საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.07.2024
საქმის ნომერი
2კ-439აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100123007440769

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №439აპ-24 ქ. თბილისი

დ–ი ფ., 439აპ-24 19 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმებას და ფ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებშიც, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ფ. დ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას; დაზარალებულმა არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებით და არ მისცა თავისი შვილის საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სადავოდ არ გამხდარა მხარეთა მიერ, სრულად ადასტურებს ფ. დ–ს ბრალეულობას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ. დ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით; გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 26 მარტს, ფ. დ–ს №.......... შემაკავებელი ორდერით, 30 დღით, აეკრძალა დედასთან ს. დ–სსთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიახლოება იმ სახლთან, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობს და იმყოფება, თანასაკუთრებით ერთპიროვნული სარგებლობა. აღნიშნულის მიუხედავად, 2023 წლის 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე ს. დ–სს ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფ. დ–სი მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად იძალადა და დედამისს ს. დ–ს ფულს სძალავდა, რითაც მან დაარღვია №....... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება.

ü 2023 წლის 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე ს. დ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში ფულის არმიცემის გამო გაბრაზებულმა ფ. დ–მა თმებით ითრია და თავი კედელზე მიარტყმევინა დედამისს – ს. დ–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე ს. დ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში ფ. დ–ი დედამისს – ს. დ–ს – სიცოცხლის მოსპობის მუქარით სძალავდა ფულად თანხას – 2000 ლარს, რომელსაც, შესაძლოა, მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ფ. დ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ფ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

ფ. დ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2023 წლის 29 მარტიდან;

გაუქმდა ფ. დ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ფ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებშიც.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის შეფასებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ფ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, კერძოდ:

9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა ს. დ–სმ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა შვილის, ფ. დ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია შვილი.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, პირის ბრალეულობა უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული ს. დ–ს არის ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მას სასამართლოსთვის არ უცნობებია ფ. დ–ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

11. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ძალადობის და გამოძალვის ეპიზოდებთან მიმართებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ფ. დ–ს მიერ დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის, მის შედეგად, ფიზიკური ტკივილის განცდისა და ასევე – გამოძალვის ფაქტებს.

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელი – ო. მ–ი – ფ. დ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი, ზემოთაღნიშნული რომელიმე ქმედების თვითმხილველი არ არის და უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ან გამოძალვის ფაქტებს, არც ცხელ კვალზე უნახავს დაზარალებულის მდგომარეობა; იგი ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისაგან. ამდენად, მოწმის ჩვენება ირიბია, რის გამოც, ვერ იქნება გამოყენებული ფ. დ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

13. 2023 წლის 26 მარტს ფ. დ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ასევე აღნიშნული ორდერის გამომცემი - ინსპექტორ-გამომძიებლის – გ. დ–ს – გამოკითხვის ოქმით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ 2023 წლის 26 მარტს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ფ. დ–ს მხრიდან დაზარალებულზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, რაც არარელევანტურია ფიზიკური ძალადობის ან/და გამოძალვის ფაქტების დადასტურება/უარყოფის თვალსაზრისით.

14. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. რამდენადაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებად.

15. საქმეში წარმოდგენილ, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმში, სამედიცინო ბარათსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით, ასევე არასაკმარისია. ამასთან, ამ მტკიცებულებების მიხედვით, ს. დ–ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურდებოდა ფ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი