საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2022
საქმის ნომერი
2კ-95აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100120003725429

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №95აპ.-22 13 მაისი, 2022 წელი

კ–ა მ., №95აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 8 ივნისს მ. კ–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ზ–ში, ტ–ს ქ. N ..-ში, კ. ღ–ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობაში, მ. კ–ამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ. ძ–ს განზრახ მკვლელობის მიზნით, ბასრი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში - კეფის, ზურგის, გულმკერდისა და მუცლის არეში, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები. ზ. ძ–ა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.

1.3. 2020 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ზ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ე. ხ–ს საცხოვრებელ სახლთან, მივიდა მ. კ–ა და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ე. ხ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

მ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 24 აპრილის 11:36 საათიდან.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ. ტ–მ და თ. ჯ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. კ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. ჯ–მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვალად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები, არ შეაფასა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლომ ეჭვი არ გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. კასატორები საკასაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

5.4. დაზარალებულ ზ. ძ–ს ჩვენებით, მ. კ–სთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. 2020 წლის 23 აპრილს მ–თან ერთად დალია თავის საცხოვრებელ სახლში, შემდეგ მეზობელ კ. ღ–სთან გადავიდნენ და იქაც დალია ერთი ჭიქა. ამის შემდეგ არაფერი ახსოვს. მეხუთე დღეს გაიგო, რომ მ. კ–ა იყო დაკავებული. შეიძლება, დაზიანება თვითონ მიიყენა და სხვას ვერ დააბრალებს.

5.5. მოწმე კ. ღ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 23 აპრილს იყო მთვრალი და ჩაეძინა. ზ. ძ–ამ და მ. კ–ამ გააღვიძეს, მოიტანეს ღვინო და დაასხეს დიდ ჭიქებში. მ–ს ხელიდან გაუვარდა სავსე ჭიქა და გატყდა. მან ცოცხით გაწმინდა იატაკი, მ–ც ეხმარებოდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და დაეცა, ცხვირი დაიზიანა. ზ–მა უთხრა, ჭიქა რატომ გატეხეო. მ–ს მაღალი ჭიქა ეკავა ხელში, დაარტყა მაგიდაზე და დაამტვრია. ზ–ი და მ–ი დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. მ–მა ჭიქის ნატეხი ორჯერ ჩაარტყა ზურგში, შემდეგ, რამდენჯერმე - მუცელში. ზ–ს სისხლი სდიოდა კისერთან და უსიტყვოდ გავიდა. მ–ც წავიდა. თვითონ გაჰყვა ზ. ძ–ს. ის თავის სახლში იჯდა სკამზე, ფერი არ ედო სახეზე და ცუდად გახდა. ზ–ს მეუღლემ სასწრაფო დახმარებას დაურეკა, მაგრამ სასწრაფოზე ადრე პოლიცია მოვიდა. თავად შეეშინდა და წავიდა. მისი ვარაუდით, მ–მ ზ–ს ჭიქის ნატეხი ჩაარტყა, მას დანა არ დაუნახავს.

5.6. მოწმე ნ. წ–ს ჩვენებით, მისი მეუღლე ზ. ძ–ა და მ. კ–ა ერთად სვამდნენ. შემდეგ გავიდნენ სახლიდან და ზ. ნახევარ საათში დაბრუნდა, ყურის უკან სისხლი სდიოდა, იყო დაჭრილი, გულისა და მუცლის არეში ჰქონდა დაზიანება. ნასვამები იყვნენ და მის მეუღლესაც არ ახსოვს, რა მოხდა. შემდეგ გაიგო, რომ მ–მა დაჭრა.

5.7. მოწმე ნ. ძ–ა განმარტავს, რომ მ. კ–ა არის მისი მეზობელი და მეგობარი, ხოლო ზ. ძ–ა - ძმა. დამ შეატყობინა ზ–ს დაჭრის შესახებ, მაგრამ ვინ დაჭრა, არ იცის. ზ–ი იყო ნასვამი და მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ეთანხმება.

5.8. მოწმე ა. ძ–ა განმარტავს, რომ ზ. ძ–ა არის მისი შვილი. 2020 წლის 24 აპრილს სამუშაოზე იმყოფებოდა. რძალმა დაურეკა, უთხრა, რომ მისი შვილი იყო დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფებოდა. რძალმა არ იცოდა, რა მოხდა და არც კ. ღ–ს უთქვამს. მოწმე ადასტურებს, რომ საუბრის აუდიოჩანაწერი ეკუთვნის მას.

5.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2020 წლის 24 აპრილის ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილია ქ. ზ–ში, ტ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ა. ძ–ას საცხოვრებელი სახლი და ეზო, აგრეთვე, ქ. ზ–ში, ტ–ს ქუჩა №..-ში მდებარე კ. ღ–ს საცხოვრებელი სახლი. ა. ძ–ას საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის იატაკზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ოთახში განთავსებული საწოლის გადასაფარებელზე, ბალიშისპირსა და ბავშვის ჯემპრზე ასევე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. სისხლისმაგვარი ლაქები ა. ძ–ას ეზოში არსებული ბილიკიდან გრძელდება ორღობეში, საიდანაც კარი შედის კ. ღ–ს ეზოში, სადაც ერთსართულიანი, კაპიტალური დამხმარე ნაგებობის იატაკზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ყრია ჭიქის ნამსხვრევები, მაგიდაზე უწესრიგოდ აწყვია ორი მთელი და ერთი წაქცეული, გატეხილი მინის ჭიქა, ასევე, დევს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ტელევიზორის მაგიდაზე დევს დანის პირი ტარის გარეშე, წყლის ნიჟარაში, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, სხვა ნივთებთან ერთად არის ერთი შავტარიანი დანა, რაც სუნის კვლებთან ერთად ამოიღეს და დაილუქა.

5.10. მოწმე ზ. გ–ა განმარტავს, რომ 2020 წლის 24 აპრილს ქ. ზ–ში, ტ–ს ქუჩაზე, მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ა. ძ–ას საცხოვრებელი სახლის ღია აივანზე იყო სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე, მოწითალო ფერის ლაქები ჰქონდა საბანს, ბალიშისპირსა და ჯემპრს, რის გამოც, ამოიღეს. შემდეგ სისხლის კვალს გაჰყვნენ და მივიდნენ კ. ღ–ს საცხოვრებელ სახლში. მისაღებ ოთახში, მაგიდაზე ეყარა დამსხვრეული ჭიქები. მეტლახის ზედაპირიდან ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქა, გატეხილი ჭიქა, ასევე, ორი ცალი ჭიქა, პლასტმასის ბოცა, მაგიდიდან - დანის პირი ტარის გარეშე და სამზარეულოდან - შავტარიანი დანა. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კინოლოგი.

5.11. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. კ–მ და განმარტა, რომ გამომძიებელ ზ. ჭ–თან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ა. ძ–ას საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს საბანი და ბალიშისპირი, სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები. კ. ღ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს ჭიქები, იატაკიდან - სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები, ელვაშესაკრავიანი ჟაკეტი, ნიჟარიდან - სამზარეულოს შავტარიანი დანა, ტელევიზორის მაგიდიდან - პატარა დანა ტარის გარეშე. სუფრა იყო არეული და იატაკზე ეყარა ჭურჭლის ნამსხვრევები. კ. ღ–ს საცხოვრებელი სახლის კარი იყო ღია, მაგრამ ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ.

5.12. მოწმე ზ. ჭ–ა განმარტავს, რომ 2020 წლის აპრილში დაიწყო გამოძიება ზ. ძ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ზ. ძ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს სისხლისმაგვარი კვალი. კ. ღ–ს ოთახში სუფრა იყო გაშლილი. ამოიღეს ჭიქის ნამსხვრევები, ორი ჭიქა, ბოცა, სამზარეულოს ნიჟარიდან - დანა, ტელევიზორის მაგიდიდან - მეორე დანა ტარის გარეშე და სისხლისმაგვარი ლაქები.

5.13. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული კრებსითი ინფორმაციის გამოკვლევით დადასტურებულია, რომ დაზარალებულ ზ. ძ–ს კარგად ახსოვს თავისი დაჭრის ფაქტი. სატელეფონო კომუნიკაციის დროს მოსაუბრეებთან ყვება, რომ „ცოტა დალიეს, შემდეგ გადავიდნენ კახასთან და იქ გააგრძელეს. მ–მ ზედიზედ სამი ჭიქა გატეხა და მეოთხე ჭიქა მაგიდას დაარტყა“. უთხრა: „ნორმალური ხარ? მტრის სახლში ხომ არ ხარ? რას აკეთებო“, რა დროსაც მან შეაგინა. გამოსაფხიზებლად ხელი გაარტყა. არ იცის, საიდან მოიტანა დანა, რომელიც ჩაარტყა თორმეტჯერ. ძალა გამოეცალა და ძლივს მივიდა სახლამდე. მეუღლემ საავადმყოფოში დარეკა. კ–მ პოლიციელები რომ დაინახა, თურმე, შეეშინდა და გაიქცა. „მისი ხელიდან განწირული და მკვდარი იყო. შუაზეა გადაჭრილი და სიკვდილს ჩახედა თვალებში. ორჯერ გადაარჩინეს სიკვდილს. ერთი წელი უნდა იმკურნალოს, მაგრამ გადარჩა. ვიღაცას მიუვარდა თურმე. სამოცი ლარი ჰქონია იმ კაცს მისი ვალი და ფანჯრები ჩაუმტვრია. იმათ დააჭერინეს, თორემ ის არ დააჭერინებდა. მას არ აწყობს მისი დაჯდომა ციხეში. ის უნდა იყოს გარეთ და იჩანჩალოს. უბანში გაგიჟებულები არიან. როგორც კი შემოვა, ეგრევე მოკლავენ“. ა. ძ–ა ეუბნება მოსაუბრეს, რომ მისი შვილი არაფერს იტყვის, ხოლო ზ. ძ–ს არიგებს, რომ უნდა თქვას ერთი სიტყვა-„არ ვიცი“.

5.14. საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 22 დეკემბრის N.....ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის (უდავო მტკიცებულება) თანახმად: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი აუდიოგრამები ვარგისია ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის; ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ა. ძ–ასა და ზ. ძ–ს ხმისა, კერძოდ: გამოსაკვლევად წარმოდგენილ „სადავო ფონოგრამებში“ (.................) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და ასევე ,,ა. ძ–ას ხმის ნიმუშის’’ ფონოგრამებზე (.......... - ქართულენოვანი ფონოგრამა და ......... - მეგრულენოვანი ფონორგამა) ა. ძ–ას ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია; გამოსაკვევად წარმოდგენილ „სადავო ფონოგრამებში“ (............................) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და „ზ. ძ–ს ხმის ნიმუშის“ ფონოგრამებიდან (აუდიოფაილები: ......... - ქართულენოვანი ფონოგრამა და ........... - მეგრულენოვანი ფონოგრამა) ზ. ძ–ს ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია.

5.15. საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2020 წლის 30 აპრილის №..... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. ძ–ს ლურჯი ფერის სპორტულ ქურთუკსა და შავი ფერის მოკლემკლავიან მაისურზე არსებული, ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანებები 30 მმ სიგრძეზე, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ. ჯ–მ.

5.16. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 ივნისის №...... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ზ. ძ–ს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ჰემორაგიული შოკი, ტრავმული ჰემოთორაქსი, ფილტვისა და დიაფრაგმის დაზიანება. კეფის არისა და ზურგის მიდამოში - ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას დაესვა ინტრაოპერაციული დიაგნოზი: გულმკერდში შემავალი ჭრილობა ფილტვისა და დიაფრაგმის დაზიანებით. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ელენთის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვისა და დიაფრაგმის დაზიანებით, აგრეთვე, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ელენთის დაზიანებით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. კეფისა და ზურგის მიდამოს ჭრილობები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად. დაზიანებების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობების მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილად მითითების გამო. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ნ–მ.

5.17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 სექტემბრის №......... ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. კ–ს სპორტული ჟაკეტისა და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი, მოშავო ფერის ბამბის ბოჭკოები საღებავის ნადების სახით განლაგებით, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზ. ძ–ს შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; კ. ღ–ს ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი, ბაცი მორუხო-მოლურჯო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება მ. კ–ს შარვლის ქსოვილის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; კ. ღ–ს ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ბამბისა და მოთეთრო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ. კ–ს სპორტული ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; კ. ღ–ს შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ. კ–ს სპორტული ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. კ–მ.

5.18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 ნოემბრის №...... ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ჭიქის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ. ძ–ს; მინის სამ ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N...) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი №...-ის გენეტიკური პროფილი და მინის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ. ძ–ს; ასფალტის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები (ობ. N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი №..-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ძ–ს; შავი ფონის მქონე კოპლებიან საბანზე, ბალიშისპირზე, უსახელო ჯემპრზე (ობ. N...) ბალიშის შალითასა (ობ. N..) და ჟილეტზე (ობ. N..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი №..-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი და ობიექტი №....-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ძ–ს; მ. კ–სგან ამოღებულ ზედა ჩასაცმელსა (ობ. N....) და შარვალზე (ობ. N....) არსებული მოწითალო-მოყავისფრო, მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი №25-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ძ–ს, ხოლო ობიექტი №....-ის გენეტიკური პროფილი - მ. კ–ს; ზ. ძ–ს ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ძ–ს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ნ–მ.

5.19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მ. კ–ს მიერ ზ. ძ–სათვის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებების მიყენების ფაქტი.

5.20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

5.21. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი, საქმე №213აპ-20, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება - საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №309აპ-19, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი, საქმე №680აპ-17, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი, საქმე №227აპ-16).

5.22. მოცემულ შემთხვევაში მ. კ–ს განზრახვას, ჩაედინა ზ. ძ–ს მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა, მათი განლაგება, ლოკალიზაცია (დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში), ხარისხი და სიმძიმე.

5.23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.

5.24. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.

5.25. დაზარალებულ ე. ხ–ს ჩვენებით, 2020 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, მეუღლესთან ერთად უყურებდა ტელევიზორს. ხმაურზე გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ მ. კ–ა ქვებს ესროდა სახლს და ეზოში უნდოდა შეღწევა, მაგრამ ჭიშკარი ბოქლომით ჰქონდა ჩაკეტილი. დედამისი ცდილობდა მის წაყვანას, ხოლო მ–ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი მას და მის მეუღლეს აგინებდა, ემუქრებოდა „მოკვლითა და დაჩეხვით“. მას რეალურად შეეშინდა, რადგან მ–ს სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი. მის მეუღლეს მ–ს ვალი ჰქონდა და ამაზე იყო გაბრაზებული. მას შემდეგ, რაც დედამისმა ჭიშკრიდან გაიყვანა მ. კ–ა, დარეკა 112-ში.

5.26. მოწმე მ. ლ–ა განმარტავს, რომ 2020 წლის 23 აპრილს, საღამოს, მისი შვილი გავიდა სახლიდან. გვიან დაურეკა და უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ არ მოვიდა. შემდეგ მეზობელმა უთხრა, რომ ქუჩის თავში მანუჩარის ხმა ისმისო და კ–ა კ–თან ერთად წავიდა მის მოსაძებნად. მ–ი იყო განერვიულებული და მიდიოდა ბ–ს ქუჩისკენ. ისინი მიჰყვებოდნენ უკან. მ. კ–ამ ე. ხ–ს სახლს ესროლა ქვა, ემუქრებოდა და იგინებოდა. პატრული წამოეწიათ და დააკავეს. მის შვილს ცხვირი ჰქონდა გახეთქილი, სახე და ტანსაცმელი - გასისხლიანებული.

5.27. მოწმე კ. კ–ი განმარტავს, რომ მ. კ–სთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. 2020 წლის 24 აპრილს მ. კ–ამ მის სახლში დალია 5 ჭიქა ღვინო და გავიდა ქუჩაში. 00:00 საათზე შემოესმა ძაღლის ყეფა და მ–ს ხმა. მივიდა მ–ს სახლში და მის დედასთან ერთად დაუწყო ძებნა. სამ წუთში ნახეს რესტორანთან, სახე ჰქონდა გასისხლიანებული და აღელვებული იყო. იგი გინებით წავიდა ბ–ს ქუჩისკენ. ისინი მიჰყვებოდნენ უკან, ამშვიდებდნენ და სთხოვდნენ, არ ეხმაურა, მაგრამ არ ემორჩილებოდა. ამბობდა, რომ ჩემი შვილის ლუკმას არ შევარჩენო და ქვას ეძებდა, აგინებდა ქერათმიან ქალს, მაგრამ არ დამუქრებია. მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს.

5.28. მოწმე ა. კ–ა განმარტავს, რომ მ. კ–ა შენიშნეს ე. ხ–ს საცხოვრებელ სახლთან. ის იყო ნასვამი და აგრესიული, ხელში ეჭირა ქვა და ე. ხ–სა და ლ. წ–ს ემუქრებოდა მოკვლით. მ. კ–ა ასევე ფლობდა ინფორმაციას ზ. ძ–ს დაჭრასთან დაკავშირებით, რის გამოც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

5.29. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გ. ჭ–მ და განმარტა, რომ მ. კ–ა შენიშნეს ბ–ს ქუჩაზე, მას ხელში ეჭირა ქვა, იგინებოდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ე. ხ–ს. იგი დაამშვიდეს და ნებაყოფლობით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

5.30. 2020 წლის 24 აპრილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქ.ზ–ში, ბ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ე. ხ–ს საცხოვრებელ სახლს, რომელიც არის ორსართულიანი და შემოკავებულია რკინის კონსტრუქციის ღობით. ჭიშკარსა და სახლს შორის, ბეტონის საფარზე, ერთმანეთისგან დაშორებით დევს ხუთი სხვადასხვა ზომის ქვა, რომლებიც ამოიღეს და დალუქეს.

5.31. ამდენად, საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშაკარა, დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცეულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მ. კ–ს მიერ ე. ხ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

5.32. რაც შეეხება საფუძვლიანი შიშის არსებობას, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ იგი უნდა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რა დროსაც სასამართლო, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ე. ხ–მ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები. მან ასევე დამაჯერებლად ისაუბრა განცდილ შიშთან დაკავშირებით.

5.33. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.34. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.36. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე