საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004186157
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1113აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი ნ, 1113აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ნათია თათიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. მ-ს, - დაბადებულს . წლის .. იანვარს, - ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2010 წლის 10 სექტემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის №498 ბრძანების თანახმად, ნ. მ-ი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის თანამდებობაზე და საჯარო სამართლის შესახებ კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. 2016 წლის 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №079240516003 საქმესთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა დ. მ-ა და შ. გ-ის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შესრულებაც დაევალა ექსპერტ ნ. მ-ს და შესაბამისი საექსპერტო კვლევისათვის გადაეცა სისხლის ნიმუშები. 2016 წლის 30 ივნისს ზემოხსენებული ექსპერტიზის ფარგლებში №008376264 მიმართვის წერილით ექსპერტ ნ. მ-ს დაევალა, შეენახა წარმოდგენილი სისხლის ნიმუშები და სისხლის სამართლის №079240516003 საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის ნებართვის გარეშე არ გაენადგურებინა ისინი. ნ. მ-ა არ შეასრულა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. 2016 წლის დეკემბერში გამომძიებლის გაფრთხილების მიუხედავად, მან გაანადგურა საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები. აღნიშნულის შედეგად სისხლის სამართლის N079240516003 საქმეზე ვერ ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით:
2.1. ნ. მ-ი საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
2.2. გაუქმდა ნ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო და მის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
7. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს ნ. მ-ს გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8. ნ. მ-ის ბრალად წარდგენილი ქმედება - სამსახურებრივი გულგრილობა - გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დგინდებოდეს, რომ კონკრეტული ქმედება შედიოდა პირის სამსახურებრივ მოვალეობაში, რაც მან არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა, ასევე უნდა დგინდებოდეს პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
9. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. უმოქმედობითაა დანაშაული ჩადენილი, როდესაც მოხელე არ ასრულებს მასზე სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, არ იღებს ზომას, რაც უნდა მიეღო თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. მოხელის გულგრილ მოქმედებასთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც იგი არაჯეროვნად ასრულებს სამსახურებრივი მდგომარეობით გათვალისწინებულ საქმიანობას. სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. მოხელის ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) ან ზემდგომი მოხელის ბრძანებით. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა დადგინდეს, თუ მოხელემ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რა არ შეასრულა, ან შეასრულა არაჯეროვნად. სამსახურებრივი გულგრილობა გამოიხატება მხოლოდ გაუფრთხილებლობაში. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ არასასურველ შედეგს თავიდან აიცილებს ან არ ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. შესაბამისად, სამსახურებრივი გულგრილობა შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით.
10. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილება - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების თანახმად: ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა; ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტიზების ჩატარება.
11. საქმის მასალების თანახმად, ნ. მ-ი 2010 წლის 1 სექტემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის N498 ბრძანებით დაინიშა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტად და საჯარო სამართლის შესახებ კანონის თანახმად, იგი იყო საჯარო მოხელე. შესაბამისად, ექსპერტმა ნ. მ-ა იხელმძღვანელა გამომძიებელ ვ. რ-ის 2016 წლის 25 მაისის დადგენილებით, ჩაატარა და 2017 წლის 20 ივნისს გასცა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ,,შ. გ-ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა 1,37% ეთილის სპირტი, ,,დ. მ-ის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი (ხელს აწერს: ექსპერტი ნ. მ-ი), ხოლო ,,შ. გ-ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 1,37% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს (ხელს აწერს: ექსპერტი გ. მ-ი). აღნიშნულ დასკვნას შენიშვნის სახით დაერთო შემდეგი: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების დარჩენილი ოდენობა ინახება ბიუროში, დასკვნის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში; შემდეგ იგი ექვემდებარება განადგურებას, სათანადო წესის შესაბამისად (საფუძველი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანება). (ექსპერტიზის დასკვნა ტექნიკური წესით გადაამოწმეს: გ. მ-ა და მ. ჯ-მ, ხოლო ადმინისტრაციული წესით - პ. თ-ა). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ბიუროს დაუკავშირდა გამომძიებელი და გამოთქვა უკმაყოფილება მიღებული შედეგების თაობაზე, რის გამოც შიდალაბორატორიული გადამოწმების გზით ნ. მ-ს მიერ გაცემული დასკვნა გადაამოწმა სხვა ექსპერტმა - ე. შ-მ (ექსპერტ ნ. მ-ის შვებულებაში ყოფნის პერიოდში) და შედეგი კვლავ უცვლელი დარჩა. ბიოლოგიური ნიმუშების ვადის გასვლის გამო, ნ. მ-ა იხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანებით და 2016 წლის დეკემბერში, ექსპერტიზის გაცემიდან 5-6 თვის შემდგომ, მოახდინა აღნიშნული ნიმუშების უტილიზაცია.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, თუ კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები გააჩნდა ექსპერტს კვლევის ნიმუშის შენახვასთან დაკავშირებით და რომელი მოვალეობა დაარღვია, რამაც გამოიწვია ბრალად წარდგენილი მუხლით ნ. მ-ს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში სამსახურებრივი გულგრილობა არ ჩაუდენია. ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება ან სამართლებრივი აქტი არ წარმოუდგენია. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ვერცერთმა პირმა კატეგორიულად ვერ მიუთითა იმ საკანონმდებლო რეგულაციის არსებობაზე, რაც ნ. მ-ს, როგორც ექსპერტის მხრიდან დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა და მას გამომძიებლის წერილის საფუძველზე დაავალდებულებდა ნივთმტკიცების განუსაზღვრელი ვადით შენახვას ან აუკრძალავდა მის განადგურებას.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანების შესაბამისად, ნ. მ-ი უფლებამოსილი იყო, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ გაენადგურებინა მისთვის შესანახად ჩაბარებული ბიოლოგიური ნიმუშები ალკოჰოლის შემცველობისა და სიმთვრალე - სიფხიზლის ხარისხის დადგენის თაობაზე, მიუხედავად იმისა, გამომძიებელმა წინასწარ გააფრთხილა თუ არა საექსპერტო დაწესებულება ბიოლოგიური ნიმუშების შენახვის შესახებ და ამავდროულად, არსებობდა თუ არა საექსპერტო დაწესებულების ბიუროს ადმინისტრაციის თანხმობა აღნიშნულის თაობაზე.
14. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ექსპერტ ნ. მ-ის მიერ გაცემულ, 2016 წლის 20 ივნისის N... ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას შენიშვნის სახით ერთვოდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების დარჩენილი ოდენობა ინახებოდა ბიუროში, დასკვნის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ექვემდებარებოდა განადგურებას, სათანადო წესების შესაბამისად (საფუძველი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანება). ამდენად, გამოძიებისათვის ცნობილი იყო, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტების დარჩენილი ოდენობა ინახებოდა ბიუროში, ხოლო დასკვნის გაცემიდან 30 დღის განმავლობაში კი დაექვემდებარებოდა განადგურებას, სათანადო წესების შესაბამისად. მიუხედავად 30 დღის თაობაზე შეტყობინებისა, გამომძიებელმა დროულად არ დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა სისხლის ნიმუშებზე და შემოიფარგლა მხოლოდ წერილით ნიმუშების შენახვის თაობაზე, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ გამომძიებელ ვ. რ-ს ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე გაუჩნდა ეჭვი კვლევის შედეგისა და ბიოლოგიური მასალის კუთვნილებისადმი. ნ. მ-ა მისთვის შესანახად მიბარებული ბიოლოგიური ნიმუში გაანადგურა მხოლოდ 6 თვის შემდეგ, რა დროშიც წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით სრული შესაძლებლობა არსებობდა დანიშნულიყო ბიოლოგიური ექსპერტიზა.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნორმატიული აქტებით ასეთი მასალის შენახვის ვადა 30 დღეს არ აღემატება, მათი უტილიზაცია სავსებით გონივრულია და 6 თვის გასვლის შემდეგ დამნიშნავ პირს აღარ უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ საკვლევ მასალას კვლავ შეინახავდნენ. ბრალდების მხარის მოწმეები ვერ საუბრობენ რაიმე მარეგულირებელ ნორმაზე კვლევის ნიმუშის ბრძანებით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი დროით შენახვის ვალდებულებაზე და მიუთითებენ მხოლოდ შიდა პრაქტიკას. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ექსპერტს არ ჰქონდა კანონით, ბრძანებით ან შინაგანაწესით ვალდებულება ბიოლოგიური ნიმუშების განუსაზღვრელი ვადით შენახვის თაობაზე. გამომძიებლის წერილი იმ პერიოდისათვის არ წარმოადგენდა ექსპერტისათვის დოკუმენტს, რომელიც მას ვალდებულს გახდიდა, ბიოლოგიური ნიმუშები შეენახა განუსაზღვრელი ვადით. საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 თებერვლის ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს პროცედურების სახელმძღვანელოთი დადგენილი და გაწერილი იყო შენახვის კონკრეტული წესი, ვადები და ამ ვადების გასვლის შემდგომ ბიოლოგიური ნიმუშის უტილიზაციის სავალდებულობა (ბიოლოგიური საფრთხე).
16. ქმედების საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, განისაზღვროს, მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი მოქმედებდა თუ არა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის - ნათია თათიაშვილის პოზიციისა და მოწმეების - პ. თ-ა და მ. ჯ-ის ჩვენებების უსაფუძვლობას (ნ. მ-ი ვალდებული იყო, გამომძიებლის წერილის საფუძველზე შეენახა ბიოლოგიური მასალა) ადასტურებს 2017 წლის 2 ივნისს, კვლევის ნიმუშის უტილიზაციიდან რამდენიმე თვეში მიღებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს პროცედურების სახელმძღვანელო, რომელშიც მხოლოდ აღნიშნული ფაქტის შემდგომ მიეთითა, რომ ,,დამნიშნავის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში (ასევე სხვა საჭიროების შემთხვევაში) ბიოლოგიური ნიმუში ინახება მოთხოვნის შესაბამისი დროით და მასზე კეთდება მინიშნება - ,,არ განადგურდეს მოთხოვნამდე!!!“ ასეთი ნიმუში თავსდება ექსპერტის მიერ გამოყოფილ ადგილზე, მაცივარში. თუ რამე მიზეზის გამო, ამ წესების დარღვევით, ნივთმტკიცება დაზიანდება, დაიკარგება ან განადგურდება, პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წინაშე დაეკისრება ექსპერტს, მხოლოდ ექსპერტია პასუხისმგებელი ნივთმტკიცებაზე, აღნიშნულის შესახებ ექსპერტები გაფრთხილებული არიან, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ ყოველ დასკვნაში,“, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 თებერვლის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს პროცედურების სახელმძღვანელოში, რომლითაც ხელმძღვანელობდა ნ. მ-ი, მითითებული იყო მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 დეკემბრის N317/ნ ბრძანების შესაბამისი ვადა - 30 დღე.
18. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. მ-ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევას გამოიწვია.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის თანახმად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ნათია თათიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი