საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006310650
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №491აპ-23 ქ. თბილისი
მ.გ. 491აპ-23 2 აგვისტო, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, ც–ს მე-.. ჩიხი N..-ში, გ. მ–სმა, არასრულწლოვანი შვილის - მ. ე–ს თანდასწრებით, მეუღლეს - ლ. მ–ს, გენდერული სტერეოტიპების გამო - თითქოსდა ლ. მ–ი რაღაცას უმალავდა, ეკამათებოდა, რისი უფლებაც ქალს არ ჰქონდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, შემდეგ კი ყელზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
2.2. 2022 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ–ში, ც–ს მე-.. ჩიხი N..-ში, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად, გ. მ–ი მეუღლეს - ლ. მ–ს, გენდერული სტერეოტიპების გამო - თითქოსდა ლ. მ–ი რაღაცას უმალავდა, ეკამათებოდა, რისი უფლებაც ქალს არ ჰქონდა, ხელკეტის დემონსტრირებითა და მოქნევით დაემუქრა ცემითა და მოკვლით, რაც მისი წარსულიდან და იმწუთიერი ქმედებებიდან გამომდინარე, ლ. მ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
3.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2023 წლის 6 თებერვლიდან. გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. ხ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გ. მ–სათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. თ–მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ. მ–სის გამართლება.
6.1. 2023 წლის 12 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. თ–მა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვის დაჩქარება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს გ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები(მათ შორის, დაზარალებულ: ლ. მ–ს, მოწმეების: თ. ს–ს, მ. ე–ს, ო. მ–ს, გ. გ–ს, მ. გ–ს ჩვენებები, 2022 წლის 8 სექტემბრის ამოღების ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ლ. მ–სა და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების: თ. ს–ს (გ. მ–ს მამიდა) და მ. ე–ს(მსჯავრდებულ გ. მ–ს შვილი) ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულების შეფასების სტანდარტებს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულმა და მოწმეებმა თანხვდენილად განმარტეს, მსჯავრდებულ გ. მ–ს მიერ ლ. მ–ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები. დაზარალებულმა ლ. მ–სმა გამოკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ გ. მ–მა 2022 წლის 5 სექტემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე ხელის ძლიერი შეხებით ააწევინა ნიკაპი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, მოგვიანებით გ. მ–სი „ბიტით“ ხელში ემუქრებოდა „ნახე ახლა რას გიზამ“, რა დროსაც „ბიტა“ რამდენჯერმე დაარტყა ღობეს, შეშინებულმა დაურეკა დედას - ო. მ–ს და სთხოვა გამოეძახა პოლიცია; როგორც კი დედას გაუთიშა ტელეფონი გ. მ–სი მივიდა მასთან „ბიტა“ მომარჯვებული და უთხრა: „თუ არ გამომყვები ამ ბიტით გცემ“, მას ძალიან შეეშინდა მსჯავრდებულს არ ეცემა „ბიტით“; გ. მ–სი იგინებოდა და მისი მისამართით მოიქნია „ბიტა“, რომელიც არ მოხვედრია, მაგრამ გ. მ–სი მივარდა, მარცხენა ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე, ხოლო მარჯვენა ხელით „ბიტა“ მიუტანა სახესთან და დაემუქრა „ამ ბიტით მიგასიკვდილებ“. მას ძალიან ეტკინა ხელის მოჭერა და ასევე შეეშინდა მართლა არ მოეკლა, რის გამოც სთხოვდა გაეშვა ხელი. დაზარალებულის განმარტებით მსჯავრდებულ გ. მ–ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარას შეესწრნენ მსჯავრდებულის მამიდა - თ. ს–ი და მათი ქალიშვილი - მ. ე–ი.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ლ. მ–ს მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები იდენტურად დაადასტურეს როგორც თ. ს–მა, ასევე მ. ე–მა. მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ გ. მ–ი იყო ძალიან გაბრაზებული და არ წყნარდებოდა, მათაც ძალიან შეეშინდათ. თ. ს–ი აქტიურად ცდილობდა ლ. მ–სათვის მოეშორებინა გ. მ–ი, რომელიც მას აყენებდა როგორც სიტყვიერ ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ააწევინა ნიკაპი, შემდეგ მოუქნია „ბიტა“, ხელი მოუჭირა ყელზე და თან უყვიროდა და ემუქრებოდა, მათ გაშველებას ცდილობდა ასევე ლ. მ–სა და გ. მ–ის ქალიშვილი - მ. ე–ი, რომელიც თავადაც ძალიან შეშინებული იყო განვითარებული მოვლენებით და ტიროდა, ყვიროდა, ცდილობდა მამის ხელი დაეჭირა. თ. ს–მა მოახერხა და გ–ს წაართვა „ბიტა“, შემდეგ კი მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გ. მ–სი დააკავეს.
12. 2022 წლის 8 სექტემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ თ. ს–საგან ამოიღეს ხის ჯოხი, ე.წ. „ბიტა“, რომელიც ეკუთვნოდა გ. მ–ს და სწორედ ამ ნივთის გამოყენებით, გ. მ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ლ. მ–ს.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ ლ. მ–ს დედის - ო. მ–ს გამოკითხვის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ შეშინებულმა დაზარალებულმა დაურეკა დედას და სთხოვა პოლიციის გამოძახება, მას იმდენად შეშინებული ხმა ჰქონდა, რომ ო. მ–მა მაშინვე დარეკა პოლიციაში, შემდეგ კი ტაქსი გააჩერა და შვილის სახლისკენ გაემართა.
14. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ. მ–ს მიმართ 2022 წლის სექტემბრისა და დეკემბრის ეპიზოდების ცალკ-ცალკე სისხლის სამართლის საქმეებად წარმოებით გ. მ–ს უფლებების დარღვევის შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება გამოძიების სტადიაზე ხდება პროკურორის დადგენილებით და გამოძიების ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება წარმოადგენს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ხოლო სასამართლოში – მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. ამასთან, საქმის სასამართლოში განხილვისას მხარეების მიერ შუამდგომლობის დაყენება საქმეთა გაერთიანების შესახებ და მის დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
15. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარება კასატორის მოთხოვნას გ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. მეორე მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება (მათ შორის პირდაპირი ხასიათის მამხილებელი მტკიცებულებები); ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და ეჭვი არ გამოუთქვამს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი, მათ შორის საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებების დასაშვეობის, უტყუარობის, რელევანტურობის თუ საკმარისობის შესახებ; სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვდა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გ. მ–ს მიმართ ჩადენილია დანაშაული, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ასევე ირელევანტურია დაცვის მხარის მითითება იმაზე თუ რა ნივთები გადასცა დაზარალებულმა ლ. მ–მა შვილს შესანახად, რადგან აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულ გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის საკითხზე.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე