საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.10.2023
საქმის ნომერი
2კ-366აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003340083

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №366აპ-23 ქ. თბილისი

დ. ლ. 366აპ-23 9 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. დ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით და მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ნ. ფ–ს მისი მეუღლე ლ. დ–ს თანაცხოვრების პერიოდში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გენდერული ნიშნით, კერძოდ, ლ. დ–ა ნ. ფ–ს აიძულებდა მოეთმინა მისი საყვარელთან ურთიერთობის ფაქტი, მიიჩნევდა, რომ მსგავსი ამორალური კავშირები დასაშვები იყო მამაკაცისთვის და ქალი ვალდებული იყო აეტანა ამგვარი ურთიერთობები მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ქალი. ნ. ფ–ს არ ჰქონდა პროტესტის გამოხატვის და ამით ,,ოჯახის შერცხვენის“ უფლება. საკუთარი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებისთვის გაწეული წინააღმდეგობისა და მუდმივი უთანხმოების გამო ნ. ფ–ს მეუღლე (ლ. დ–სა) წლების განმავლობაში ეპყრობოდა სასტიკად, რაც გამოიხატებოდა მის მიმართ სისტემატიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. ლ. დ–ს ქმედებებით გამოწვეული მორალური ტანჯვის გამო ნ. ფ–მ გამოძიებით დაუდგენელ სხვადასხვა დროს ორჯერ ვენების დასერვით, ხოლო ერთხელ – ბუნებრივი აირით გაგუდვის ხერხით სცადა თვითმკვლელობა, რაც ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

2.1. 2019 წლის 24 აგვისტოს, დაუდგენელ დროს, ქ. რ–ში, დ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ლ. დ–მ ნ. ფ–ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინა, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ფიზიკურად იძალადა მასზე, რა დროსაც მიაყენა მრავლობითი, სისხლმდენი დაზიანებები სახესა და სხეულის არეში, ასევე ჩაამსხვრია კარადის მინები და ჭურჭელი, ლ. დ–სგან მიყენებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განცდილი ტანჯვის გამო ნ. ფ–მ იმავე დღეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო თავი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ლ. დ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ლ. დ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა ლ. დ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი ლ. დ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს ლ. დ–ს ბრალად წარდგენილი დანაშაულის – საქართველოს სსკ-ის) 111, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – ჩადენაში დამნაშავედ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ლ. დ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. დ–ს გამართლება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ლ. დ–ს ედავება ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანას, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით და მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით. იმავდროულად, ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს: მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლითაც დადგენილია ლ. დ–სა და დაზარალებულ ნ. ფ–ს შორის შეურაცხმყოფელი დიალოგი, ასევე მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნებზე.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ლ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. დ–ს მიერ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანას მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით და მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება 2019 წლის 24 აგვისტოს ლ. დ–სა და ნ. ფ–ს შორის კონფლიქტი, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დადგინდა, რომ ლ. დ–ს ჰქონდა ნ. ფ–ის თვითმკვლელობამდე მიყვანის განზრახვა ან/და მის მიერ ნ. ფ–ს მიმართ განხორციელებულმა ქმედებამ მიაღწია სისასტიკის იმ ზღვარს, რომელმაც ნ. ფ–ს გადააწყვეტინა ჩაედინა თვითმკვლელობა. შესაბამისად, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი; საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი