საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2024
საქმის ნომერი
2კ-121აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122006001099

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №121აპ-24 ქ. თბილისი

ვ. ლ. 121აპ-24 22 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ვ–ს, – დაბადებულს .... წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

1.2. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ რ–ში, ფ–ს ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდობის პარკში, ლ. ვ–მ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან – 17 წლის – მ. გ–ს, იმის გამო, რომ ის არ წასულიყო და მოესმინა მისთვის, მარჯვენა ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის გამოც მ. გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 22:0 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხებთან, ლ. ვ–მა, მის მიერ არასრულწლოვანი მ. გ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო წარმოშობილი კონფლიქტისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, თავდაპირველად გ. ა–ს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის, ხოლო ლ. შ–ს კისრის და მარჯვენა ბარძაყის არეში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობის სახით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, შემდეგ კი იმავე მიკრორაიონის ...-ე კორპუსთან ლ. ხ-ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, რითაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, შემავალი, მძიმე ხარისხის დაზიანება. ლ. ვ–ს განზრახვა ვერ დასრულდა, რადგან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გ. ა., ლ. შ–ე და ლ. ხ–ა გადაურჩნენ სიკვდილს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენით ლ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისთვის

სასარგებლო შრომა 200 საათი;

3.2. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 18 ივნისს მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

3.4. ლ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 19 ივნისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ვ–ს ადვოკატმა რ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ლ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და მისთვის ჰუმანური სასჯელის შეფარდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. გ–მ, რომელიც ითხოვს ლ. ვ–ს მსჯავრდებას სწორი კვალიფიკაციით, კერძოდ, დაცვის მხარის პოზიციით: ლ. ვ–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ხოლო თუ მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდაცვითი, მაშინ მის მიერ ჩადენილია – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ლ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედების სწორ სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, დაცვის მხარე არ ეთანხმება ლ. ვ–ს მხრიდან სამი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობას და მიაჩნია, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ხოლო ასეთის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, ვინაიდან ლ. ვ–ს არ ჰქონდა დაზარალებულების მკვლელობის განზრახვა.

8.1. კასატორი სადავოდ არ ხდის ლ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას და სასჯელს. ამდენად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მ. გ–ს მიმართ ძალადობის ნაწილში ლ. ვ–ს მსჯავრდება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, საეჭვო გახადოს ამ ნაწილში ლ. ვ–ს მსჯავრდება და სასჯელი, შესაბამისად, სასამართლო განაჩენის ამ ეპიზოდზე არ იმსჯელებს.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული ლ. ვ–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ან დაზარალებულების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – დაზარალებულების: გ. ა-ს, ლ. შ–ს, ლ. ხ–ს, ასევე მოწმეების: მ. გ–ს, ლ. გ–ს, ზ. გ–ს, გ. ზ–ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებით, ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ვ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 18 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული – დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის №593აპ-15 განაჩენი).

11.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“, შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის N770აპ-19 განჩინება).

12. სასამართლო მხედველობაში იღებს: მოწმეთა მიერ მოვლენათა განვითარების თაობაზე მოწოდებულ ინფორმაციას; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს (შემთხვევის ადგილზე მოვლენათა განვითარების და კონფლიქტის მიზეზების შესახებ); მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ იარაღს; დაზარალებულების მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ, მათთვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობასა და ლოკაციებს (სამივე დაზარალებულს აღენიშნებოდათ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები და ამასთანავე, გ. ა-სა და ლ. შ–სეს მძიმე ხარისხის დაზიანებები მიყენებული ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ადგილებში, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 17 თებერვლის N......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით გ. ა. მკურნალობდა სტაციონარულად 2022 წლის 18 ივნისიდან 2022 წლის 21 ივნისამდე, სადაც დაუდგინდა: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ღია ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, ჰაერი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა მტევნის ღია გამჭოლი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა ნერვისა და არტერიის დაზიანებით, მარცხენა მხრისა და დუნდულოს ღია ნაკვეთი ჭრილობები; დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 7 ოქტომბრის N........... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით ლ. შ–ე მკურნალობდა სტაციონარულად 2022 წლის 18 ივნისიდან 2022 წლის 27 ივნისამდე დიაგნოზით: ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა ბარძაყის, მარცხენა თეძოს ფრთისა და კისრის არეში უკან, მარჯვენა ბარძაყის არტერიისა და ვენის დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და ერთობლიობაში მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 8 ნოემბრის N......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით ლ. ხ. მკურნალობდა სტაციონარულად 2022 წლის 18 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე დიაგნოზით: გულმკერდის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა VI ნეკნისა და მარცხენა ფილტვის დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო), რაც, მოცემულ შემთხვევაში, ერთობლივად შეფასებისას, გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ დანის თავდაცვის მიზნით გამოყენებას, შესაბამისად, მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას, ისევე როგორც დაზარალებულების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე