საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002792752
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №514აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი ა., 514აპ-23 13 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. მ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ: ა. მ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას; საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემას და ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვას საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და იგი ემყარება მხოლოდ დაინტერესებული პირის - დაზარალებულ ა. ს–ს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს; ა. მ–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რა დროსაც იგი თავს იცავდა რ. უ–სა და ა. ს–ს თავდასხმისგან. რ. უ–ს ხელში ეჭირა დანა და ცდილობდა მსჯავრდებულის დაჭრას. ა. მ–მა მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დანის წართმევა. დანის წართმევისას მსჯავრდებული დაიჭრა ხელში. გარდა ამისა, ა. მ–სს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის: თხემ-კეფისა და გულმკერდის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ა. მ–ს მიმართ გაცემული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნაზე, რომლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიღებითაც, ასკვნის, რომ ა. მ–ს სულიერი მდგომარეობა ვერ იქნებოდა სტაბილური, რაც გამოიწვევდა უკონტროლო, დესტრუქციულ მოქმედებას, ამდენად, მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა რ. უ–ს მკვლელობის განზრახვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით ა. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით.
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ–ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა აკად. .......ის სახელობის ................ის ეროვნულ ცენტრში (.........) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
მსჯავრდებულ ა. მ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ–ში, ........ის ქუჩა ..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. მ–სმა დანის გამოყენებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რ. უ–ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის თანმხლებ პირს, ა. ს–ს იმავე დანით, ასევე მოკვლის განზრახვით, მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე შემავალი ჭრილობა.
ა. მ–ს მიერ მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად, რ. უ–ი გარდაიცვალა, ხოლო ა. ს–მ გაქცევით უშველა თავს, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე „.........ას სახელობის ....... ჰოსპიტალში“, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და მისი სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. გ–მ, ს. ჩ–მ და ა. ა–მა. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს ა. მ–სის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. მ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არსებობს დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
9. კასატორების პოზიციას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. ს–სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის მაია ხოსიაურის ჩვენებებით, მოწმეების: თ. ა–ს, თ. ო–ს, ზ. ზ–ს, ი. ჯ–ს, ი. ს–ს, თ. კ–სა და სხვათა ჩვენებებით, ა. მ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, რ. უ–ს გვამის დათვალიერების 2018 წლის 16 ნოემბრის ოქმით, რ. უ–ს სამედიცინო ექსპერტიზის №............ დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, დაზარალებულ ა. ს–ს ტანსაცმლის ამოღების 2018 წლის 16 ნოემბრის ოქმით, თ. კ–ს მობილური ტელეფონის დათვალიერებისა და ამოღების 2018 წლის 17 ნოემბრის ოქმებით, ნიმუშების აღების ოქმებით, ა. მ–სგან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამოღების 2018 წლის 17 ნოემბრის ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების ოქმებით, ა. ს–ს სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, კომპიუტერული ექსპერტიზის №....... დასკვნით, ს.ს. „ს–დან" გამოთხოვილი ინფორმაციით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.......... დასკვნით, ა. მ–სის მიმართ გაცემული სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტების ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება, რომ ა. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულმა ა. მ–მა დაზარალებულებს დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დეტალურად შეაფასეს და განიხილეს აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და სავსებით სწორად მიიჩნიეს, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. დაზარალებულ ა. ს–ს ჩვენება, რომელიც მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი და, ამასთან, მონაწილე პირია, სრულად შეესაბამება სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობაც, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.
11. რაც შეეხება ა. მ–ს მიმართ გაცემულ სტაციონარულ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნას, მითითებული ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტების ჩვენებებით, რომელთა სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, ცალსახად დადგენილია, რომ ა. მ–ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა. მ–ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ ა. მ–სი შერაცხადი იყო დანაშაულის ჩადენის მომენტში (ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი).
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შესახებ, ვინაიდან საკითხი არ ეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას, რა დროსაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებელია, მიზანშეწონილად მიეჩნია აღნიშნული მოთხოვნა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორების პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი