საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.12.2022
საქმის ნომერი
2კ-1081აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1081აპ-22 თბილისი

შ. ზ., 1081აპ-22 16 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. შ-ეს ბრალი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (სამი ეპიზოდი);

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანაში მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2017 წლიდან 2021 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, ფ-ში, თავიანთ ბინაში, ზ. შ-ე, ოჯახური კონფლიქტისას, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებული მისი სტერეოტიპული შეხედულებებით და გულისხმობდა ქალის ქცევების ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ. ტ-ეს, რომელთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა, კერძოდ: აგინებდა და მიმართავდა სალანძღავი სიტყვებით, ხოლო 2021 წლის 18 აპრილს, იმავე ბინაში, მორიგი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ზ. შ-ემ თ. ტ-ეს თმა მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2017 წლიდან 2021 წლის 18 აპრილამდე პერიოდში მიყენებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად - ტანჯვა;

o 2021 წლის აგვისტოში (სამი ეპიზოდი), ფ-ში, თავიანთ ბინაში, ზ. შ-ემ, ოჯახური კონფლიქტისას, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებული მისი სტერეოტიპული შეხედულებებით და გულისხმობდა ქალის ქცევების ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ. ტ-ეს, რომელთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o ზ. შ-ე და თ. ტ-ე 2017 წლიდან 2021 წლის 18 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ზ. შ-ე თანაცხოვრების პერიოდში, გენდერის ნიშნით, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებული მისი სტერეოტიპული შეხედულებებით და გულისხმობდა ქალის ქცევების ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, სისტემატურად, ყოველდღიურად ამცირებდა თ. ტ-ეს, კერძოდ: ულახავდა პატივსა და ღირსებას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ლანძღავდა, აგინებდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა;

o 2021 წლის 20 მარტს, ფ-ში, თავიანთ ბინაში, მორიგი კონფლიქტისას ზ. შ-ემ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა თ. ტ-ეს, კერძოდ: შეაგინა და მიმართა უცენზურო სიტყვებით. პატივისა და ღირსების მორიგი დამცირების გამო თ. ტ-ემ სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ, დალია დამამშვიდებელი წამალი. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად იგი გადაურჩა სიკვდილს.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით ზ. შ-ე, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხ ეპიზოდში) და 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ზ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხ ეპიზოდში) და 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ზ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოთხ ეპიზოდში) და 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. გამართლებული ზ. შ-ე და მისი ადვოკატი მ. ჩ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. შ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, რომელიც განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე