საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№702აპ-23 თბილისი
მ-ი ს., 702აპ-23 5 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს. მ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, №- კორპუსში მდებარე ს. მ-ის ოჯახის №- საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ რომ მისთვის სექსუალური ხასიათის ქმედებებზე უარი არ უნდა ეთქვა ქალს, ალკოჰოლით მთვრალმა ს. მ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ არასრულწლოვან ე. ჯ-ზე, კერძოდ, ორივე ხელით თმით ითრია და სხეულის სხვადასხვა ადგილას ურტყამდა ხელებსა და ფეხებს. ს. მ-ის ასეთი ქმედებით ე. ჯ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ს. მ-ი, – - ნასამართლობის არმქონე – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
· 2021 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში, №- კორპუსში მდებარე ს. მ-ის ოჯახის №- საცხოვრებელ ბინაში, ს. მ-სა და ე. ჯ-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომლის დროსაც ე. ჯ-მა მაგიდიდან აიღო დანა, მეორე ხელით კი ურტყამდა ს. მ-ს, რა დროსაც ს. მ-მა მაგიდა ააყირავა. ორივე ძირს დაეცა, რის შემდეგაც ე. ჯ-ი აგრძელებდა ბრალდებულის მისამართით დანის ქნევას. ს. მ-ი ცდილობდა მისთვის დანის გამორთმევას და დაუჭირა ხელი, თუმცა ე. ჯ-ი დანას არ აგდებდა, რის გამოც ს. მ-მა თმა მოქაჩა. ე. ჯ-მა დანას ხელი მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გიორგი მექვაბიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმებას, ს. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №151აპ-17, №393აპ-18).
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა ს. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
9.1. დაზარალებულმა ე. ჯ-მა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგრძნო თმაზე ს-ს შეხება, რაც არ იყო საგანგაშო; გინებასთან დაკავშირებით მათ მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც საკმაოდ ნასვამმა ს. მ-მა მაგიდა ამოაყირავა, ხოლო თვითონ მოასწრო დანის აღება; ს. ზემოდან დააჯდა დანას და ართმევდა, რათა მას დაზიანება არ მიეღო; დაცემისას არაფერი სტკენია; ნამსხვრევებისაგან ხელებიდან სისხლი სდიოდა; დანით რა გააკეთა, არ იცის, მგონი, ს-ს მიაყენა ჭრილობა; ს. მ-ის მხრიდან უფრო მოქაჩვა იყო, ვიდრე – დარტყმა; როცა ს-ომ თმა მოქაჩა, მაშინ ეტკინა, ამ დროს დანა ხელში ეჭირა; სხვა დროს არ სტკენია; ე-ს ს-ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
9.2. მოწმე ა. ჩ-ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტები და განმარტა, რომ თმაზე ხელით შეხებას არ შესწრებია, არც თმის მოქაჩვა და თმა უნახავს; ს-ომ მაგიდა ამოაყირავა და ე-ეს ხელი ჰკრა, ხოლო ე-ემ დანა აიღო, თუმცა რა მომენტში აიღო ან დააგდო, არ უნახავს; ე-ეს დაზიანება არ ჰქონდა, ს-ს კი ლოყაზე ჰქონდა გასმული; ე. აგინებდა ს-ს, რადგან უნდოდა, რომ მას წაეყვანა, ს. კი ეუბნებოდა, რომ ნასვამი არ ჯდებოდა საჭესთან.
9.3. მოწმე ქ. დ-ის ჩვენებით, სიტყვიერი კონფლიქტის დროს, როდესაც ს. მ-მა შეაგინა, ე. ჯ-მა ერთი ხელით დანა აიღო, მეორეს კი ს-ს სახეში ურტყამდა; ს-მ დანის პირს მოჰკიდა ხელი; მას უნდოდა მაგიდის გულმკერდზე მიდება, მაგრამ ნესვის ქერქზე ფეხი დაუსხლტათ და ს. და ე. წაიქცნენ; ს. ცდილობდა დანის გამორთმევას, ხელს რომ აშვებინებდა, დაქაჩა თმა ე-ს და ხელი გააშვებინა; დანის წართმევის შემდეგ ფიზიკური კონტაქტი არ გაგრძელებულა; სხვა მოქმედება ს-ს მხრიდან არ ახსოვს; მას ჰქონდა ნაფხაჭნები და სისხლი ხელზე.
9.4. მოწმე თ. მ-ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ს-თან სახლში ასულმა, დაინახა აყირავებული მაგიდა, წაქცეული ს. და გოგო, რომლის მაჯა პირისპირ ეჭირა ს-ს; გოგოს ერთი ხელით დანა ეჭირა, მეორეთი კი ს-ს ურტყამდა; ს-ომ თმა მოქაჩა, დანა წაართვა, რომელიც ქ-ომ გაიტანა სამზარეულოში; ეს გოგო კიდევ სე-ს ესროდა რაღაცებს და აგინებდა; ს-ს დანა სახესა და ხელზეც ჰქონდა დასმული და სისხლი სდიოდა; ორივე გვერდიგვერდ იყვნენ; ორივე გოგო იქ იყო და არ აშველებდნენ; მან ს. წამოიყვანა, რადგან ინსულტი და დიაბეტი აქვს.
9.5. ბრლდებულმა ს. მ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ე-ეს საბანი გადაუწია კისრამდე, რადგან თავზე ეფარა და ამ დროს შეეხო თმაზე; ყველას ეღვიძა; წაყვანასთან დაკავშირებით შეკამათდნენ, უხეშად უთხრა გოგოებს, რომ წასულიყვნენ, ე-ემ დაავლო დანას ხელი, მისკენ წავიდა და ხელზე ორჯერ დაუსვა; თვითონ ვერაფერი გააკეთა და მაგიდა აიფარა, ე-ეს კი მაჯაზე მოჰკიდა ხელი და წაიქცნენ; დანის პირზე მოკიდების შემდეგ ხელი გაეჭრა, დანა გამოსწია, მაგრამ ვერ წაართვა; რაღაცნაირად თმაზე მოჰკიდა ხელი და ამ დროს ე-ემ ხელი გაუშვა დანას, რომელიც ქ-ოს გადააწოდა; ფიზიკურად არ უძალადია; დანა რომ გამოართვა, თავი დაანება; ე-ემ დანის წართმევის შემდეგ ერთი-ორჯერ კიდევ გაიქნია ხელი; ე-ეს ხელი რომ გაუკავა, მეორე ხელით ცდილობდა დანის წართმევას; ე-ემ სახეზე და მხარზე დაარტყა, ფრჩხილები ჩამოუსვა; ჰქონდა დაზიანებები – გაეჭრა ხელისგული, სახე დაეკაწრა, მხარზე ჰქონდა სისხლჩაქცევა.
9.6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, ე. ჯ-ს დაუდგინდა ზედა, მარჯვენა კიდურზე ნაჭდევები, განვითარებული რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
9.7. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნის მიხედვით, ს. მ-ს დაუდგინდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები სხეულზე; სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრები – რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ს. მ-ს ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა წვივის წინა, გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე, განვითარებული რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ყველა დაზიანება, როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთად აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
9.8. იზოლატორში მოთასებული პირის №- სამედიცინო ბარათიდან და სამედიცინო შემოწმების №- ფორმიდან ირკვევა, რომ ს. მ-ს აღენიშნებოდა: მარცხენა ლოყაზე, მარცხენა წინამხარსა და მარჯვენა მტევანზე – ნაკაწრები სიწითლით; ორი ნაკაწრი – მარჯვენა მტევნის წინა ზედაპირზე; სისხლნაჟღენთი – მარჯვენა წინამხრის ზედაპირზე; ნაკაწრი – მარცხენა ლოყაზე; სისხლნაჟღენთი – მარცხენა წინამხრის ზედაპირზე; ნაკაწრი – მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე.
9.9. 2021 წლის 15 აგვისტოს დაკავების ოქმის თანახმად, ს. მ-ს აღენიშნებოდა: სახეზე, მარჯვენა ლოყის არეში – მოწითალო ფერის, ზოლისებრი ნაკაწრი; მარცხენა ხელის ზედა ნაწილში – მოლურჯო ფერის ნაჭდევი; მარჯვენა ხელის მტევანზე – მცირე ზომის ორი ნაკაწრი ჭრილობა. ს. მ-ის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მიაყენა ე. ჯ-მა კონფლიქტის დროს, როდესაც ცდილობდა ე. ჯ-სათვის დანის წართმევას.
9.10. ბიოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნით, დანაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ს. მ-ს, ხოლო მინორული წილი იდენტიფიცირებისათვის უვარგისია; თეფშის ნატეხსა და იატაკიდან აღებულ ანაწმენდებზე ე. ჯ-ის სისხლია; თმის ღერებიც ეკუთვნის ე. ჯ-ს.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ს. მ-ს ორივე ხელით თმით არ უთრევია ე. ჯ-ი და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელები და ფეხები არ დაურტყამს. ს. მ-მა ე. ჯ-ს თმა მოქაჩა დანის წასართმევად (რომელსაც იგი იქნევდა ს. მ-ის მიმართულებით), რის შედეგადაც მან დანას ხელი გაუშვა. დანის წართმევისთანავე ს. მ-ი მოსცილდა ე. ჯ-ს და ფიზიკური კონფლიქტის გაგრძელება აღარ უცდია. ამდენად, თმის მოქაჩვის მიზანი იყო არა ძალადობა და ტკივილის მიყენება, არამედ – დანის წართმევა და რეალური საფრთხის განეიტრალება.
11. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ს. მ-ის ქმედებაში იკვეთება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, ვინაიდან ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბრალდებულის ქმედება – ე. ჯ-ისათვის თმის მოქაჩვა დანის წართმევის მიზნით – არის საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის აბსოლუტურად საპირწონე, პროპორციული და ადეკვატური ქმედება.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
13. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ს. მ-ის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა იგი კანონიერად გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე