საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1401აპ-23 თბილისი
ა. ბ., 1401აპ-23 19 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ბ. ა., - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 13 წლით, 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. ა-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 8 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა-ემ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
· 2020 წლის 21 ნოემბერს, დილის საათებში, თ-ში, ზ. ფ-ში, მ-ის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ „პ-“-ში, იმავე სადგურის მენეჯერ ბ. ა-ესა და ჩამსხმელ-ოპერატორ, თავის ნაცნობ არასრულწლოვან გ. დ-ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბ. ა-ემ არასრულწლოვან გ. დ-ს მუშტი დაარტყა სახეში. აღნიშნული ქმედების შედეგად გ. დ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 21 ნოემბერს, დილის საათებში, თ-ში, ზ. ფ-ში, მ-ის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ „პ-“-ში, იმავე სადგურის მენეჯერ ბ. ა-ესა და ჩამსხმელ-ოპერატორ, თავის ნაცნობ არასრულწლოვან გ. დ-ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით, 19:30 საათზე, თ-ში, ზ. ფ-ში, მ-ის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ „პ-“-ის მიმდებარედ, ერთი მხრივ, გ. დ-სა და მის თანმხლებ პირებს: თ. მ-სა და ბ. ქ-ას, ხოლო მეორე მხრივ, ბ. ა-ესა და მის თანმხლებ პირებს: ე. ზ-სა და თ. დ-ს შორის წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა კონფლიქტში, რა დროსაც ბ. ა-ემ განზრახ სცადა არასრულწლოვან გ. დ-ის მკვლელობა, კერძოდ: ბ. ა-ემ ხელთ არსებული დანის გამოყენებით ზურგისა და მკლავის არეში გ. დ-ს მიაყენა რვა ჭრილობა, მათ შორის – სიცოცხლისათვის სახიფათო მე-7, მე-8 ნეკნების დონეზე ღია, ღრმა, გულმკერდის ღრუში შემავალი სისლმდენი ჭრილობა, გულმკერდის კედლის დაზიანებით. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად არასრულწლოვან გ. დ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
4. მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა განზრახ მკვლელობის მცდელობის საქართველოს სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან გამიჯვნის თაობაზე, რის გამოც, ითხოვს ბ. ა-ის მიმართ განაჩენის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებლის, გაუქმებას და კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ადგილმდებარეობის დათვალიერების და ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია ბ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენა.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა ბ. ა-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ: მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის შემთხვევამდე არსებული კონფლიქტური სიტუაცია, ბ. ა-ის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და მდებარეობა (მათ შორის – სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას), საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მიუთითებს მსჯავრდებულ ბ. ა-ის განზრახვაზე – დამამძიმებელ გარემოებებში მოეკლა გ. დ-ი. კერძოდ:
8.1. დაზარალებულმა გ. დ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2020 წლის 21 ნოემბერს, საღამოს, მეგობრებთან ერთად მივიდა ბენზინგასამართ სადგურზე, ჩხუბს არ აპირებდა; ბ. ა-ემ უთხრა, რომ სადგურის უკან გასულიყვნენ; ბ-ის აგრესიის გარეშე ესაუბრებოდა დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც მოუხდათ შელაპარაკება და ბ-იმ შეიგინა, ხოლო გ. დ-მა მას ერთხელ გაარტყა; ბ. ა-ემ მას უკნიდან დანა დაარტყა; დანა არ დაუნახავს, მხოლოდ დარტყმა იგრძნო; მეგობრებთან ერთად ჩავიდა კორპუსებთან, იქიდან კი მეზობელმა წაიყვანა საავადმყოფოში; როგორც დილით, ისე – საღამოს მომხდარ კონფლიქტში, ბ. ა-ის გარდა, სხვა პირს მონაწილეობა არ მიუღია.
8.2. მოწმეებმა: თ. მ-მა და ბ. ქ-ამ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოშორებით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ მხოლოდ ბ. ა-ე და გ. დ-ი, რის შემდეგაც დაიწყეს ჩხუბი; ჩხუბში სხვა არავინ ჩართულა; ბ. ა-ის ხელში დანა არ დაუნახავთ.
8.3. მოწმე ლ. რ-ას ჩვენებით, ბენგასამართი სადგურის უკან იყო სიბნელე და ცუდი ხილვადობა; როცა გაიგეს ჩხუბის ხმა, მივიდნენ გასაშველებლად, გ-ის აშველებდა თ., ხოლო დანარჩენები აშველებდნენ ბ-ის; მისვლისას გ-ი იყო წელში მოხრილი და ყვიროდა, დანა როგორ დამარტყიო; ბნელი ადგილიდან შედარებით განათებულში გადმოსვლის დროს ბ-ის ხელში დაინახა დანისმაგვარი პრიალა, მონაცრისფრო საგანი; თვითონ უშუალოდ დარტყმის მომენტი არ დაუნახავს; გ-ის დანა არ ჰქონია.
8.4. მოწმე თ. დ-მა სასამართლოში აჩვენა, რომ გ. დ-ი და ბ. ა-ე გავიდნენ გვერდზე, რა დროსაც დაიწყო ჩხუბი; ერთმანეთს ურტყამდნენ; პირველმა ვინ დაარტყა, არ დაუნახავს; თვითონ იჭერდა გ. დ-ს და შემდეგ გაიყვანა; გ-ის მეგობრებიც მათ აშველებდნენ; გ-ის გაყვანისას ბ-ი იწევდა გ-ისკენ და ურტყამდა, რა დროსაც გ-იმ თქვა, მგონი, დამჭრაო; მოწმეს გ-ის ან ბ-ის ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს; მანქანაში ბ. ა-ემ მათ უთხრა, რომ გ-ი დაჭრა; ენრი ზარდიაშვილმა ბ-ის გამოართვა დანა და გადააგდო; ამ ფაქტის შემდეგ თვითონ და ენრი ზარდიაშვილი მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში.
8.5. მოწმე ენრი ზარდიაშვილის ჩვენების მიხედვით, ბ. ა-ე და გ. დ-ი ბენზინგასამართი სადგურის უკან საუბრობდნენ, ცოტა ხანში დაიწყეს ჩხუბი, პირველმა გ-იმ დაარტყა. ჩხუბის დაწყებისთანავე ყველა მათთან მივიდა და აშველებდა; ბ-ის ხელში ეკავა შავი ფერის დანა; ენრიმ მას უთხრა, დანა არ გამოეყენებინა; დანა სხვას არავის ჰქონდა; დანის დარტყმა არ დაუნახავს; ცოტა ხანში არასრულწლოვნები გაიქცნენ კორპუსებისკენ, თვითონ, თ. და ბ-ი კი მანქანით წავიდნენ; მის შეკითხვაზე, დანა ხომ არ დაარტყა, ბ-იმ დაადასტურა დანის დარტყმის ფაქტი და უთხრა, რომ რამდენჯერმე დაჭრა; ე. ზ-მა ბ. ა-ეს გამოართვა დანა და გადააგდო მანქანიდან, კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით; დანაზე სისხლი არ დაუნახავს; ბ-ი მიიყვანეს ორთაჭალაში, თვითონ კი უკან დაბრუნდნენ; ბენზინგასამართ სადგურთან გაიგეს, რომ ბავშვი დაჭრეს; ამის შემდეგ თ. დ-თან ერთად მივიდა პოლიციაში; ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიუთითა, თუ სად გადააგდო დანა, რის შემდეგაც დანა ამოიღეს.
8.6. მოწმე ა. ქ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2020 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით, საღამოს შვიდის ნახევარზე, ბ-ი გაიყვანეს „გვერდზე“ სალაპარაკოდ, ცოტა ხანში გ-ი გამოვიდა ყვირილით, იგინებოდა და ბეჭებზე იკიდებდა ხელს, ქურთუკი დახეული ჰქონდა; გ-ისა და ბ-ის ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს; მალევე გაიგო, რომ გ-ი იყო დაჭრილი.
8.7. მოწმე ხ. ა-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 21 ნოემბერს, საღამოს, კორპუსთან შეხვდნენ უბნის ბიჭები, რომლებმაც ის გააჩერეს; გ. დ-ი იყო ზურგში დაჭრილი; მან ის ჩაისვა მანქანაში და მიიყვანა „სასწრაფოში“, სადაც არავინ დახვდა, ამის მერე დაურეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას; ჭრილობები არ უნახავს, ნახა სისველე.
8.8. მოწმე ი. ნ-მა სასამართლოს უჩვენა, რომ 2020 წლის 21 ნოემბერს გამოიძაზეს ი-ის ბ-ა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სუნთქვის უკმარისობით მიყვანილი იყო დაჭრილი პაციენტი – გ. დ-ი; პაციენტს აღენიშნებოდა ოთხი ჭრილობა: მარცხენა იდაყვის არეში, ბეჭის არეში, მარჯვნივ, მე-7, მე-8 ნეკნების დონეზე – ჭრილობა, შემავალი გულმკერდის ღრუში, პლევრის დაზიანებით და ერთიც – მარჯვნივ, წელის არეში, მენჯის ძვლისკენ; სისხლდენა თავისით რომ არ შეჩერებულიყო, შესაძლოა, სავალალო შედეგი დამდგარიყო; პაციენტს დასჭირდა სასწრაფო ჩარევა, სისხლდენა შეჩერდა, ჩადგა ჰაერი და ფილტვი გაიშალა.
8.9. მოწმე თეიმურაზ ასაბაშვილის ჩვენებით, 2020 წლის 22 ნოემბერს მეწყვილე ს. ბ-თან ერთად ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმე ე. ზ-ის მონაწილეობით, რა დროსაც მოწმემ მიუთითა ადგილზე, სადაც გადააგდო დანა; ჩატარდა ადგილმდებარეობის დათვალიერება, რა დროსაც მოიძიეს და ამოიღეს დანა, რომელიც ნახეს გაშლილი, დაცვარული, დაზიანებული წვერით.
8.10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 18 იანვრის №- დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, შემავალი და ერთეული ზედაპირული, სისხლმდენი ჭრილობები გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ, უკანა, აქსილარულ ხაზზე, ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა იდაყვის არეში, მედიალურად; დაზიანებები (გარდა იდაყვის არეში დაზიანებისა) განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით; ბეჭის ქვემოთ, მე-7, მე-8 ნეკნების დონეზე 4 სმ სიგრძის ღია, ღრმა, სისხლმდენი ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა შემავალია გულმკერდის ღრუში გულმკერდის კედლის დაზიანებით და, ტრავმულ პნევმოთორაქსთან ერთად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს; დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
9. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი, რომ სწორედ ბ. ა-ემ მიაყენა დაზიანებები დანით გ. დ-ს, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს, რომელიც სადავოდ ხდის მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დაკვალიფიცირებას. როგორც გ. დ-ის ჩვენებიდან ჩანს, ბენზინგასამართ სადგურში მისვლამდე მან დაურეკა ბ. ა-ეს და უთხრა, რომ დილით მომხდარი ფაქტის გასარკვევად აპირებდა მისვლას. საქმის მასალებიდან ირკვევა, სასაუბროდ გავიდნენ მხოლოდ გ-ი და ბ-ი, რომელსაც დანა ეჭირა (მანამდე ბ-ის ხელში დანა არავის შეუმჩნევია); ჩხუბის დაწყებისთანავე ისინი გააშველეს; სულ რამდენიმე წუთში გ. დ-ს მიყენებული ჰქონდა 8 ჭრილობა, გაშველებისას კი ბ-ი კვლავ იწევდა დაზარალებულისაკენ, რომელსაც დანა არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბ. ა-ე მოქმედებდა განზრახ და მისი ქმედებები უშუალოდ მიემართებოდა ხსენებული დანაშაულის ჩასადენად. ბ. ა-ის ქმედების ხასიათი და დაზარალებულ გ. დ-ისათვის მიყენებული სხეულის დაზიანებების ლოკალიზაცია, მათ შორის – სიცოცხლისათვის ძალზე სახიფათო მიდამოში – ადასტურებს იმას, რომ, მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს იგი უცილობლად ითვალისწინებდა, რაც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების სწრაფი და აქტიური ჩარევა, დროული სამედიცინო დახმარება, ჭრილობებიდან სისხლდენის თავისით შეჩერება) გამო არ დამდგარა. ამასთან, ბ. ა-ე იყო მენეჯერი და სამსახურში არასრულწლოვნებს იღებდა მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო გ. დ-ის ასაკი, ე.ი. ბ. ა-ის ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება – ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, საკასაციო სასამართლო, მითითებული ნორმის საფუძველზე, არასრულწლოვან დაზარალებულ გ. დ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
11. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობით, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №153აპ-23, №426აპ-22). საკასაციო საჩივრის დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება ბ. ა-ის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
13. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კასატორის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე