კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802222005688969
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№24I-22 ქ. თბილისი
შ. მ. 24I-22 3 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. შ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
ბაქირქოის მე-9 სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის №2014/106-2017/263 განაჩენით მ. შ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენაში;
სტამბოლის რეგიონული სასამართლოს პირველი სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 10 თებერვალს №2018/447-2020/195 განაჩენით მ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მ. შ–მ ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 22 წელი და 10 თვე;
აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის №2014/106-2017/263 გადაწყვეტილებით;
2020 წლის 9 ივლისს გამოიცა მ. შ–ს დაკავების ბრძანება;
2021 წლის 5 იანვრიდან მ. შ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მ. შ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2021 წლის 9 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. შ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. შ–ი;
2021 წლის 26 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. შ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით;
2022 წლის 20 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. შ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო - 2022 წლის 4 მარტს;
2022 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. შ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 25 მაისამდე;
ამჟამად მ. შ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 19 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წარსულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შურისძიების მიზნით, მ. შ–ი და სხვა თანამონაწილეები მივიდნენ იმ დაწესებულებასთან, სადაც იმყოფებოდა ბ. ი–ი თანმხლებ პირებთან ერთად. შენობაში შესვლის მიზნით, მ. შ–მ და მისმა თანამზრახველებმა თავი წარადგინეს პოლიციის თანამშრომლებად, ხოლო კარის გაღების შემდგომ დაზარალებული და მისი თანმხლები პირები, ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით, აიძულეს იატაკზე დაწოლილიყვნენ.
ზემოაღნიშნულის შემდეგ ერთ-ერთი თანამზრახველი - მ. ს–ი შ–ი მიუახლოვდა დაზარალებულს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა იგი. მ. შ–მ და მისმა თანამზრახველებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს ავტომანქანით, რომელსაც მართავდა მ. შ–ი.
4. 2022 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა მ. შ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სტამბოლის რეგიონული სასამართლოს პირველი სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 10 თებერვლის №2018/447-2020/195 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. შ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სტამბოლის რეგიონული სასამართლოს პირველი სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 10 თებერვლის №2018/447-2020/195 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. შ–ს ადვოკატი ზ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მ. შ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო: თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. შ–ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება რეალური საფრთხე, რადგან მასზე უკვე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა; მტკიცებულებების წარმოდგენისათვის დაცვის მხარეს არ მიეცა გონივრული ვადა; პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. შ–ი უდანაშაულოდ ცნო, სააპელაციო სასამართლომ - დამნაშავედ, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს; მ. შ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი აქვს ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც ითხოვს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტმა არსებითად განსახილველად მიიღოს მისი განცხადება საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით; გარდა ამისა, მ. შ–ს საექსტრადიციო მასალები გადაეცა მხოლოდ მისი ექსტრადიციის მიზნით დაკავების შემდეგ, რამაც განაპირობა მისი უფლებების შეზღუდვა.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. შ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. შ–ი 2021 წლის 25 ნოემბერს ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. მ. შ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, განსახილველი ექსტრადიცია დასაშვებია აგრეთვე მ. შ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელის სახისა და ზომის გათვალისწინებით, კერძოდ:
4.1. მ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია შუამდგომლობის მე-8 პარაგრაფში მითითებული მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით მ. შ–ს სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა უვადოდ, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 22 წელი და 10 თვე.
4.2. მითითებული ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე.
5. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
5.1. დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მ. შ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თურქეთის რესპუბლიკაში მ. შ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 15 - წლიანი ვადა გასული არ არის.
5.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა იწურება - 2051 წელს. შესაბამისად, იგი გასული არ არის.
6. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. შ–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მ. შ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
7. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. გარდა ამისა, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. მოცემულ შემთხვევაში:
7.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. შ–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.
7.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. შ–ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განხილვაზე, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის გამო და შესაბამისად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში.
7.3. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა, არსებული კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციაზე ვერ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება. ამდენად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ. შ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი აქვს ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც ითხოვს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტმა არსებითად განსახილველად მიიღოს მისი განცხადება საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით (როგორც ამას საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
8. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და ვერ მიიღებს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად ადვოკატის მტკიცებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. შ–ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნება რეალური საფრთხე (კერძო პირებისგან) და რომ მის მიმართ უკვე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, ვინაიდან დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია არ არის საკმარისად დასაბუთებული - საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება. რაც შეეხება დაცვის მხარისათვის მტკიცებულების წარდგენისათვის გონივრული ვადის არმიცემის საკითხს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. შ–ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს 2021 წლის 25 ნოემბერს, მას იმავე დღეს დაენიშნა ადვოკატი (ტ.2. ს.ფ. 171), ხოლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით ასევე დასტურდება, რომ ადვოკატი ზ. მ–ე, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-62 პუნქტით დადგენილი წესით, პროკურორის მიერ 2022 წლის 4 აპრილს ინფორმირებული იყო, რომ 10 დღის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ. შ–ს ექსტრადიციის შუამდგომლობის შესახებ. შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში მხარეები ვალდებული არიან, გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა გონივრული ვადა (2021 წლის 25 ნოემბრიდან - 2022 წლის 4 აპრილამდე და მომდევნო 5 დღე) მტკიცებულებების წარმოსადგენად. ამასთან, არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა მისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. შ–ს უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვა, უზრუნველყოფილი იქნება, ამასთან, მის მიმართ განსაზღვრული სამუდამო პატიმრობა დაექვემდებარება გადახედვასა და გათავისუფლების შესაძლებლობას (ტ. N3; ს.ფ. 294) და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) . შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. შ–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
13. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა მ. შ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.
14. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც მ. შ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს მ. შ–ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ს–ს ტერიტორიაზე შემოვიდა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთით და არ გააჩნია ს–ში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
16. დაცვის მხარე საკასაციო საჩვარში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. შ–ი უდანაშაულოდ ცნო, სააპელაციო სასამართლომ კი - დამნაშავედ, ხოლო საქმეზე საკასაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნული გარემოება კი, ადვოკატის მტკიცებით, არის საეჭვო. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს პროკურორის შუამდგომლობას, მ. შ–სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარზე პოზიციასა და თანდართულ დოკუმენტს, რომელთა თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებული გამართლდა განზრახ მკვლელობაში, რეგიონული სასამართლოს პირველი სისხლის სამართლის პალატის N2020/195 გადაწყვეტილებით (საქმე N2018/447) კი - სასჯელის სახით დაენიშნა - სამუდამო პატიმრობა, ხოლო საკასაციო სასამართლოს პირველი სისხლის სამართლის პალატის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული განაჩენი.
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ. იხ. საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21).
18. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას, რომ მ. შ–ს საექსტრადიციო მასალები გადაეცა მხოლოდ მისი ექსტრადიციის მიზნით დაკავების შემდეგ, რამაც შეზღუდა მისი უფლებები, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 9 თებერვალს მიიღო მ. შ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები (ტ. N1; ს.ფ. 26-27).
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებასა და საექსტრადიციო პატიმრობას შორის არსებობს შინაარსობრივი განსხვავება და აღნიშნული პროცედურები მოწესრიგებულია განსხვავებული სამართლებრივი ნორმებით. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მოხდას არაფერი აქვს საერთო საექსტრადიციო პატიმრობასთან და დაუშვებელია პატიმრობის ვადების დაჯამება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის №3001-21 და 2020 წლის 30 ივლისის №321-20 განჩინებები).
20. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. შ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სტამბოლის რეგიონული სასამართლოს პირველი სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 10 თებერვლის №2018/447-2020/195 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე