შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.06.2023
საქმის ნომერი
2კ-201აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100122006316644

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №201აპ-23 19 ივნისი, 2023 წელი

ჯ-ი ო, №201აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ხატია გოგრიჭიანის

მსჯავრდებულ - ო.ჯ-ის

ადვოკატ - მ. ბ–ის

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ო.ჯ-ი (პირადი ნომერი: 1...) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 2 ივნისს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №1---- ბრძანება შპს „ო-ს“ (ს/ნ 4--------) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ. შესამოწმებელი პერიოდი - 2021 წლის 29 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისი. შპს „ო.“ დარეგისტრირდა 2021 წლის 29 იანვარს. საქმიანობის სფერო - შავი და ფერადი ლითონების ჩაბარება და რეალიზაცია. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელია ო. ჯ-ი. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით 2021 წლის 12 ივლისის №0---- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს „ო-–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 167705 ლარი, მათ შორის ძირითადი - 109148 ლარი და ჯარიმა - 54835 ლარი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი 2021 წლის 13 ივლისს გაეცნო RS.GE-ზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, თუმცა შპს „ო--ს“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას გაეცნო ელექტრონულად 2022 წლის 12 მაისს. საწარმოს მოთხოვნა სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და მასთან არც საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ო. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ჯ-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 15 თებერვალს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 24 თებერვალს მსჯავრდებულ ო.ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ.მა წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ო. ჯ-ისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ვინაიდან მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 109000 ლარზე მეტს, რაც ბევრად აღემატება ო. ჯ-ისთვის სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმას - 10000 ლარს. გარდა ამისა, მიყენებული ზიანი დღეის მდგომარეობით ანაზღაურებული არ არის.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

5.3. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5.4. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.5. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

5.7. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მკურნალობას გადის თურქეთის რესპუბლიკაში, გარდა ამისა, მან დაიწყო მიყენებული ზიანის ანაზღაურება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 10000 ლარის სახელმწიფო ხაზინაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი). ყოველი ზემოაღნიშნულისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ო. ჯ.ისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენასთან ერთად ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციაა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ო. ჯ-ისთვის განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 10000 ლარი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ო. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 30000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.8. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ზიანის აუნაზღაურებლობის შესახებ აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის N223აპ-21 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: ,,ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება“. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ო. ჯ–ს სრულად ანაზღაურებული არ აქვს მიყენებული ზიანი საფუძვლად ვერ დაედება მისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის16 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ო.ჯ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 30 000 ლარი.

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე