დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.07.2022
საქმის ნომერი
2კ-37-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №37I -22 თბილისი

მ-ე ა-ე, 37I -22 14 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2022 წლის 16 მაისსა და 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ა. მ-ემ და მისმა ადვოკატმა გ. ბ-ემ. მათ მოითხოვეს მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება, კერძოდ: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და ნასამართლობის მოხსნა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ის, – დაბადებულის 19- წელს, – მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელებას, დანიშნული სასჯელისაგან მის გათავისუფლებასა და ნასამართლობის მოხსნას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული გამოცხადდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ საქართველოს საელჩოში და პირადად მიმართა ამნისტიის აქტის გავრცელების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ა. მ-ემ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად) გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა 2004 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ ვინაიდან იგი ძებნილია, იმისათვის, რომ მის მიმართ სასამართლომ გამოიყენოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი ცალსახად და მკაფიოდ ადგენს ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის წესს, კერძოდ, ძებნილ მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

4. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულმა ა. მ-ემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს გენერალური საკონსულოს მეშვეობით პირადადაც მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა მან არ შეასრულა ამნისტიის გავრცელების მეორე პირობა – არ გამოცხადდა სათანადო ხელისუფლების ორგანოში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამნისტიის კანონის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ორგანოში იგულისხმება ის უწყება, რომელიც უფლებამოსილია, მსჯავრდებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებებით უზრუნველყოს ამნისტიის გამოყენების შესაძლებლობა.

5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, ამნისტიის კანონი თავისი არსით წარმოადგენს ჰუმანიზმის პრინციპზე დაფუძნებულ აქტს, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მოცემული კანონის გავრცელების ფარგლებში შესაძლებელი გახდეს სხვა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლა (მათ შორის იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამოცხადება ვერ მიიჩნევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებად.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე