საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.03.2023
საქმის ნომერი
2კ-1274აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100122005561719

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1274აპ-22 14 მარტი, 2023 წელი

თ–ე გ., №1274აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კეზევაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენით გ. თ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. თ–მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 30 იანვარს, გ. თ–მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღური თავდასხმით დაუფლებოდა სხვის მოძრავ ქონებას. აღნიშნული განზრახვით, იმავე დღეს, დაახლოებით 19:35 საათზე, გ. თ–ე მივიდა ქალაქ ქ–ში, ........ას გამზირი, .... შესახვევი №...-ში მდებარე სს „გ–ს“ აფთიაქ „....–ში“, სადაც თანნაქონი ხმოვანი პისტოლეტით ყაჩაღურად თავს დაესხა აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტებს - ს. ლ–სა და მ. გ–ს, რა დროსაც ხმოვანი პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა და ძალადობითა და ძალადობის მუქარით მოსთხოვა მათ სალაროში არსებული თანხის გადაცემა. ს. ლ–მ გაუწია წინააღმდეგობა, რაც გ. თ–მ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაძლია და აფთიაქის სალაროდან აშკარად დაეუფლა სს „გ–ს“ აფთიაქ „..........ს“ კუთვნილ ფულად თანხას 336,9 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. თ–მ და ადვოკატმა ნ. ჩ–მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ. თ–სათვის სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, გ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

2.2. 2022 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კეზევაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

2.3. 2022 წლის 31 ოქტომბერს ადვოკატმა ნ. ჩ–მა პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის პოზიციით, გ. თ–სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სასჯელის შემსუბუქების საფუძველი გახდა, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსთვისაც, რომელმაც სრულიად სამართლაიანად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის უკანონობაზე მსჯელობისას კასატორს აწევს ტვირთი, დაასაბუთოს, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ პასუხობს სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნას და გამოკვეთოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლის წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ კრიტერიუმს, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად აქცევდა ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას.

4.3. იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ გ. თ–ე არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

4.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით განხორციელდება სასჯელის მიზნები, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში მის სათანადო ქცევაზე ზედამხედველობით გრძელდება ზემოქმედება ისეთი მიზნების განსახორციელებლად, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4.5. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში გ. თ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ პასუხობს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნებს და არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის N1228აპ-22 განაჩენს. განსახილველ შემთხვევაში გ. თ–ე მსჯავრდებულია ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით ყაჩაღობის ჩადენისთვის. ხმოვანი იარაღი ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს იარაღთს, შესაბამისად აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დამძიმების საფუძველს. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდების მხარე ითხოვს არა ზოგადად სასჯელის დამძიმებას არამედ გ. თ–სთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულს დაუმძიმოს სასჯელი პროკურორის სათანადო მოთხოვნის არარსებობის გამო. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ N1228აპ-22 საქმეზე მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პროკურორი ითხოვდა მსჯავრდებულისთვის შეფარსებული სასჯელის დამძიმებას და არ აკონკრეტებდა სასჯელის კონკრეტულ სახესა და ოდეობას.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კეზევაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე