქებინა პასუხისმგებლობის ხარისხი ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფისა და მარიხუანის შეძენა, შენახვისათვის, საკანონმდებლო ცვლილებებით საპირისპიროდ - შეფარულად დამძიმდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ 2017 წლის 26 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში ცვლილების შეტანამდე, სანამ მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაგზავნა და გადაზიდვა დამოუკიდებელ დანაშაულად ჩამოყალიბდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, ამ დანაშაულის შემადგენლობას კანონი აფუძნებდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებას ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლობას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის - მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან გადაზიდვის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შემადგენლობას არ იძლეოდა მცენარე კანაფის, მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვისათვის ნასამართლობა, არამედ - პირს ეკისრებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევი ზ. გ-ს ქმედებაში, რომელსაც ბრალად ედება მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არის გამოკვეთილი.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი