საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100121004817793
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1295აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი ი., 1295აპ-23 13 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: დაცვის მხარეს გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება არ იკვეთება, რადგან შპს „ფ–ის“ მიერ გადასახდელი გადასახადის ოდენობა არ აღემატება – 150 000 ლარს. აღნიშნული დასტურდება საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს №... განკარგულებითა და დანართი №..-ით, რომლებშიც მითითებულია, რომ შპს „ფ–ის“ ძირითად საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს 143 499 ლარი და სსიპ შემოსავლების სამსახურს მეწარმე სუბიექტთან სწორედ ამ თანხის გადახდევინების მიზნით დაევალა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. დადგენილია ისიც, რომ კომპანიას გააჩნდა ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხა – 7514,15 ლარი, რის გამოც, საბოლოოდ, ძირითადი თანხის სახით გადასახდელად მას მხოლოდ 143 498 ლარი დაუფიქსირდა და არა – 152 440 ლარი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით ი. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ი. მ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 5 სექტემბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 4 (ოთხი) თვე და 5 (ხუთი) დღე)) და, საბოლოოდ, ი. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ი. მ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და საბოლოოდ, ი. მ–ს ძირითადი სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი. მ–ს სასჯელი აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2023 წლის 19 ივნისიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. მ–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა წინა განაჩენით მოხდილად ჩათვლილი პერიოდი – 2019 წლის 5 სექტემბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო – 4 (ოთხი) თვე და 5 (ხუთი) დღე.
გაუქმდა ი. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
ი. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 აპრილის №..... ბრძანებით დაინიშნა შპს „ფ–ს“ საგადასახადო შემოწმება. შემოწმების ვადად საბოლოო ჯამში განისაზღვრა – 18.04.2019 წლიდან 10.03.2020 წლამდე ჩათვლით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი იყო 31.07.2018 წლიდან 01.09.2019 წლამდე პერიოდი.
შპს „ფ–ს“ (ს/ნ ..........) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაცია, რომელიც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახდენდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე – იმპორტის მეშვეობით. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი.
შპს „ფ–ის“ დირექტორია ი. მ–ი, ხოლო დამფუძნებლები: ი. მ–სი და ს. დ. კ–ი. საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია – მ–ს რაიონი სოფელი შ–ი.
შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, 2020 წლის 10 მარტის შპს „ფ–სის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, 2020 წლის 13 მარტის №..... ბრძანებითა და ამავე თარიღის №..... საგადასახადო მოთხოვნით, საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა 232 586 ლარი, მათ შორის, ძირითადი - 152 440 ლარი, ჯარიმა - 80 146 ლარი. დოკუმენტაციას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით – 2020 წლის 16 მარტს.
შპს „ფ–სის“ წარმომადგენელმა 2020 წლის 9 აპრილს საჩივარი შეიტანა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში და მოითხოვა 2020 წლის 13 მარტის №.......... საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ვინაიდან შემოწმების პერიოდში იგი იმყოფებოდა პატიმრობაში და ვერ მოახერხა შემოწმების დროს დოკუმენტების წარდგენა. შპს „ფ–ის” საჩივარი (2020 წლის 13 მარტის №.......... საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხაზე) შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივნისის №............ ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების კორექტირება. აღნიშნულზე შედგა 2020 წლის 2 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რის შესახებაც გამოიცა 2020 წლის 14 სექტემბრის №.......... ბრძანება და 2020 წლის 14 სექტემბრის №............. საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს 2020 წლის 10 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულ დასკვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2020 წლის 15 სექტემბერს. გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრებულა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს „ფ–სთვის“ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ძირითადი დავალიანების თანხა არ აღემატებოდა 150 000 ლარს, კერძოდ:
9. დაცვის მხარემ წარმოადგინა და აპელირებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს №.... განკარგულებასა და დანართ №..-ზე, რომელთა თანახმად, შპს „ფ–ის“ ძირითად საგადასახადო დავალიანებას შეადგენს 143 499 ლარი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ თანხის გადახდევინების მიზნით დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმება მეწარმე სუბიექტთან. დაცვის მხარე ასევე განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნდა ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხა – 7514,15 ლარი, რის გამოც, საბოლოოდ, ძირითადი თანხის სახით გადასახდელად მას მხოლოდ 143 498 ლარი დაუფიქსირდა და არა – 152 440 ლარი.
10. სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის მოსაზრების საპირისპიროდ ყურადღება გაამახვილა შემდეგ მტკიცებულებებზე: შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №.......... და 2023 წლის 6 აპრილის №............ წერილებზე, რომელთა თანახმად, 2020 წლის 13 მარტის №.......... საგადასახადო მოთხოვნის აღიარების შემდეგ, აღდგა წინა პერიოდებში დაფარული ჯარიმა/საურავი, რამაც გამოიწვია ძირითადი გადასახადის შემცირება და იმავე ოდენობის თანხით ჯარიმა/საურავის გაზრდა, კერძოდ, აღდგა დაფარული ჯარიმა - 1400 ლარი და დაფარული საურავი - 27,49 ლარი. ჯარიმა/საურავის აღდგენამ, ასევე, 2020 წლის 20 ოქტომბრისათვის არსებულმა ზედმეტობამ (7 514,15 ლარი), გამოიწვია ძირითადი გადასახადის შემცირება 8941,64 ლარით და 2020 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 143,498.36 ლარი. ამავე წერილების მიხედვით, შპს „ფ–სის“ (ს/ნ .........) ბარათზე აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხა – 7514,15 ლარი (წარმოშობილი 15.01.2020 წლიდან) 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციით გამოანგარიშებული შესამცირებელი (ჩასათვლელი) თანხის საფუძველზე, არ ცვლის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის ოდენობას, მაგრამ მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების გამოანგარიშებაში.
11. აღნიშნული წერილების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ იმ საანგარიშო პერიოდში – 2018 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე, როდესაც მოხდა შპს „ფ–ის“ საგადასახადო შემოწმება, საწარმოს ძირითად დავალიანებას ნამდვილად წარმოადგენდა შემოწმების აქტში მითითებული თანხა – 152 440 ლარი. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში და მის დანართში კი, უკვე 2021 წლის 20 აგვისტოსთვის, აისახა 2020 წლის 20 ოქტომბრისთვის არსებული ზედმეტობითა და აღდგენილი ჯარიმა/საურავებით შემცირებულმა თანხა. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 აგვისტოს №.......... განკარგულების საფუძველზე, 2021 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი შპს „ფ–სთან“, რის შემდეგაც, გადასახადის გადამხდელმა არ შესრულდა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და 2022 წლის 25 იანვარს №.... ბრძანებით, საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, შპს „ფ–სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 2021 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შეთანხმების აქტი ჩაითვალა ძალადაკარგულად. შესაბამისად, არ არსებობს ი. მ–ს ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი