საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2024
საქმის ნომერი
2კ-331აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№331აპ-24 თბილისი

ა-ა ა., 331აპ-24 15 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ა-ას ბრალად დაედო: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით და სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს (საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი; 2017 წლის 4 მაისის რედაქცია); სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ შენახვა (სსკ-ის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

• 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ. ხ-ში მდებარე სს „კ-ის“ ხ-ის სერვის-ცენტრის მენეჯერმა ა. ა-ამ გამოავლინა ინტერესი იმავე სამსახურის მოლარის – ლ. ც-ას – მიმართ, რაც ამ უკანასკნელისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. ა. ა-ა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ლ. ც-ას მიმართ სხვადასხვა საშუალებებით სისტემატურად, პირადად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, ასევე უკანონოდ უთვალთვალებდა მას, კერძოდ: ა. ა-ამ 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ლ. ც-ასთან მისი მეუღლის სისტემატურად უარყოფით კონტექსტში მოხსენიება; ასევე, იმავე წლის ოქტომბერში, დაახლოებით, 09:30 საათზე, ქ. ხ-ში, ბ-ს ქუჩის №-ში მდებარე სს „კ--ის“ საცავის ოთახში ყოფნისას, დადგა ლ. ც-ას ზურგს უკან, მიაშტერდა მას ტანზე, გაშალა ხელები და სხეულის შესახებ უთხრა ქათინაური, რითაც ლ. ც-ამ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. 2017 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით, 20:10 საათზე, ა. ა-ამ ლ. ც-ას მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა არასასურველი მოკლეტექსტური შეტყობინება და ფამილიარული ხასიათის სიმღერის ინტერნეტმისამართი (ე.წ. „ლინკი“). იმავე პერიოდში, 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სს “კ--ის“ ხ-ის სერვის-ცენტრში ა. ა-ამ ლ. ც-ას უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალურ ლტოლვას განიცდიდა და უნდოდა სექსუალური კავშირის დამყარება, ამასთანავე, დაემუქრა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკის სხვა ფილიალში გადაიყვანდა სამუშაოდ. 2017 წლის 24 ოქტომბერს, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხ-ის მუნიციპალიტეტის ნ-ის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტომობილით სამსახურისაკენ მოძრავ ლ. ც-ას ა. ა-ა აედევნა თავისი ავტომობილით, დაახლოებით, 2-3 წუთის განმავლობაში ხმოვანი სიგნალით მიჰყვებოდა გვერდით; რამდენიმე წუთში ისინი მივიდნენ სს “კ--ის“ ხ-ის სერვის-ცენტრში, სადაც, დაახლოებით, 09:30 საათზე, საცავის ოთახში, ა. ა-ამ ლ. ც-ას ჰკითხა, თუ რატომ არ მოიხედა, როცა ავტომობილით გვერდით მიჰყვებოდა. ა. ა-ას მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ლ. ც-ამ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, ასევე – განქორწინდა მეუღლესთან, შეიცვალა მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.

• 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (ზუსტი დრო დაუდგენელია) სს “კ--ის“ ხ-ის სერვის-ცენტრის მენეჯერი ა. ა-ა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქ ხ-ში, ბ-ს ქუჩის №-ში მდებარე სს „კ--ის“ სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, უნებართვოდ უთვალთვალებდა და აყურადებდა ლ. ც-ას, კამერებით ხედავდა და ისმენდა მისი პირადი ცხოვრების დეტალებს. იმავე პერიოდში, მან უნებართვოდ გადაწერა მყარ დისკზე სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ლ. ც-ას კერძო ცხოვრების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებსაც ა. ა-ა უკანონოდ ინახავდა ქ. ს-ში, გ-ას ქუჩის №--ში, თავის სახლში არსებულ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ მოწყობილობაში.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით ა. ა-ა, -- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ალექსანდრე კოდუა ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ა-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

5. გამართლებულ ა. ა-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ- შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №725აპ-19, №981აპ-19, №1302აპ-23).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ა. ა-ას ბრალეულობა, კერძოდ: ა. ა-ას ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ლ. ც-ას ჩვენება, რომელშიც გადმოცემული გარემოებები არამც თუ არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, არამედ – ეწინააღმდეგება საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. უტყუარადაა დადგენილი, რომ ლ. ც-ას სამსახურიდან გადაყვანის რეალური მიზეზი გახდა არა ა. ა-ას მხრიდან მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება (დაზარალებულთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარების სურვილი), არამედ – თანამშრომელ მ. ხ-თან კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც, ბანკის მენეჯმენტის სამსახურმა მიიღო ლ. ც-ას ბანკის სხვა ფილიალში გადაყვანის გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების გაგების შემდეგ მიმართა მან სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ლ. ც-ამ სწორედ ა. ა-ას ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

9. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერების გადმოწერისას ა. ა-ა არ მოქმედებდა იმ განზრახვით, რომელიც საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მიზნებისთვისაა დამახასიათებელი – შეჭრილიყო ლ. ც-ას პირად სივრცეში. მან ვიდეოკამერების ჩანაწერები მხოლოდ მას შემდეგ დაათვალიერა და გადმოწერა, როდესაც შეიტყო მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის შესახებ, ხოლო გადმოწერილი ჩანაწერები წარადგინა პროკურატურასა და პოლიციაში, რათა დადგენილიყო სიმართლე. ამასთან, ეს ჩანაწერები არ წარმოადგენს პირად ინფორმაციას და ბანკის საჭიროებისათვისაა გაკეთებული.

10. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ყოველგვარი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი