საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2024
საქმის ნომერი
2კ-447აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100120003978525

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №447-24 ქ. თბილისი

ს. რ. 447აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: რ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2020 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით, 20:30 საათზე, რ. ს–მ ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებში მყოფ მეუღლეს – მ. დ–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა მკლავზე, რითაც მ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. რ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. რ. ს–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მოითხოვა რ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა;

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ. ა–მ და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე ითხოვს რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ მ. დ–ს ჩვენება; სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მ. ს-მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მამის) - რ. ს–ს წინააღმდეგ.

12. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ დაზარალებულ მ. დ–ს განცხადებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ განცხადებასა და ოქმში გადმოცემული ინფორმაციის წყარო არის დაზარალებული, აღნიშნული დოკუმენტები იმეორებს დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა მ. დ–მ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და უარი განაცხადა სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 95).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმეთა: ც. ს–სა (რ. ს–ს დედა) და ა. ს–ს (რ. ს–ს ბაბუა) გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს ინფორმაციას რ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ვინაიდან, მოწმეებმა გამოძიების ეტაპზევე გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს რ. ს–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

15. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 16 აგვისტოს გამოკითხვაზე უარის თქმის შესახებ ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. დ–მ უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილების: მ. ს–ს, ლ. ს–სა და ე. ს–ს მოწმის სახით გამოკითხვაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 52); არასრულწლოვანი შვილიშვილების: მ. ს–ს, ლ. ს–სა და ე. ს–ს მოწმის სახით გამოკითხვაზე უარი განაცხადა ასევე არასრულწლოვანთა კანონიერმა წარმომადგენელმა, ბებიამ – ც. ს–მ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 53).

16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძიების ეტაპზე, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ირგვლივ, არ გამოკითხულან შემთხვევის დღეს რ. ს–ს ოჯახში მყოფი სხვა პირები, რომლებიც მას ეხმარებოდნენ სამეურნეო საქმიანობაში და რომელთაც შესაძლოა გამოძიებისათვის მიეწოდებინათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. 2020 წლის 12 აგვისტოს საღამოს ამ პირთა სახლში ყოფნის თაობაზე გამოძიებას ინფორმაციას აწვდიან მ. დ–ე და რ. ს–ე.

17. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება, განცხადება და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ ქმნის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. ს–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

17.1. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა რ. ს–ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, ერთი მხრივ, დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას სასამართლოს ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მიაწოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციისაგან განსხვავებული ინფორმაცია (სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში მ. დ–მ აღნიშნა, რომ მხარში მუშტის დარტყმის შედეგად იგი აბანოს კარებს შეეჯახა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში კი გადმოცემულია მისი განმარტა, რომ მეუღლემ დაარტყა აბანოს კარების წინ და დარტყმის გამო ბეტონის კიბის საფეხურებს შეეჯახა), მეორე მხრივ კი უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულ მ. დ–ს ჩვენება, სხვა გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებალად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი