საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100120003759046
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №423აპ-22 ქ. თბილისი
ჟ. მ. 423აპ-22 16 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჟ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ჟ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. მ. ჟ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ბ–ს რაიონის დაბა ბ–ი, დ. ა–ის ქ. №..-ში მდებარე მაღაზია „......ში“, ურთიერთშელაპარაკებისას მ. ჟ–მ ნ. ბ–ს სამჯერ დაარტყა ხელი მხარზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მ. ჟ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, მ. ჟ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ჟ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ტ. ბ–მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მ. ჟ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ჟ–ს წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ მ. ჟ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დაზარალებულ ნ. ბ–ს, მოწმეების: ს. დ–ს, გ. გ–ს, გ. ბ–ს ჩვენებებით, 2020 წლის 10 თებერვლის N...... შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 11 თებერვლის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის 2020 წლის 6 მარტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
10. დაზარალებულმა ნ. ბ–მ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს ბ–ს რაიონის დაბა ბ–ში მდებარე მაღაზია „.....ში“ შესულს იქ დახვდა მ. ჟ–ი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ყოველი შეხვედრისას აკეთებდა და მომხდარი ფაქტის შემდეგაც აგრძელებს. მ. ჟ–მ მას ასევე სამჯერ დაარტყა ხელი, მათ შორის ჩადგა მისი თანამშრომელი ს. დ–ე, რომელმაც მ. გაიყვანა და მოუწოდა სიმშვიდისკენ, რა დროსაც გამოვიდა მაღაზიის მეპატრონე. კონფლიქტისას გ. იქ არ იმყოფებოდა, მანაც მოუწოდა მ–ს დამშვიდებულიყო, რადგან მის მაღაზიაში არ სურდა კონფლიქტი(იხ.: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი 11:35:28-11:35:52). დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი კიდევ გაგრძელდებოდა, მათ შორის მისი თანამშრომელი რომ არ ჩამდგარიყო (იხ.:ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი 11:36:24-11:36:32). მ. ჟ–მ მას სამჯერ დაარტყა ხელი, რითიც განიცადა ფიზიკური ტკივილი, სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც სხვა დროს შეხებია ფიზიკურად, აყენებდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი 11:36:58 – 11:42:42). როდესაც მაღაზიაში შევიდა და მ–მ დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, ჩართო ტელეფონი, ეგონა, რომ იღებდა ვიდეოს, მაგრამ როდესაც შეამოწმა ტელეფონი, ნახა, რომ არ იყო ჩაწერილი (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი 11:46:45 – 11:48:05). მოწმემ ჩვენების მიცემისას რამდენჯერმე მიუთითა, რომ გ. გამოვიდა ჩხუბის შემდეგ, როდესაც ხმაური გაიგო. მისი მეუღლე - გ. იდგა დახლის მეორე მხარეს და ჩვეულებრივად მუშაობდა. სავარაუდოდ, გ–ს მეუღლეს უნდა დაენახა მომხდარი ფაქტი (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი 12:0020-12:01:05). 2020 წლის 10 თებერვლის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ფრაზაში - „მარკეტში მომხდარ შემთხვევას შეესწრნენ ს. დ–ე, მარკეტის მეპატრონე გ. ბ–ი და მისი მეუღლე“ იგულისხმა მთლიანი ეპიზოდი და არა - მხოლოდ დარტყმის ეპიზოდი (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი 12:16:20-12:16:30).
11. მოწმე ს. დ–ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს ნ. ბ–სთან ერთად წავიდა მაღაზია „...ში“. მაღაზიასთან შეხვდა მეგობარი, რომელსაც გამოელაპარაკა, ხოლო ნ. შევიდა მაღაზიაში. მალე თვითონაც შევიდა მაღაზიაში და გაიგო ჩხუბის ხმა, კერძოდ, მ. ჟ–ი ეჩხუბებოდა ნ–ს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაშლილი ხელი 3-ჯერ დაარტყა მხარში. ს. შუაში ჩაუდგა მათ და გააშველა. ხმაურზე გამოვიდა მაღაზიის მეპატრონე გ. ბ–იც და მოსთხოვა დაწყნარება, თუმცა უშუალოდ დარტყმის დროს გ. ადგილზე არ ყოფილა.
12. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას დაზარალებულ ნ. ბ–სა და მოწმე ს. დ–ს ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, რადგან მოწმეებმა თანხვდენილად მიუთითეს მ. ჟ–ს ძალადობაზე ნ. ბ–ს მიმართ. დაზარალებულმა ნ. ბ–მ დეტალურად მიუთითა, თუ როგორ მიაყენა მ. ჟ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები დაზარალებულის მსგავსად აღწერეს ს. დ–მ და გ. ბ–მ. გ. ბ–მ მოწმეთა მსგავსად, მიუთითა, რომ მაღაზიაში ხმაურის გამო შევიდა, დაინახა, რომ ნ. ბ–ე და მ. ჟ–ი კამათობდნენ, რაზეც მოუწოდა გარეთ ეკამათათ. ის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია.
13. დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება დაზარალებულის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის შესახებ, ვინაიდან ფიზიკური ტკივილი ყოველთვის არ იწვევს ხილულ დაზიანებებს, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ძალადობის შედეგად პირს სხეულზე არ აქვს დაზიანებები, რომელიც შემდგომში ექსპერტიზის დასკვნით შეფასდებოდა არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას, მით უფრო, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას არაერთხელ დაადასტურა ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
14. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მსჯელობა დაზარალებულის ჩვენების არასანდოობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მ. ჟ–ს, დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, არ აქვს წარდგენილი ბრალი მუქარისა და ფსიქოლოგიური ტანჯვისათვის.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გაუზიარებლობის შესახებ, რადგან მას არ ახლავს ფოტოსურათები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერტიმენტის მიმდინარეობისას ფიქსაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების ვალდებულება არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 129-130-ე მუხლებით და 135-ე მუხლის მე-5 ნაწილით. იმავდროულად, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი სუბიექტი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას იყენებს გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერას, საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმში არა მხოლოდ უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები, არამედ ამავე ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალაც უნდა დაერთოს საქმეს. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 11 თებერვლის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოყენებული იქნა ტექნიკური საშუალება - ფოტოაპარატი „ქენონი“. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს უნდა დართვოდა ფოტომასალა, რომლის გადაღებაც მოხდა ექსპერიმენტის ჩატარებისას. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ნ. ბ–სა და ს. დ–საგან მიღებული ჩვენებების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად, დაცვის მხარეს ჰქონდა ნ. ბ–სა და ს. დ–ს სასამართლოში დაკითხვის და დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმის შესაძლებლობა; სასამართლოში დაცვის მხარის მონაწილეობით ასევე დაიკითხნენ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე დანარჩენი პირებიც (გამომძიებლები, ექსპერტი); საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისაგან დამოუკიდებლად) საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება მ. ჟ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მ. ჟ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - მ. ჟ–ს მიერ ნ. ბ–სათვის მხარზე ხელის სამჯერ დარტყმის ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მ. ჟ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ჟ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. ბ–ს საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე