საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2022
საქმის ნომერი
2კ-236აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004531813

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №236აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი ვ, 236აპ-22 3 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს, მსჯავრდებულების - ს. ს-ა და ვ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ხ-ა და დ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ს-ს, - დაბადებულს .... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; დევნა, ე.ი. ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით; გ. ს-ს, - დაბადებულს .... წლის ... მაისს, - დევნა, ე.ი. ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით; ხოლო ვ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - დევნა, ე.ი. ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით; დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ს-ა, ვ. გ-ა და ს. ს-ან ერთად, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ტელეკომპანია „ფ-ს“ ჟურნალისტ ვ. ს-ს მიმართ განახორციელა დევნა, ძალადობით. ზემოაღნიშნული პირები თავს დაესხნენ ვ. ს-ს და წააქციეს, რის შემდგომაც ისინი ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ თავისა და ტანის არეში, რა დროსაც ვ. ს-ს მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად. გ. ს-ი, ვ. გ-ი და ს. ს-ი ვ. ს-ე ძალადობის დროს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მის პროფესიულ, ჟურნალისტურ საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობის გამო მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით.

· 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. გ-ი, ვ. ს-ე ძალადობის შემდგომ, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. ს-ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის ქუჩა №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ს-ა ასევე იძალადა ნ. მ-ე, კერძოდ, ხელი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც ნ. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენით:

2.1. ს. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ს. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

2.3. ს. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.4. ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2500 ლარი და საბოლოოდ ვ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

2.5. ვ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.6. გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების - გ. ს-ის, ვ. გ-ა და ს. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ს-ა, ვ. გ-ა და ს. ს-ან ერთად, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ტელეკომპანია „ფ-ს“ ჟურნალისტ ვ. ს-ს მიმართ განახორციელა დევნა, ძალადობით. ზემოაღნიშნული პირები თავს დაესხნენ ვ. ს-ს და წააქციეს, რის შემდგომაც ისინი ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ თავისა და ტანის არეში, რა დროსაც ვ. ს-ას მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად. გ. ს-ი, ვ. გ-ი და ს. ს-ი ვ. ს-ე ძალადობის დროს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მის პროფესიულ, ჟურნალისტურ საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობის გამო მიმართავდნენ უცენზურო სიტყვებით.

· 2021 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თ-ი, წ-ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. გ-ი, ვ. ს-ე ძალადობის შემდგომ, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. ს-ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გ. ს-ს გამართლება. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის; საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, თვით დაზარალებულისა და მისი ახლობელი მოწმეების ურთიერთშეუთანხმებელი მტკიცებულებები მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ გ. ს-ს არ ჩაუდენია მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული.

5.1. კასატორებმა, მსჯავრდებულების - ს. ს-ა და ვ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ხ-ა და დ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:

· ს. ს-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

· ვ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ასევე სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

5.1.1. კასატორების მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და სანდო. გამამტყუნებელი განაჩენი დაფუძნებულია დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების - სუბიექტური მოწმეების - არასანდო და დამაჯერებლობას მოკლებულ ჩვენებებზე.

5.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარეთა პოზიცია მსჯავრდებულების - გ. ს-ა და ს. ს-ს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ ვ. გ-ის - სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დამაჯერებლად და სარწმუნოდ არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა გაანალიზებითაც სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ვ. გ-ა, გ. ს-ა და ს. ს-ა ჩაიდინეს დევნა, ე.ი. ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, ხოლო ვ. გ-ა ასევე - დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. საკასაციო სასამართლოს ვ. გ-ის, გ. ს-ისა და ს. ს-ის მიერ ვ. ს-ას მიმართ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის (ჩადენილი ძალადობით) და სიცოცხლის მოსპობის მუქარის (ვ. გ-ის მიმართ) ფაქტები უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ვ. ს-ა და მოწმეების - ნ. მ-ს, გ. რ-ის, ვ. თ-ის, თ. ყ-ის, ხ. ს-ის, შ. გ-ს, ი. გ-ის, ნ. ჩ-ს, ა. ც-ის, კ. ლ-ა და ნ. ხ-ს ჩვენებებით, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით, ვიდეოჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:

10.1. მსჯავრდებულთა ინტერესების წარმომადგენელი კასატორები თავიანთ საჩივრებში ერთხმად აღნიშნავენ, რომ საფუძვლიან ეჭვს ბადებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მონაწილეობა გამამტყუნებელი განაჩენით მათთვის შერაცხულ ისეთ ქმედებებში, როგორიცაა დევნა, ე.ი. ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, ხოლო ვ, გ-ს ასევე - დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარაში, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მათი აზრით, მსჯავრდებულთათვის შერაცხული ბრალი არ ემყარება კანონიერ და სარწმუნო მტკიცებულებებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადვოკატები - თ. ხ-ი და დ. მ-ე ვ. გ-ის მსჯავრდებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა ვ. ს-ს მიმართ, თუმცა ეს არ გაუკეთებია მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

10.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის ობიექტური შემოწმებით არ დგინდება მსჯავრდებულების უდანაშაულობა მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში.

10.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, პალატა მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია დევნის განხორციელების მომენტიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო მე-17 მუხლის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.

10.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ვ. ს-მ ცალსახად დაადასტურა, რომ ვ. გ-ა, ს. ს-ა და გ. ს-ა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაკავშირებული იყო მის პროფესიულ საქმიანობასთან. კერძოდ, ხელები და ფეხები დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის - თავში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

10.5. დაზარალებულ ვ. ს-ს ჩვენებას მასზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას ვ. ს-ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები (თავის ტვინის შერყევა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები) განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, იზოლირებულად აღებული, ასევე ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 25.02.2021 წელს.

10.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ვ. ს-ს ჩვენება არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, იგი არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს (ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას) და საეჭვო ხასიათის განმარტებებს. ვ. ს-ა ლოგიკურად და დამაჯერებლად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად, მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაზარალებულ ვ. ს-ს ჩვენება სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ასახულ მოვლენებსა და მოწმეების - ნ. მ-ის, თ. ყ-ის, ვ. თ-ის, ა. ც-ის, კ. ლ-სა და ნ. ხ-ის ჩვენებებს. ფაქტის თვითმხილველმა პირებმა - თ. ყ-ა, ხ. ს-ა და ნ. მ-მ ცალსახად დაადასტურეს ვ. გ-ის, ს. ს-ა და გ. ს-ის მიერ ვ. ს-ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მისი პროფესიული საქმიანობის გამო. ჩვენების მიცემისას მოწმეებმა ასევე დაადასტურეს ვ. ს-ს მიერ ჩვენებაში აღწერილი გარემოებები, თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, თუ როგორ დაესხნენ თავს ვ. ს-ს და დაუწყეს ცემა, როგორ დაიწყო კონფლიქტი ვ. გ-ა, როგორ წაიქცა ვ. ს-ა და წაქცეულს როგორ ურტყამდნენ ბრალდებულები ფეხებსა და ხელებს სხეულის სხვადასხვა არეში. თითოეულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას ვ. გ-ი და ს. ს-ი ვ. ს-ას მოიხსენიებდნენ, როგორც ,,პროვოკატორ“ ჟურნალისტს, რომელიც ყალბ საქმიანობას ეწეოდა და აგინებდნენ იმ ტელევიზიებს, სადაც დაზარალებული მუშაობდა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია კონფლიქტის დაწყების, განვითარებისა და მსჯავრდებულების ვ. ს-ე ძალადობასთან მიმართებით. სამივე მოწმე კატეგორიულად მიუთითებს, რომ კონფლიქტი ვ. გ-ა დაიწყო, შემდეგ კი ჩაერთნენ ს. ს-ი და გ. ს-ი. გაშველებისა და ვ. ს-ს ავტომანქანაში ჩაჯდომის მიუხედავად, ისინი არ დამშვიდნენ და კვლავ ცდილობდნენ კონფლიქტის გაღვივებასა და ძალადობას. მოწმეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ღამე მოხდა, თავდამსხმელების სახის გარჩევა არ გასჭირვებიათ. მოწმე თ. ყ-ა კატეგორიულად გამორიცხა შეცდომა მსჯავრდებულების პიროვნებაში. მან დამატებით განმარტა, რომ მათ სახეზე სცნობდა საერთო უბნიდან, ხოლო ს. ს-ს ბავშვობიდან იცნობს, რადგან მისი მეზობელი იყო და შეუძლებელია სხვა პირში არეოდა. მოწმე ნ. მ-მ მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მისთვის გამიზნულად ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და მას მოქნეული ხელი შემთხვევით, გაშველებისას მოხვდა.

10.7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების იმ არგუმენტს, რომ მოწმეების - თ. ყ-ის, ხ. ს-ა და ნ. მ-ის ჩვენებები არის საეჭვოდ იდენტური, არარეალური და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

10.8. მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე მთლიანად, ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. საკასაციო სასამართლო მოწმეების - თ. ყ-ის, ნ. მ-ა და ხ. ს-ის ჩვენებებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შინაარსობრივად ისინი არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ვიდეოჩანაწერებს, სხვა წერილობით მტკიცებულებებს და, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებასა და პირად დაინტერესებაზე მსჯავრდებულების მიმართ.

10.9. მოწმის სახით დაკითხულმა მაშველებმა - ვ. თ-ა, ა. ც-მ, კ. ლ-ა და ნ. ხ-ა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, სწორედ მათ გააშველეს კონფლიქტში მონაწილე პირები და დაადასტურეს, რომ სამი ახალგაზრდა მამაკაცი აგრესიულად იწევდა ვ. ს-ნ და მათ დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდნენ. საქმეზე მნიშვნელოვანია ნეიტრალური მოწმის - გ. რ-ის განმარტებაც, რომელმაც ჩვენებაში დაადასტურა, რომ ვ. გ-ი, გ. ს-ი და ს. ს-ი ვ. ს-ს ურტყამდნენ ხელ-ფეხს.

10.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - ვ. თ-ის, ა. ც-ის, კ. ლ-ა და ნ. ხ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები სრულად შეესაბამება ვ. ს-ს, თ. ყ-ის, ნ. მ-ა და გ. რ-ს განმარტებებს კონფლიქტის ადგილთან, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირთა მდგომარეობასა და ქცევასთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად უტყუარად დასტურდება ს. ს-ის, გ. ს-ა და ვ. გ-ის მხრიდან ვ. ს-ს მიმართ ჩადენილი ძალადობა.

10.11. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ი. გ-ა და შ. გ-ის ჩვენებებზე, რომლებიც ასევე უტყუარად ადასტურებენ, რომ მთვრალი მსჯავრდებულები შემთხვევის ადგილზე მათი მისვლის შემდეგაც გამოხატავდნენ აგრესიას ვ. ს-ას მიმართ.

10.12. იმ საკითხთან მიმართებით, მსჯავრდებულების მიერ ძალადობა ჩადენილი იყო თუ არა დაზარალებულ ვ. ს-ს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი აქვს მართებული დასკვნები.

10.13. სააპელაციო პალატას მხედველობაში აქვს უწინარესად საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულებმა იცნეს ვ. ს-ა. დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მსჯავრდებულების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება დაიწყო მას შემდეგ, რაც პირბადე ჩამოიწია და იცნეს. ამასთან, ს. ს-ი და ვ. გ-ი აგინებდნენ ტელევიზიას. იგინებოდა გ. ს-ც. ისინი ვ. ს-ნ მოითხოვდნენ სწორ მხარეს გადასვლას, ეძახდნენ ,,პროვოკატორ ჟურნალისტს“. ვ. ს-მ ჩვენებაში განმარტა, რომ მსჯავრდებულები მას დაუპირისპირდნენ, როგორც ჟურნალისტს. მოწმე თ. ყ-ც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულები ვ. ს-ს მოიხსენიებდნენ, როგორც ,,არასწორ ჟურნალისტს“, ემუქრებოდნენ, იგინებოდნენ ტელევიზიის მისამართით. მათ აგრესიული ქმედება დაიწყეს მას შემდეგ, რაც იცნეს ვ. ს-ა. მოწმე ხ. ს-ა ანალოგიურად მიუთითა, რომ აღნიშნული სამი პირი ვ. ს-ს მოიხსენიებდა ,,პროვოკატორ ჟურნალისტად“ და აგინებდნენ ტელევიზიას. სასამართლო მხედევლობაში იღებს, რომ თავად მსჯავრდებულებსაც არ უარუყვიათ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ. ს-ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ვ. გ-ა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ,,პროვოკატორად“ მოიხსენია მხოლოდ ვ. ს-ა. იგი მოიხსენია ,,არასწორ ადამიანად“ იმის გამო, რაც მას აკადრა. ს. ს-ა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ვ. გ-ი ვ. ს-ას მოიხსენიებდა ,,პროვოკატორად“. ასევე აღნიშნა, რომ ვ. ს-ს საპასუხოდ თავადაც შეაგინა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დაადასტურა გ. ს-ც. თუმცა ს. ს-ი და გ. ს-ი ასევე ცალსახად მიუთითებდნენ, რომ მათ სურდათ მხოლოდ გაშველება.

10.14. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დათოვლილ გზაზე ორი მამაკაცი მაშველებთან ერთად აწვება ავტომობილს. მოგვიანებით კადრში ჩნდებიან ვ. გ-ი და ვ. ს-ა, რომლებიც ერთმანეთში საუბრობენ. ავტომობილიდან მოშორებით, იქვე დგას ორი პირი - გ. ს-ი და ს. ს-ი. ვ. გ-ი წრეს ურტყამს ავტომობილს, მიდის მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც კადრიდან ქრებიან როგორც ვ. ს-ა, ისე ვ. გ-ი. მალევე გ. ს-ი და ს. ს-ი მიდიან ავტომობილის მარჯვენა მხარეს და ისინიც ქრებიან კადრიდან. მოგვიანებით კადრში ჩანან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ბრალდებულებს არ აძლევენ ავტომობილის მარჯვენა მხარეს წასვლის საშუალებას. ბრალდებულები გამოირჩევიან აგრესიული ქცევით და ცდილობენ ავტომანქანასთან მისვლას. ამასთან, ვიდეოჩანაწერებში ნათლადაა დაფიქსირებული გ. ს-ი, რომელიც დაზარალებულს ჟესტიკულაციით ანიშნებს, რომ გადავიდეს ავტომობილიდან. ვიდეოჩანაწერებით ასევე დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაღმართზე მიჰყვება ვ. ს-ა.

10.15. მოწმეები - ვ. თ-ი, ა. ც-ე, კ. ლ-ი და ნ. ხ-ი თავიანთ ჩვენებებებში ცალსახად ადასტურებენ, რომ ვ. გ-ი, ს. ს-ი და გ. ს-ი იყვნენ აგრესიულები და იწევდნენ ვ. ს-ს მიმართულებით. მოწმეთა განმარტებით, ვინაიდან ვერ შეძლეს მათი დაშოშმინება, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ვ. ს-ა ჩასვეს ავტომანქანაში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ისინი კვლავ განაგრძობდნენ ვ. ს-ს გინებას. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები იქცეოდნენ აგრესიულად, დადასტურებულია მოგვიანებით ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებითაც. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ სიტყვები ,,პროვოკატორო“, ,,არასწორ მხარეს დგახარ“, ტელევიზიის გინება, მსჯავრდებულების აგრესიული განწყობა ადასტურებს, რომ მათ იცოდნენ ვ. ს-ს პროფესიული საქმიანობის შესახებ და მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდნენ სწორედ აღნიშნული მოტივით.

10.16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულების - ვ. გ-ა და ს. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივრის მოტივებს მოწმის სახით დაკითხული მაშველების ჩვენებებთან მიმართებით, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოტივებსა და მოსაზრებებზე სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებელი, ამასთან, დასაბუთებული პასუხი გასცა როგორც კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ისე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებითა და მათი ლოგიკური ანალიზით, კერძოდ, გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ მოწმეები - ვ. თ-ი, ა. ც-ე, კ. ლ-ი და ნ. ხ-ი ჩვენებებში აცხადებენ, რომ მათ მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდათ სამსახურებრივ საქმიანობაზე და ბუნებრივია, რომ ისეთივე დეტალური სიზუსტით ვერ აღწერონ გარემოებები, როგორც, მაგალითად, დაზარალებულმა, თუმცა მათი ჩვენებები დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მათი ქმედებების შესახებ იდენტურია და საქმეზე გამოკველულ სხვა მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად თანხვდენილი და ურთიერთშესაბამისია.

10.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულების - გ. ს-ის, ვ. გ-ა და ს. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:

11.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ვ. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.

11.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ საქმეში გამოკვეთილია მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი - მუქარის რეალურობის აღქმა და საფუძვლიანი შიშის განცდა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ვ. ს-მ ჩვენებაში მიუთითა, რომ ვ. გ-ი სიცოცხლის მოსპობითაც კი დაემუქრა, რაც აღიქვა რეალურად და შეეშინდა მისი განხორციელების. საკასაციო სასამართლო დაზარალებულის აღნიშნულ განმარტებას სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების მიმდინარეობა, ვ. გ-ის განსაკუთრებული აგრესიული დამოკიდებულება და ქცევა, ერთობლივად ნამდვილად იძლეოდა შესაძლებლობას, რომ დაზარალებულის აღქმაში ვ. გ-ის მუქარას რეალური განხორციელების შიში გამოეწვია.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე - პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).

14. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე წინაპირობა, რის გამოც არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნებოდა ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რადგან დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასკვნები გამოიტანა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

15. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის, მსჯავრდებულების - ს. ს-სა და ვ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ხ-ა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი