საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.12.2022
საქმის ნომერი
2კ-919აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003317286

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№919აპ-22 ქ. თბილისი

ჯ–ე მ., 919აპ-22 15 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენზე ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და მ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, ასევე - კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, ხულიგნობაში მ. ჯ–სის მსჯავრდებისას გაითვალისწინა მოწმეების - ა. მ–ს, ზ. ღ–ს, რ. თ–ს, ნ. ქ–ს, ს. მ–ს, მ. ს–სა და ე. ს–ს ჩვენებები, თუმცა, მეორე მხრივ, მხედველობაში არ მიიღო იმავე მოწმეების განმარტებები, რომ მ. ჯ–სე დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას სჩადიოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და გასროლილი მასრა, ასევე - არ არის დადგენილი ტყვიით დაზიანების კვალი, ვერ გამორიცხავს მ. ჯ–სის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენას, მითუფრო, როდესაც გამოძიება დაიწყო დანაშაულის ჩადენიდან ხანგრძლივი დროის შემდეგ, რამაც შეუძლებელი გახადა ცეცხლსასროლი იარაღის, მასრის ან ნატყვიარის მოძიება.

2. მსჯავრდებულ მ. ჯ–სის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი და დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ. ჯ–ს ქმედებაში მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ჯ–ს ბრალად დაედო ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2017 წლის ნოემბერში, შუადღის საათებში, ნასვამი მ. ჯ–სე მივიდა ქ. თ–ში, ჭ–ს ქ. №..-ში მდებარე, შპს „.......ის“ კუთვნილი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. ეზოში შესვლისთანავე მან დაიწყო უმისამართო გინება და უცენზურო სიტყვების ძახილითა და ყვირილით აშკარა უპატივცემულობა გამოხატა იქ მყოფი, მშენებლობაზე დასაქმებული - ე. ს–ს, კ. გ–ს, მ. ს–სა და სხვა, დაახლოებით 5-6 პირის მიმართ. აღნიშნულის შემდეგ მ. ჯ–სე გაემართა მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული ოფისისკენ, სადაც იმყოფებოდნენ შპს „........ის“ ხელმძღვანელები - ა. მ–ე და ზ. ღ–ი. შესვლისთანავე მან უმიზეზოდ, აგრესიულად, ძალის დემონსტრირებით განაგრძო უმისამართო გინება, მაგიდაზე მუშტების რტყმა და მშენებლობიდან მისთვის გაურკვეველი წილის გადაცემის მოთხოვნა. ყვირილსა და ჩხუბზე ოფისში შევიდნენ - რ. თ–ა და ს. მ–ე, რომლებიც შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვასა და მ. ჯ–სის დამშვიდებას, რაზეც იგი გახდა უფრო აგრესიული და განაგრძო ოფისში მყოფი ყველა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაახლოებით 3-4 წუთს გაგრძელდა. აღნიშნულის შემდეგ მ. ჯ–ე გავიდა მშენებარე კორპუსის ეზოში, სადაც გინებისა და ყვირილის ხმაზე მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა შეწყვიტეს მუშაობა, რომლებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამცირა ისინი და გინებით განაგრძო გზა ობიექტის გასასვლელისკენ. მ. ჯ–სე მალევე დაბრუნდა შეიარაღებული, სავარაუდოდ - „ვინჩესტერის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ძალის დემონსტრირებით, უმისამართოდ უშვერდა ეზოში მყოფ პირებს, ასევე - ძალადობის მუქარით განაგრძობდა მათ დამცირებას, უწოდებდა - მონებს, უგულებელყოფდა მშენებარე ობიექტის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის აღშფოთებას, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში გინებითა და ყვირილით დადიოდა ობიექტის ეზოში, სადაც ასევე - ძალის დემონსტრირების მიზნით, იარაღიდან გაისროლა სამშენებლო მასალებისკენ და გინებით დატოვა ობიექტის ტერიტორია. მ. ჯ–ს ქმედების გამო სამშენებლო ობიექტზე შეწყდა სამუშაო პროცესი, რაც შემთხვევის დღეს აღარ გაგრძელებულა, ასევე - სიმშვიდე და სიმყუდროვე დაერღვა გარშემო მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს.

4. მ. ჯ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენით მ. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისათვის ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ–მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

6.1. 2017 წლის ნოემბერში, შუადღის საათებში, მ. ჯ–სე მივიდა ქ. თ–ში, ჭ–ს ქ. №..-ში მდებარე, შპს „.......ის“ კუთვნილი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე და კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ოფისში შესვლისთანავე, სადაც იმყოფებოდნენ შპს „......ის“ ხელმძღვანელები - ა. მ–ე და ზ. ღ–ი, უმიზეზოდ, აგრესიულად, ძალის დემონსტრირებით უმისამართოდ დაიწყო გინება და ითხოვდა მშენებლობიდან გაურკვეველი წილის გადაცემას. ყვირილსა და ჩხუბზე ოფისში შევიდნენ - რ. თ–ა და ს. მ–ე, რომლებიც შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვასა და მ. ჯ–სის დამშვიდებას, რაზეც იგი გახდა უფრო აგრესიული და განაგრძო ოფისში მყოფი ყველა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ მ. ჯ–ე გავიდა მშენებარე კორპუსის ეზოში, სადაც მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რომლებმაც გინებისა და ყვირილის ხმაზე შეწყვიტეს მუშაობა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყვირილით განაგრძო სვლა მშენებარე ობიექტის ეზოში, უგულებელყო მშენებლობის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის აღშფოთება და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მ. ჯ–ს ქმედების გამო სამშენებლო ობიექტზე შეწყდა სამუშაო პროცესი, რაც შემთხვევის დღეს აღარ გაგრძელებულა, ასევე - სიმშვიდე და სიმყუდროვე დაერღვა გარშემო მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარიკა გოგოხიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ მ. ჯ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება; მ. ჯ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისათვის იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა მ. ჯ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მ. ჯ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - ა. მ–ს, ზ. ღ–ს, რ. თ–ს, ნ. ქ–ს, ს. მ–ს, მ. ს–სა და ე. ს–ს ჩვენებებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

13. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ - დანაშაულის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ბრალდების მხარის მოწმეები ცალსახად ადასტურებენ, რომ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ჩადენისას მ. ჯ–ს თან ჰქონდა ,,ვინჩესტერის“ მოდელის იარაღი, რომლითაც შემთხვევის ადგილზე გაისროლა, ხაზგასასმელია, რომ გამოძიების პროცესში არც დანაშაულის შესაძლო იარაღი, არც იარაღიდან გასროლილი მასრა და არც გასროლის შედეგად დატოვებული დაზიანების კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა, შესაბამისად, სადავოდ გამხდარი საკითხის სამართლებრივად სწორად გადასაწყვეტად და იმის უტყუარად დასადგენად, ზემოაღნიშნული იარაღი მიეკუთვნებოდა თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის იმის სარწმუნოდ მტკიცებას, რომ მ. ჯ–სე ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სჩადიოდა დანაშაულს, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალდების მხარე მას ედავებოდა და მატერიალურ საფუძველს აცლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებას.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - ბრალდების მხარის მითითებას, რომ მ. ჯ–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ჩადენიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც მისი შესაძლო ბრალეულობა სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, რისი მხედველობაში მიღებითაც, პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ესოდენ დაგვიანებით ჩატარებამ გაართულა დანაშაულის შესაძლო იარაღის ან/და დანაშაულის შედეგად დატოვებული შესაძლო კვალის აღმოჩენა და ამოღება, რამაც, რა თქმა უნდა, დიდწილად შეუშალა ხელი გამოძიების სრულყოფილად ჩატარებასა და მტკიცების საგანთან დაკავშირებული სამხილების ყოველმხრივ შეგროვებას, მაგრამ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს: გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე