საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.06.2023
საქმის ნომერი
2კ-361აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002678310

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№361აპ-23 ქ. თბილისი

კ–ი ვ., 361აპ-23 6 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ვ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; პროკურორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ვ. კ–ს ქმედებას არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა; დაცვის მხარემ საქმის სააპელაციო განხილვისას წარმოადგინა ექსპერტ გ. დ–სის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ახალი მტკიცებულების დაშვების წინაპირობა, არამარტო დაუშვა, არამედ - გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ვ. კ–ს არადამაჯერებელ ჩვენებასთან ერთობლივად, საფუძვლად დაუდო გამამართლებელ განაჩენს; სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდების მხარეს ვ. კ–ს ბრალეულობის არაგონივრული სტანდარტით მტკიცების ტვირთი დააკისრა, რამეთუ წარმოდგენილი სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდებოდა ვ. კ–ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

2. გამართლებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. გ–აა საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. კ–ს ბრალად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ..........ის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, ქ. თ–ს მხრიდან ქ.მ–ს მიმართულებით მოძრაობდა „კამაზის“ მარკის ავტომობილი (......ი ნომრით ......., ........), რომელსაც მართავდა ვ. კ–სი, რომელმაც გზაზე მსვლელობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და გასწრების მანევრის კანონდარღვევით შესრულებისას, შეეჯახა მის წინ, გზის გვერდულზე მოძრავ „JOHN DEERE-ის“ მარკის ტრაქტორს (სახელმწიფო ნომრით ..........), რომელსაც მართავდა ნ. გ–იი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ნ. გ–იის მგზავრი - შ. ბ. ს. კ–ი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

4. ვ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ვ. კ–ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ჩამოერთვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 3 წლით.

6. ვ. კ–სი დააკავეს და სასჯელი აეთვალა - 2021 წლის 8 დეკემბრიდან.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი გაუქმდა და ვ. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დაადასტურა ვ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, ბრალდების მხარისათვის ვ. კ–ს ბრალეულობის არაგონივრული სტანდარტით მტკიცების ტვირთის დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით გამოკვეთილი ეჭვები, რომლებიც უკავშირდებოდა - უშუალოდ ავარიის გამომწვევ მიზეზებს, შეჯახების კონკრეტულ ადგილს, მასში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების ტრაექტორიასა და მისაბმელის მიმართულებას, რომლებიც არ დადასტურებულა კანონით დადგენილი წესით, in dubio pro reo-პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა ვ. კ–ს სასარგებლოდ.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, რამეთუ ცხელ კვალზე არ გამოკითხულან სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იყვნენ; უყურადღებოდ დარჩა გუთანი, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ტრაქტორისგან იყო მოგლეჯილი; ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში ექსპერტებს არ დაესვათ ის შეკითხვები, რომლებიც უშუალოდ მტკიცების საგანს უკავშირდებოდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმხილება სწორედ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ტრაქტორის მძღოლი, რომლის ბრალეულობის გამორკვევა სცდება სასამართლოს კვლევის საგანს, არ არსებობს ვ. კ–ს ბრალეულობის მტკიცების უპირობო საფუძველი და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების რაიმე წინაპირობა.

14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი