საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.06.2024
საქმის ნომერი
2კ-52აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100121005122126

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №52აპ-24 12 ივნისი, 2024 წელი

გ–ი გ., №52აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. მ–ს და მ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–სი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 2 ივნისს და განმეორებით, 2021 წლის 4 ივნისს, ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული გ. გ–ი 2021 წლის 13 აგვისტოს ჩ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ–ში, მ–ს ქუჩაზე ფეხით გადაადგილების დროს ატარებდა დასაკეცი, ტურისტული ტიპის, ცივ იარაღს – დანას, რაც მოთავსებული ჰქონდა ქურთუკის ჯიბეში და მისგან ამოღებული იქნა დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

1.3. გ. გ–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 0,1309 გრამი ბუპრენორფინი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და მისგან 2021 წლის 13 აგვისტოს ამოღებული იქნა ჩ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ–ში, მ–ს ქუჩაზე, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, გ. გ–ს ზემოაღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი აღმოაჩნდა ქურთუკის წინა, მარჯვენა ჯიბეში.

1.4. 2021 წლის 13 აგვისტოს, შსს ....ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ე. კ–ე და ლ. შ–ე ხელმძღვანელის მითითებით იმყოფებოდნენ ჩ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ–ში, მ–ს ქუჩაზე, სადაც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ახდენდნენ პატრულირებას „შკოდა ოქტავიას“ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: ........ დაახლოებით, 16:15 საათზე, მ–ს ქუჩაზე, მათ შენიშნეს გ. გ–ი, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მათი მიმართულებით და ხელში ეჭირა დანა გაშლილ მდგომარეობაში. ვინაიდან სახეზე იყო სამართალდარღვევის ფაქტი, მიიღეს გადაწყვეტილება მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება და ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაეწყოთ გ. გ–ს მიმართ. აღნიშნული მიზნით პოლიციის უნიფორმაში მყოფი ე. კ–მე და ლ. შ–ე გადავიდნენ ავტომობილიდან და წარუდგინეს თავი გ. გ–ს, ამასთან, ე. კ–მ განუმარტა, რომ ქუჩაში ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულად დასჯად ქმედებას, რის გამოც იგი უნდა დაეჯარიმებინა ადმინისტრაციული წესით და მოსთხოვა მისთვის დანის წარდგენა. აღნიშნულზე განაწყენდა გ. გ–ი, გახდა აგრესიული და დაუწყო უცენზურო, უხამსი სიტყვების ძახილი ე. კ–ს, რაზეც მას ამ უკანასკნელმა და ლ. შ–მ მოუწოდეს დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, რათა მისცემოდათ საშუალება განეხორციელებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა. აღნიშნულზე კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა გ. გ–ი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა ე. კ–სა და ლ. შ–ს, რა დროსაც გამოიჩინა ძალადობა მათ მიმართ და დაუწყო ცემა ხელებით სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგაც შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რისი საშუალებაც მას არ მისცეს ე. კ–მ და ლ. შ–მ. წინააღმდეგობის გაწევის დროს კი, ლ. შ–ს გ. გ–მა დაუზიანა პოლიციის სამსახურებრივი ჟილეტი, ამასთან, სხეულზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის მიდამოში მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით, ხოლო ე. კ–ს კი მიაყენა სხეულის დაზიანება მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით. გ. გ–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, ე. კ–მ და ლ. შ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა, არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენით გ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და გ. გ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 მაისის გამამართლებელი განაჩენი გ. გ–ს მიმართ გაუქმდა.

გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 10 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გ. გ–ს მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, განესაზღვრა 8 წლის, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 13 აგვისტოდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გ. გ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.2. 2023 წლის 11 დეკემბერს, მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შ. მ–მ და მ. ტ–მ, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2023 წლის 18 დეკემბერს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა, განსახილველად არ იქნეს დაშვებული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორების პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არასწორად იქნა დადგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც შექმნიდა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და დაადასტურებდა გ. გ–ს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას. როგორც საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას დადგინდა, მსჯავრდებულ გ. გ–ს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს კლასიკურ შემთხვევას, როდესაც ხდება ბრალდებულისთვის ნარკოტიკული ნივთიერებისა და ცივი იარაღის ე.წ. „ჩადება“. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის თანმიმდევრული და ვერ გამოირიცხა არაერთი გონივრული ეჭვი. როგორც დაცვის მხარე თავიდანვე აღნიშნავდა, გ. გ–ი გატაცებულ იქნა .......ის ქუჩიდან (ბ–ს ამბულატორიიდან), რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა უკანონო ქმედებები, კერძოდ, პოლიციის მუნდირს ამოფარებულმა პირებმა ჩაუდეს ცივი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და რომელთა ჩვენებებიც, წინააღმდეგობრივია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს როგორც უფლებას ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე ამავე მიზნით შესაძლებლობას მტკიცებულების მოპოვებაზე. გ. გ–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში არასწორად არის მითითებული დაკავების ფაქტობრივი დრო. კერძოდ, ოქმის მიხედვით ბრალდებული დააკავეს 2021 წლის 13 აგვისტოს 16:25 საათზე. სინამდვილეში კი, გ. გ–ს ფაქტობრივი დაკავების დროა 14:55 საათი, რაც დადასტურდა დაცვის მხარის მოწმეების: პ. ს–ს, თ. ა–ს, ზ. ს–ს, ნ. ს–ს, თ. ა–ს, გ. გ–სა და ი. გ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით. პოლიციელებმა მისცეს არასწორი ჩვენება, რომ თითქოს მათ შენიშნეს გ. გ–ი, რომელიც მოძრაობდა ცივი იარაღით, აღნიშნულის გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, მსჯავრდებულმა თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ფიზიკურადაც გაუსწორდა. პოლიციის თანამშრომლებს, სჭირდებოდათ მიზეზი, რომლითაც გაამართლებდნენ გ. გ–სის დაკავებას და რის საფუძველზეც განახორციელებდნენ მის მიმართ ნარკოტიკული საშუალების ჩადებას. ეს მიზეზი, კი იყო ცივი იარაღი, ვითომდა ცივი იარაღის არ გადაცემის მოტივით სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებზე თავდასხმა და მათთვის ფიზიკურად გასწორება. სინამდვილეში გ. გ–ი გაიტაცეს კოვიდის ტესტის რიგიდან და ამის შემდეგ მის მიმართ არაერთ უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს დადასტურდა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტ(ებ)ს 2021 წლის 13 აგვისტოს ადგილი არ ჰქონია. ერთადერთი ჭეშმარიტება, აღნიშნულ საქმეზე არის ის, რომ გ. გ–ი კანონის დარღვევით, გაიტაცეს კოვიდის ტესტის რიგიდან, სადაც იმყოფებოდა მის ახლობლებთან ერთად, მის მიმართ ჩაატარეს უკანონო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და მეტიც, შეთხზული ბრალდების გასამყარებლად, მოიფიქრეს სცენარი, რომელსაც საფუძვლად დაუდეს ზემოაღნიშნული ცივი იარაღი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, განაჩენში ფაქტობრივად გადმოიტანა პოლიციელების მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები და საქმის არსებითი განხილვის დროს მათ მიერ სასამართლოში დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია არ ასახა. ბრალდების მხარეს ოთხი ძირითადი მოწმე ჰყავდა, რომლებიც წარმოადგენენ პოლიციის მუშაკებს და რომლებმაც ვითომ მოახდინეს გ. გ–ს დაკავება და პირადი ჩხრეკა. ზემოხსენებული ოთხი მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. საქმეში გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, არ არის სხვა ობიექტური მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მათ ჩვენებებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაფიქსირებული პოზიცია - რომ არ გამოვლენილა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა ბრალდების მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის, არ შეესაბამება სინამდვილეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დეტალურადაა აღწერილი წინააღმდეგობები. ამასთან, ჩხრეკის დროს არ არის განხორციელებული ვიდეოგადაღება და არ არის მოწვეული გარეშე ნეიტრალური მესამე პირი, რომელიც დაადასტურებდა ჩხრეკის სისწორეს. არსებობს მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რომლებიც თავის მხრივ ეწინააღმდეგება დაცვის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და რომელთა ჩვენებებიც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება და არ მოუწვევიათ გარეშე ნეიტრალური მესამე პირი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემებრის #2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს წინააღმდეგ). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პოლიციელთა ჩვენებებს ამყარებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ისევ პოლიციელთა მიერ საეჭვო გარემოებაში მოპოვებულ და დალუქულ ნივთებზე იქნა ჩატარებული, კერძოდ: ჩხრეკისა და დაკავების ოქმის მიხედვით არ ჩანს რომელ პაკეტში დაილუქა თეთრი ფერის ქაღალდი და უფერო გამჭვირვალე ჭრაჭუნა პოლიეთილენის პარკი. ოქმის თანახმად, პოლიეთილენის სპეციალური პაკეტით N............ დაილუქა მხოლოდ 14 აბი და 6 აბის ნატეხი. იგივე ინფორმაციაა დატანილი თავად პაკეტზეც. ქიმიურ ექსპერტიზაზე ამ პაკეტის გახსნის შედეგად მასში აბებთან ერთად აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ქაღალდის პაკეტი და უფერო, გამჭვირვალე ჭრაჭუნა პოლიეთილენის პარკი. გაუგებარია აბებთან ერთად როგორ აღმოჩნდა პაკეტში პარკები, როდესაც ისინი ერთად არ დალუქულა. შესაბამისად, ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ პაკეტებზე ხელმოწერა მოხდა დალუქვამდე (როგორც ამას მსჯავრდებული განმარტავდა), ჭრაჭუნა პოლიეთილენის პარკზე და ქაღალდზე დატანილ იქნა გ. გ–ს ბიოლოგიური ნიმუში და ამის შემდეგ დაილუქა პაკეტი. ამდენად, გ. გ–ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე მთლიანად ფაბრიკაციის შედეგია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, ეწინააღდმეგება როგორც საქართველოს, ისე – საერთაშორისო კანონმდებლობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ არასწორია მხოლოდ ჩხრეკის/დაკავების ოქმებისა და პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით იმ დასკვნის გაკეთება, რომ ადგილი არ ჰქონია პროცედურულ დარღვევებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების – ე. კ–სა და ლ. შ–ს, მოწმეების – ს. ს–ს, დ. ი–ს, დ. მ–სა და ა. გ–ს ჩვენებებს, 2021 წლის 13 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N........... და N............ ოქმებს (საჯარიმო ქვითრებს), ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტთა ჩვენებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.

5.4. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარისთვის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს არის თუ არა ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დანა – ცივი იარაღი, ასევე ის გარემოება, რომ გ. გ–ი დაკავებამდე ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული იყო. მხარეებს არ გამოუთქვამთ ამ გარემოებების საწინააღმდეგო მოსაზრებები სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე. დაცვის მხარის განმარტებით, ეს ნივთები პოლიციელებს გ. გ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად არ ამოუღიათ და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფაბრიკაციის შედეგია, ბრალდებულის მიმართ არსებული პირადი ინტერესის გამო.

5.5. დაცვის მხარის მითითებით, ბრალდების მხარემ გ. გ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ოთხი მოწმის (პოლიციელების) ჩვენება, რომელთა სანდოობაც კრიტიკას ვერ უძლებს, არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებების გაზიარება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებას.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი მოწმის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მხოლოდ მოწმის სტატუსიდან და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენების უპირობოდ გაზიარება, ისე რომ არ მოხდეს საპირწონე არგუმენტების შეფასება - დაუშვებელია. ანალოგიურადაა დაუშვებელი მოწმე პოლიციელთა ჩვენებების გაუზიარებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს იმ მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, რომლებიც მსჯავრდებულის მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან, ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ის გარემოებები რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გაიზიარა კონკრეტული მოწმის (მათ შორის, პოლიციელის) ჩვენება.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელთა – ე. კ–ს, ლ. შ–სის, ს. ს–სა და დ. ი–ს ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის საქმის არსებითი განხილვისას რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ გამოკვეთილა. პირადი ჩხრეკის ოქმით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად გ. გ–ს ქურთუკის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ე. კ–ს მიერ ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო პატარა ზომის პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, ხოლო აღნიშნულ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული იყო თოთხმეტი ცალი თეთრი ფერის აბი და თეთრი ფერის აბის ექვსი ცალი ნატეხი. ასევე, ჩხრეკისას ამოღებული იქნა: ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან – მოშავო ფერის დასაკეცი დანა, დაკეცილ მდგომარეობაში, სამი ცალი პატარა ზომის ქაღალდის პაკეტი, მოთეთრო ფერის ქაღალდი და მასში მოთავსებული ორი ცალი მოყვითალო აბი; შავი ფერის მაჯის საათი, რომელიც გ. გ–ს ეკეთა ხელზე; ნაცრისფერი ხელჩანთა, რომელიც ჯვარედინად ჰქონდა გადაკიდებული მხარზე და ხელჩანთაში არსებული სხვადასხვა პირადი ნივთები, მათ შორის - ფულადი თანხა და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესით. ფაქტი, რომ ეს ნივთები (მათზე არსებული კვლები) პირვანდელი სახით იქნა გადაცემული საექსპერტო კვლევისთვის, დადასტურებულია არამხოლოდ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებით, არამედ ამოღებული ნივთების დალუქვის პაკეტზე გ. გ–ს მიერ შესრულებული ხელმოწერით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. გ–სის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების ამ უკანასკნელის მიერ ფლობის ფაქტი დადასტურებულია, არა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით, არამედ – ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნითაც, რომელიც თანხვდენილია მოწმე პოლიციელთა ჩვენებებთან და რომლის გაზიარებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.

5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არა ინფორმაციული პატაკი, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალების ან/და ცივი იარაღის შეძენა/შენახვა/ტარებას, არამედ ე. კ–ს შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კურორტ ბ-ში, მშენებლობის ქუჩაზე მოქალაქე გ. გ–მა გაუწია მათ წინააღმდეგობა და ითხოვა ჯგუფის დახმარება.

5.10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ზოგ შემთხვევებში წარმოიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს შემთხვევის ადგილზე ვიდეოგადაღების წარმოებასა და ნეიტრალური მოწმის დასწრებას, თუმცა, ამასთანავე აღნიშნავს, რომ საფრთხეების მითითება არ უნდა იყოს აბსტრაქტული, არამედ რეალურად უნდა არსებობდეს აღნიშნულის ხელისშემშლელი გარემოებები. ზედმეტი ფორმალობა იქნება თუ სასამართლო საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს ყველა შემთხვევაში, გამონაკლისების გარეშე, დაავალდებულებს ვიდეოგადაღებას ან/და ნეიტრალური მოწმის დასწრებას, ვინაიდან სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა და აღასრულოს მართლმსაჯულება, ხოლო ხელოვნური ბარიერების შექმნა გამოძიების განხორციელების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა. სხვა ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა, თუ გამოძიება სხვა მუხლით იქნებოდა დაწყებული და პოლიციელებისათვის წინასწარ იქნებოდა ცნობილი გ. გ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ნივთების შესაძლო უკანონო ფლობის ფაქტი, ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი იქნებოდნენ გადაეღოთ საგამოძიებო მოქმედებები, რათა გამოერიცხათ თვითნებობის რისკები.

5.11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

5.12. საკასაციო სასამართლოს ასევე გადაჭარბებულად მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება პოლიციელთა მხრიდან გ. გ–ს სისტემატურად შევიწროვებისა და შემოწმების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, ასეთი გარემოებების რეალურად არსებობის შემთხვევაში, გ. გ–სთვის კარგად ნაცნობი უნდა ყოფილიყო პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის რისკებისგან დაცვის გზები, რომელსაც მისი მხრიდან პოლიციელთა უპირობო ნდობის საფუძველი არ უნდა შეექმნა (მისი განმარტებით, ცარიელ პაკეტებს მოაწერა ხელი, ასევე ისე მოაწერა თავისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი რომ არ წაუკითხავს). სწორედ ეს გარემოებები მიუთითებს გ. გ–ს ჩვენების არასანდოობაზე, რამდენადაც ცალსახაა, რომ ასეთ შემთხვევაში, გ. გ–ი მეტი სიფრთხილით იმოქმედებდა. ამდენად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნათელია რომ მსჯავრდებული სასამართლოში იძლევა არა რეალურ, არამედ ამ სიტუაციაში მისთვის სასურველ ჩვენებას.

5.13. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში გ. გ–ი მათთან ერთად იმყოფებოდა ბ-ს ამბულატორიასთან, კოვიდ ტესტირების რიგში და როდესაც იგი ამბულატორიის მოპირდაპირე მხარეს მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, მასა და ამბულატორიას შორის გზაზე ნელი სვლით ჩაიარა შავი ფერის „ტოიოტა პრადოს“ მარკის, ჯიპის ტიპის ავტომანქანამ, რის შემდეგაც გ. გ–ი ვეღარ ნახეს, რაც გაუკვირდათ, მაგრამ არცერთი მათგანის ჩვენებით არ დასტურდება დაცვის მხარის ვერსია, რომ გ. გ–ი 2021 წლის 13 აგვისტოს, ბ–ს ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნით ჩაჯდა „ტოიოტა პრადოს“ მარკის ჯიპში, რის შემდეგაც იგი წაიყვანეს. საგულისხმოა ისიც, რომ გ. გ–ი დაკავებულ იქნა დღის მეორე ნახევარში.

5.14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე საჯარიმო ქვითრებითა და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმებით დასტურდება გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები.

5.15. ამდენად, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. მოწმეები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ მათ მიერ ნანახ ფაქტებს და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ხოლო დაცვის მხარის განმარტებები მოკლებულია დამაჯერებლობას. ამასთან, საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში წარმოედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, ასევე თანაბარ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც გ. გ–ს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შ. მ–ს და მ. ტ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე