საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.05.2022
საქმის ნომერი
2კ-359აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120004174367

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №359აპ-22 ქ. თბილისი

ი.ო. 359აპ-22 10 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიასა და მსჯავრდებულ ო. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჭ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ი–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. ო. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის აგვისტო-ოქტომბრიდან, ო. ი–ე სისტემატურად სთხოვდა გ. კ–ს, თ–ში, .......ს გამზირის N..-ში მდებარე, სამშენებლო კომპანია „..-ის“ მიერ მშენებარე კორპუსში, გ. კ–ს კუთვნილი ფართიდან 250 კვ/მეტრის მისთვის გადაფორმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით;

2.2. 2020 წლის 18 სექტემბერს, ო. ი–ემ თ–ში, .....ს გამზირის N..-ში მდებარე მ. ა–ს სამუშაო ოთახში, ამ უკანასკნელს მუშტი ჩაარტყა მარჯვენა მხარში, რის შედეგადაც მ. ა–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

2.3. ო. ი–ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 44,1 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა თ–ში მის საცხოვრებელ სახლში ( მდებარე: ......ს ქუჩა N.., ბინა N..). აღნიშნული ნარკოტიკი 2020 წლის 6 ნოემბერს ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო. ი–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:

3.1. ო. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ო. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ო. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით;

3.4. ო. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

3.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ო. ი–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან;

3.6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ო. ი–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);

3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.8. ო. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

3.9. ო. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 06 ნოემბრის 11:30 საათიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ჭ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ი–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდების ნაწილში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით:

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

5.2. ო. ი–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

5.3. ო. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ისს 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.4. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.5. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.6. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 200 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

5.7. ო. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5.8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ო. ი–ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან;

5.9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ო. ი–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);

5.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.11. ო. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

5.12. მსჯავრდებულ ო. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 6 ნოემბრიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

6.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

6.2. მსჯავრდებულ ო. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ჭ–მ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ი–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ მსჯავრდებულის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ო. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს გამოძალვისთვის, რაც გულისხმობს - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ან/და მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ მოიცავს ორ ურთიერთდაკავშირებულ და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელ მოქმედებას: მოთხოვნას და მუქარას. ამასთან, არ უნდა არსებობდეს ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი, ხოლო ძალადობის მუქარა მიმართული უნდა იყოს მომავლისაკენ, არ უნდა ატარებდეს იმწუთიერ ხასიათს.

11. დაზარალებულმა გ. კ–მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ ო. ი–ე პერიოდულად მიდიოდა ოფისში და ცდილობდა მასთან საუბარს ვალთან დაკავშირებით. იგი მოითხოვდა ......ს გამზირი N...-ში მდებარე 150 კვ/მეტრი კომერციული ფართის საკუთრებაში გადაცემას, რასაც, მისი განმარტებით, დაჰპირდა ლ. მ–ი, თუმცა მან ვერ წარუდგინა საკუთრების დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი. მოწმის ჩვენებიდან იკვეთება, რომ ლ. მ–სა და ო. ი–ს შორის ნამდვილად არსებობდა თუ არა რაიმე შეთანხმება და ამ შეთანხმების საფუძველზე ვალი, მისთვის უცნობია. ფაქტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა სხვა პირებისაგან. მოწმეებმა: მ. ა–მ და ნ. მ–მა მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოში, მართალია, გადაჭრით მიუთითეს, რომ ლ. მ–ს ო. ი–ს ვალი არ ჰქონია და ეს უკანასკნელი აშანტაჟებდა მას, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობა და ნამდვილობა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული ჩანაწერებით. ფარული ჩანაწერების მიხედვით, მ. ა–მ ო. ი–ს კითხვაზე: მე მიწა არ მიმიცია? პასუხობს, რომ ეს არ იცის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 60), იმავე ფარულ ჩანაწერებში ნ. მ–ი მიუთითებს, რომ ო. მოდიოდა და ლ–ს ხან ფართს სთხოვდა და ხან - ფულს და ლ–ი ეუბნებოდა, რომ არ გეკუთვნის, არ მოგცემო, რასაც შესწრებია. ო. ი–ს კითხვაზე: შენ არ იცი ის კომერციული ფართი და პროექტი? ნ. მ–ი პასუხობს: არა, მე საიდან, მე თქვენს განყოფილებაში ხომ არ ვყოფილვარ ო., მე ეგ საიდან ვიცი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 48). როგორც ჩვენებებში, ასევე ფარულ ჩანაწერებშიც მოწმეები მიუთითებენ ო. ი–სა და ლ. მ–ს შორის არსებულ კონფლიქტზე, თუმცა ო. ი–ს ბრალდების შესახებ დადგენილება არ მოიცავს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.

12. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ო. ი–ე ....... კომბინატში მუშაობდა 80-იანი წლებიდან, ხოლო 1991 წლიდან 1999 წლამდე საწარმოს, ხოლო პრივატიზაციის შემდეგ ს/ს „დ–ის“ განყოფილების უფროსად, დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მის მიერ სს „დ–ის“ აქციების შეძენის ქვითარი, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 დეკემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ს/ს „........ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და საიდანაც დასტურდება, რომ ო. ი–სთან ერთად აქციებს ფლობდნენ ლ. და ნ. მ–ებიც(იხ.: ტ.5, ს.ფ. 12).

13. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ. ს–მ, გ. ა–მა და თ. ჭ–მ დაადასტურეს, რომ ო. ი–ე ნამდვილად მუშაობდა ....... კომბინატში, ხოლო საწარმოს პრივატიზაციის შემდეგ - სს „დ–ში“. მოწმე დ. ს–მ განმარტა, რომ 1987 - 1995 წლებში მუშაობდა თ–ს .......... კომბინატის დირექტორად, რომელიც მდებარეობდა ......ს გამზ. N..-ში. 1993-94 წლებში კომბინატში მუშაობდა ო. ი–ე ინჟინრის პოზიციაზე. 1995 წლის დასაწყისში საწარმო გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა „დ–ი“. შრომითმა კოლექტივმა სახელმწიფოსგან შეიძინა 49%-წილის აქციები, ხოლ 51%-ს ფლობდა სახელმწიფო. ო. ი–ემ შეიძინა 3000$-ის აქცია, 3000 აქციაზე მეტი. მოწმე გ. ა–მა განმარტა, რომ, როდესაც კომბინატში დაიწყო მუშაობა, ო. ი–ე იქ მუშაობდა, ხოლო მისი დირექტორობის პერიოდში ო. ი–ე დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. ს/ს „დ–ი“ ფლობდა დაახლოებით 4 ჰექტარ მიწას, რომელზედაც განთავსებული იყო ბაზრობა. მისი წასვლის შემდეგ ო. ი–ე დარჩა ს/ს „დ–ში“. მოწმე მ. წ–ს გამოკითხვის ოქმით(მხარეთა მიერ უდავოდ იყო ცნობილი) დგინდება, რომ ლ. მ–ის ფირმა -„დ–ში’’ მუშაობდა მთავარ ბუღალტრად ........ კომბინატის აქციების ნაწილი შეიძინეს ო. ი–ემ და ლ. მ–მა, დეტალურად ვის რა წილი ჰქონდა საწარმოში არ იცის. მათ ასევე ს/ს „დ–ს“ ლიკვიდაციის შემდეგ დარჩათ მიწის ფართობებიც. ლ. მ–ის გარდაცვალებამდე, ამ უკანასკნელსა და ო. ი–ს ჰქონდათ ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა(იხ.: ტ. 4, ს.ფ. 27-30)

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფარული ჩანაწერების მიხედვით, ო. ი–ე გ. კ–სგან ყველა კომუნიკაციის დროს ითხოვს ვალის დაბრუნებას, რომელიც მას, როგორც ლ. მ–ის სამართალმემკვიდრეს, მართებს ო. ი–სა და ლ. მ–ს შორის დადებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. ო. ი–ე მიუთითებს, რომ სულ ჰქონდა 2000 კვ/მ, საიდანაც 1750 დაირეგისტრირა ხოლო 250 ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით დაუთმო ლ. მ–ს, რის საფუძველზეც უნდა მიეღო 150 კვ/მ კომერციული ფართი. ანალოგიურად 150 კვ/მეტრზე მიუთითებდა ო. ი–ე, როდესაც მას კომპანიიდან დაუკავშირდნენ მასზე გაფორმებულ 50 კვ.მ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით, რის შესახებაც დაუკავშირდა კომპანიის იურისტს - ნ. თ–ს, რომელმაც განმარტა, რომ სიები ლ. მ–ის შედგენილი იყო(რასაც ადასტურებს ასევე ფარულ ჩანაწერებში). ო. ი–ს სახელზე 1750 კვ/მეტრის დარეგისტრირების ფაქტი დასტურდება 2005 წლის სანოტარო აქტითა და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ამასთან, მოწმე თ. ჭ–ს 2021 წლის 7 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით სამი წლის წინ ..... ტბაზე შეხვდა ო. ი–ს, რომელმაც უთხრა, რომ ლ. მ–ს ჰქონდა მისი ვალი და ემალებოდა. სთხოვა დახმარებოდა მასთან კომუნიკაციაში. მოწმემ დაურეკა ლ. მ–ს და ოფისში მისვლა სთხოვა. შეხვედრისას გადასცა ო. ი–ს ნათქვამი, რაზეც ლ. მ–მ განმარტა, რომ პრობლემას მოაგვარებდა. მოწმემ მიუთითა, რომ ციფრები ზუსტად არ ახსოვს, 250 კვ/მეტრზე ან 150 კვ/მეტრზე იყო საუბარი, თუმცა ლ. მ–ს ვალის არსებობა არ უარუყვია. მოწმე ც. ხ–მა(თ. ჭ–ს პირადმა მდივანმა) დაადასტურა დროის მითითებულ მონაკვეთში ლ. მ–ის თ. ჭ–სთან სტუმრობის ფაქტი.

15. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ო. ი–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - თვითნებობა ძალადობის მუქარით. თვითნებობა გულისხმობს ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებულ უფლებად ითვლება უფლება, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ითვლება მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან განხორციელების კანონმდებლობით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინება საქმეზე N 173აპ-21). ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი.

16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ო. ი–ემ ჩაიდინა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, კერძოდ: ო. ი–ემ მასა და ლ. მ–ს შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ქონება გადავიდა გ. კ–ზე, თავისად დაიგულა მისთვის ვალის მოთხოვნის უფლება და კანონით დადგენილი წესით უფლების განხორციელების ნაცვლად მართლსაწინააღმდეგოდ, პირდაპირი განზრახვით, ძალადობის მუქარით მოსთხოვა 150 კვ/მეტრი კომერციული ფართის გადაცემა.

17. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის შედეგით დაფუძნებული მატერიალური შემადგენლობა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. საქართველოს სსკ-ის ოცდამეხუთე თავით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო წესით არის განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა და ხასიათი (მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი) სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის 173აპ-21 განჩინება). მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.

18. დაზარალებულ გ. კ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მან ო. ი–ს ქმედების შედეგად განიცადა მორალური სახის ზიანი, რადგან რეალურად აღიქვა ო. ი–ს მხრიდან მუქარა და ძალიან შეეშინდა, რის გამოც ის და მისი ოჯახის წევრები გადაადგილდებიან დაცვის თანხლებით(ძალადობის მუქარას შეიცავს 2020 წლის 7 ოქტომბრის ფარული ჩანაწერები და ნ. თ-თან ო. ი–ს სატელეფონო საუბარი). მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ო. ი–ე არ დამუქრებია გ. კ–ს.

19. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის პოზიციას ო. ი–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლი მე-2 ნაწილის ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციის ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო.

20. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ო. ი–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში გამართლების შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ მ. ა–ს, მოწმეების: მ. ქ–ისა და შ. ხ–ის ჩვენებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულმა მ. ა–მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2020 წლის 18 სექტემბერს. ო. ი–ე მიუვარდა თ–ში, ......ის გამზირის N..-ში მდებარე ოფისში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა მხარში. ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითებს ფაქტის თვითმხილველი მოწმე მ. ქ–ე. მათი ჩვენებები თანხვდენილია შ. კ–ს ჩვენებასთან, რომელიც, მართალია, ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ დაინახა, როგორ მიუვარდა ო. ი–ე მ. ა–ს სამუშაო ოთახში. სასამართლო ითვალისწინებს რომ დაზარალებული და მოწმე მ. ქ–ეც სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ადასტურებდნენ ო. ი–ს მიერ მ. ა–სთვის მათ შორის ფიზიკური დაზიანების მიყენებას - ხელის დარტყმას, შ. კ–ს ჩვენებას, რის გამოც დაზარალებულის ჩვენების ცვლილება დაზიანების მიყენების ლოკალიზაციის ნაწილში (დარტყმა მხრის მიდამოში თუ გულმკერდის შუაგასაყარში) არ გამორიცხავს ო. ი–ს მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი.

21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიასა და მსჯავრდებულ ო. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ჭ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე