საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.01.2023
საქმის ნომერი
2კ-1184აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003271363

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1184აპ-22 ქ. თბილისი

მ-ე დ, 1184აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ს-ა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ღვთისმსახურებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით და მორწმუნის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 12 ოქტომბერს, შუადღით, ქ. თ-ი, გ-ის გამზირზე მდებარე მეტროსადგურ ,,ღ-ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, იეჰოვას მოწმეები - დ. ჯ-ი და ნ. მ-ე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, კერძოდ: იმყოფებოდნენ სპეციალურად მოწყობილ დაფასთან და დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებს აწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ რელიგიასთან დაკავშირებით. აღნიშნული რელიგიური წესის შესრულებისას, დ. მ-მ, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ნ. მ-ა და დ. ჯ-ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფით, აგრესიული მოწოდებებითა და ქმედებებით, აგრეთვე ამ უკანასკნელის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფით, რაც გამოიხატა მხარში ხელის დარტყმაში, ღვთისმსახურებას უკანონოდ შეუშალა ხელი და შეურაცხყო მორწმუნეთა რელიგიური გრძნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით:

2.1. დ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2.2. დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

2.3. დ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2019 წლის 12 ოქტომბერს, შუადღით, ქ. თ-ი, გ-ის გამზირზე მდებარე მეტროსადგურ ,,ღ-ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, იეჰოვას მოწმეები - დ. ჯ-ი და ნ. მ-ე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, კერძოდ: იმყოფებოდნენ სპეციალურად მოწყობილ დაფასთან და დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებს აწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ რელიგიასთან დაკავშირებით, რა დროსაც დ. მ-მ გვერდით გაიხმო დ. ჯ-ი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:

4.2. დ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

4.3. დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

4.4. დ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

4.5. ამასთან, დაზუსტდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, კერძოდ, მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დროს დ. ჯ-ი და ნ. მ-ე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

5.1. 2019 წლის 12 ოქტომბერს, შუადღით, ქ. თ-ი, გ-ის გამზირზე მდებარე მეტროსადგურ ,,ღ-ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, იეჰოვას მოწმეები - დ. ჯ-ი და ნ. მ-ე იმყოფებოდნენ სპეციალურად მოწყობილ დაფასთან და დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებს აწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ რელიგიასთან დაკავშირებით, რა დროსაც დ. მ-მ გვერდით გაიხმო დ. ჯ-ი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

6. კასატორებმა - მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ს-მ და ნ. თ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და დ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ დ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:

8.1. დაზარალებულ დ. ჯ-ის ჩვენებით, არის იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის წევრი. 2019 წლის 12 ოქტომბერს, ქ. თ-ი, მეტროსადგურ ,,ღ-ან’’ არსებულ სტენდთან, თანამორწმუნე - ნ. მ-ან ერთად ქადაგებდა. მათი მორიგეობის დრო 13:00 საათიდან 14:30 საათამდე იყო, შემდეგ ისინი სხვა თანამორწმუნეებს უნდა შეეცვალათ. ის და ნ. მ-ე რელიგიურ მსახურებას ეწეოდნენ, როდესაც მათ მიუახლოვდა დ. მ-ე და მას გვერდით გაყოლა სთხოვა. ოდნავ მოშორებით დ. მ-მ ჰკითხა, რცხვენოდა თუ არა. მან ლიტერატურა შესთავაზა, აუხსნა როგორი მომავალი ელოდა, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა კვლავ ჰკითხა, მისი მეგობრები, რომლებიც ბერად აღიკვეცნენ, იყვნენ თუ არა გიჟები. შემდეგ შეეკითხა, სუფრასთან სვამდა თუ არა ილია მეორის სადღეგრძელოს, რაზეც აღარ უპასუხა და სტენდთან დაბრუნდა. დ. მ-ე მივიდა სტენდთან და აგრესიულად ესაუბრებოდა. კვლავ უმეორებდა კითხვას, იყო თუ არა ილია მეორე წმინდანი, რის შემდეგაც აგინა და ხელი დაარტყა მხარში. დაზარალებულის განმარტებით, დარტყმის შედეგად მცირე ტკივილი განიცადა. ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ. მ-ე შეესწრო. დ. მ-ის ქმედებების შედეგად მან ღვთისმსახურება შეწყვიტა და სტენდი დროზე ადრე დატოვა. აგრესიის ძირითადი ადრესატი იყო თვითონ. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას შეურაცხყოფა მსჯავრდებულმა რელიგიური მსახურების გამო მიაყენა.

8.2. დაზარალებულმა ნ. მ-მ თავის ჩვენებაში დაადასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ დ. მ-ე ფიზიკურად შეეხო დ. ჯ-ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა მხარზე. ფიზიკური ძალადობის შემდეგ თვითონ ჩაერია საუბარში, რა დროსაც მსჯავრდებულმა მიუთითა, არ ჩარეულიყო მამაკაცების საუბარში. დ. ჯ-ა რამდენჯერმე მოუწოდა დ. მ-ს დამშვიდებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას გამოიძახებდა. დ. მ-მ პატრულის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. დ. ჯ-ა სიტუაციის განმუხტვის მიზნით დატოვა სტენდი, წასვლისას მსჯავრდებულმა შეაგინა დ-ს, ხოლო მას უთხრა, რომ მისი ქმარი ეცოდებოდა და მასაც შეაგინა. ხალხს მიმართავდა, რომ ჩვენ ვიყავით იეჰოველები და ახლოს არ მოსულიყვნენ. დ. ჯ-ის წასვლის შემდეგ ის რ. კ-ე-ბ-მ შეცვალა. მსჯავრდებულმა მათ შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენა, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ.

8.3. მოწმე რ. კ-ე-ბ-ის ჩვენების თანახმად, 1996 წლის 29 აგვისტოდან არის იეჰოვას მოწმე. ნ. მ-ე და დ. ჯ-ი თანამორწმუნეები არიან და იქიდან იცნობს. 2019 წლის 12 ოქტომბერს ,,ღ-ის’’ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვთისმსახურებაში უნდა შეეცვალა დ. ჯ-ი. მოწმის განმარტებით, ზოგადად, ისინი სტენდთან დგანან, რა დროსაც მიდიან მოქალაქეები და იღებენ ლიტერატურას, ამ საქმიანობას ჰქვია ,,სამყაროს შემოქმედის წინაშე მსახურება“. დ-ის შესაცვლელად ცოტა ადრე მივიდა, რის გამოც იქვე არსებულ სკვერში ელოდებოდა თავისი მორიგეობის დაწყებას. მალევე შენიშნა, რომ სტენდთან მხოლოდ ნ. მ-ე იყო, მივიდა მასთან და შეიტყო დ. მ-ა და დ. ჯ-ს შორის მომხდარი უსიამოვნება, მათ შორის ხელის დარტყმის ფაქტი. ნ-ს განმარტებით, დ. მ-მ მას და დ. ჯ-ს ღვთისმსახურების ჩატარებაში ხელი შეუშალა. დ-ს წასვლის შემდეგ მსჯავრდებული მასთან და ნ-ც მივიდა, უსვამდა კითხვებს, მოუწოდა შეეწყვიტა მსგავსი საუბარი და დაეტოვებინა ტერიტორია. ნ. მ-ეს ჰკითხა ცოლად გაჰყვებოდა თუ არა? ანალოგიურ კითხვებს გამვლელებსაც უსვამდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მსჯავრდებულმა ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება არც მას და არც ნ-ს არ მისცა.

8.4. მსჯავრდებულმა დ. მ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია; არც ღვთისმსახურებაში შეუშლია ხელი დაზარალებულთათვის. მხოლოდ უკმაყოფილება გამოხატა, რომ ბროშურებს ურიგებდნენ მოქალაქეებს. შემდეგ პატრიარქზე ჩამოვარდა საუბარი და რამდენიმე კითხვა დასვა. მოგვიანებით პატრული მივიდა და დააკავეს. დ. ჯ-ს ხელით არ შეხებია, არც ქალბატონებისთვის მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

9. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი; ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულების - დ. ჯ-ს, ნ. მ-ის ჩვენებებით, მოწმეების - რ. კ-ე-ბ-ს, ვ. კ-ის, რ. ღ-ა და სხვათა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ. მ-მ დ. ჯ-ს დაარტყა მხარში, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს, დაზარალებულები ცრუობენ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან მიმართებით და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის პოზიცია არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოკლებულია გონივრულ საფუძველს და ემსახურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზანს.

11.1. დაზარალებულების - დ. ჯ-ა და ნ. მ-ის ჩვენებები თანმიმდევრულია და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დ. ჯ-ი და ნ. მ-ე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ დ. მ-ე, როგორც დ. ჯ-ის დაზიანების მიმყენებელ პირზე, რის შესახებაც შემთხვევიდან უმალვე ნ. მ-მ განუცხადა რ. კ-ე-ბ-ს, ხოლო დ. ჯ-ა - საპატრულო პოლიციას. დ. მ-ე თვითონვე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ხალხი ეუბნებოდა, თავი დაენებებინა მათთვის. ნ. მ-მ ფიზიკური კონტაქტის ფაქტი სწორედ იმ ვითარების აღწერით გადმოსცა, როგორც ეს აღწერა დაზარალებულმა დ. ჯ-ა.

12. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე - პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).

15. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე წინაპირობა, რის გამოც არსებითად განსახილველად დასაშვებად იქნებოდა ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რადგან დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასკვნები გამოიტანა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ს-ა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი