საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001107027
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1417აპ-23 ქ. თბილისი
ჩ. გ. 1417აპ-23 27 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლევან მარშავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. გ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. გ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.3. გ. ვ. დ–ს (ძებნილი), – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
2.1. გ. ვ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 13 სექტემბერს სამეურნეო და კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ხ. ჟ–სა და გ. ვ. დ–ს მიერ 30%-იანი და 70%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იქნა შპს “ს.ი. გ.“(ს/ნ .........). საზოგადოების იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, .........ის რაიონი, გ–ს ქ. №...
2011 წლის 21 მარტიდან შპს „ტ. ი. გ-ს“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა გ. ვ. დ–ს, რომელიც ხელმძღვანელობდა საზოგადოებას და წარმოადგენდა საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობებში, მასვე ევალებოდა, საზოგადოების საქმიანობას გასძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ვ. დ–მ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით არ აწარმოა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ტ. ი. გ-ს“ საქმიანობის შემსწავლელი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც, საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო, 2012 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2006 წლის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 4 855 709 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 3 238 143 ლარი და ჯარიმა – 1 617 566 ლარი, ხოლო 2013 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით, 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 3 892 207 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 2 595 322 ლარი. ხსენებული ორივე აქტის საფუძველზე გამოცემულია 2012 წლის 27 დეკემბრის N......... და 2013 წლის 9 დეკემბრის N.... საგადასახადო მოთხოვნები.
2012 წლის 27 დეკემბრის N..... საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო, ელექტრონულად საკუთარ ვებგვერდზე, 2012 წლის 29 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 9 დეკემბრის N.... საგადასახადო მოთხოვნას – 2013 წლის 9 დეკემბერს. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტით, ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 1 929 109 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 1 299 722 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე, გამოცემულია 2014 წლის 28 თებერვლის N..... საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე, ამავე წლის 25 მარტს.
გ. ვ. დ–ს შპს „ტ. ი. გ-ს“ დირექტორად მუშაობის პერიოდში, საზოგადოებისთვის დამატებით დარიცხული თანხა შეადგენს სულ – 461 978 ლარს, მათ შორის, ძირითად – 153 993 ლარს.
მიუხედავად აღნიშნულისა, კანონით დადგენილ 45-დღიან სამუშაო ვადაში არ გადახდილა დაკისრებული ძირითადი თანხა, ამასთანავე ამავე ვადაში არ გადავადებულა ან დაკორექტირებულა გადასახდელად დაკისრებული, ზემოხსენებული, ძირითადი თანხა.
2.2. გ. ჩ–სისა მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 13 სექტემბერს, სამეურნეო და კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ხ. ჟ–სა და გ. ვ. დ–სს მიერ 30%-იანი და 70%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იქნა შპს “ს.ი. გ.“(ს/ნ .........), საზოგადოების იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, .........ის რაიონი, გ–ს ქ. №...
2006 წლის 18 დეკემბრიდან 2007 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, შპს „ტ. ი. გ-ს“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა გ. ჩ–ი, რომელიც ხელმძღვანელობდა საზოგადოებას და წარმოადგენდა საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობებში, მასვე ევალებოდა, საზოგადოების საქმიანობას გასძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მიუხედავად აღნიშნულისა, გ. ჩ–მა არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით არ აწარმოა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ტ. ი. გ-ს“ საქმიანობის შემსწავლელი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2012 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2006 წლის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 4 855 709 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 3 238 143 ლარი და ჯარიმა – 1 617 566 ლარი, ხოლო 2013 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით, 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 3 892 207 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 2 595 322 ლარი. ხსენებული ორივე აქტის საფუძველზე, გამოცემულია 2012 წლის 27 დეკემბრის N.... საგადასახადო მოთხოვნა და 2013 წლის 9 დეკემბრის N... საგადასახადო მოთხოვნა.
2006 წლის 18 დეკემბრიდან 2007 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, გ. ჩ–ს შპს „ტ. ი. გ-ს“ დირექტორად მუშაობისას, საზოგადოებისთვის დამატებით დარიცხული თანხა შეადგენს სულ – 6 369 398 ლარს, მათ შორის, ძირითად – 4 246 265 ლარს. 2012 წლის 27 დეკემბრის N..... საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად საკუთარ ვებგვერდზე 2012 წლის 29 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 9 დეკემბრის N.... საგადასახადო მოთხოვნას – 2013 წლის 9 დეკემბერს.
მიუხედავად აღნიშნულისა, კანონით დადგენილ 45-დღიან სამუშაო ვადაში არ გადახდილა დაკისრებული ძირითადი თანხა, ამასთანავე ამავე ვადაში არ გადავადებულა ან დაკორექტირებულა გადასახდელად დაკისრებული, ზემოხსენებული, ძირითადი თანხა.
2.3. გ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 13 სექტემბერს, სამეურნეო და კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ხ. ჟ–სა და გ. ვ. დ–ს მიერ 30%-იანი და 70%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იქნა შპს “ს.ი. გ.“(ს/ნ .......). საზოგადოების იურიდიული მისამართია: საქართველო, თ–ი, .......ის რაიონი, გ–ს ქ. №...
2008 წლის 28 მარტიდან 2011 წლის 21 მარტამდე პერიოდში, შპს „ტ. ი. გ-ს“ დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა გ. მ–ს, რომელიც ხელმძღვანელობდა საზოგადოებას და წარმოადგენდა საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობებში, მასვე ევალებოდა საზოგადოების საქმიანობას გასძღოლოდა კეთილსინდისიერად და გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო–სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მიუხედავად აღნიშნულისა, გ. მ–მ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ აწარმოა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ტ. ი. გ-ს“ საქმიანობის შემსწავლელი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2012 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2006 წლის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 4 855 709 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი – 3 238 143 ლარი და ჯარიმა – 1 617 566 ლარი, ხოლო 2013 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 3 892 207 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 2 595 322 ლარი. ხსენებული ორივე აქტის საფუძველზე გამოცემულია 2012 წლის 27 დეკემბრის N....... და 2013 წლის 9 დეკემბრის N........ საგადასახადო მოთხოვნები. 2012 წლის 27 დეკემბრის N.........საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად საკუთარ ვებგვერდზე 2012 წლის 29 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 9 დეკემბრის N.......... საგადასახადო მოთხოვნას – 2013 წლის 9 დეკემბერს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტით, ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ – 1 929 109 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 1 299 722 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემულია 2014 წლის 28 თებერვლის N.... საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე, ამავე წლის 25 მარტს.
2008 წლის 28 მარტიდან 2011 წლის 21 მარტამდე პერიოდში, გ. მ–ს შპს „ტ. ი. გ-ს" დირექტორად მუშაობის პერიოდში, საზოგადოებისთვის დამატებით დარიცხული თანხა შეადგენს სულ – 3 054 321 ლარს, მათ შორის, ძირითადი – 2 050 380 ლარი.
მიუხედავად აღნიშნულისა, კანონით დადგენილ 45-დღიან სამუშაო ვადაში არ გადახდილა დაკისრებული ძირითადი თანხა, ამასთანავე ამავე ვადაში არ გადავადებულა ან დაკორექტირებულა გადასახდელად დაკისრებული, ზემოხსენებული, ძირითადი თანხა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. ჩ–ი საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. გ. ვ. დ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.4. გ. ვ. დ–სს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
3.5. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს: გ. ჩ–ს და გ. მ–ს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ლევან მარშავამ, რომელმაც მოითხოვა გამართლებულების – გ. ჩ–სა და გ. მ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენისათვის.
4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა გ. ჩ–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – პ. ა-მ, რომლებმაც მითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენი გ. ჩსა და გ. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – ლევან მარშავამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. ჩ–სა და გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.
6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა გ. ჩ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – პ. ა–მ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულების – გ. ჩ–სა და გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) კვალიფიკაციით, ხოლო გ. ჩ–ი და მისი ადვოკატი პ. ა., შესაგებელით, – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინეს თუ არა გამართლებულებმა – გ. ჩ–მა და გ. მ–მ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, გ. ჩ–სა და გ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების, კერძოდ, გ. ჩ–სა და გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების, მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული; სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ჩ–სა და გ. მ–ს წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს 2014 წლის 1 ივნისის №.......... წერილითა და დანართით დგინდება, რომ შპს „ტ. ი. გ-ს“ (ს/ნ...........) სახელზე გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნები“ გაიგზავნა ელექტრონულად, რომლებსაც გადამხდელი გაეცნო საკუთარ ვებგვერდზე, კერძოდ: 2012 წლის 27 დეკემბრის N..... მოთხოვნას გაეცნო – 2012 წლის 29 დეკემბერს, 2013 წლის 9 დეკემბრის N..........მოთხოვნას – 2014 წლის 14 იანვარს, ხოლო 2014 წლის 28 თებერვლის N.......... იმოთხოვნას –2014 წლის 25 მარტს.
12. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს:
12.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა ბ. ზ-მ განმარტა, რომ აწარმოა შპს „ტ. ი. გ-ს“ საგადასახადო შემოწმება, თუმცა ორგანიზაციის მხრიდან წარმომადგენელი ჩართული არ ყოფილა, რათა მასთან ერთად გაევლოთ სხვაობა თანხებს შორის. მოწმის განმარტებით, ერთობლიობის შემოსავალი გაზრდილი იყო 6 000 000-ით, ხოლო გამოქვითვები შემცირებული იყო 4 665 000-ით. ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ვერ გაიმიჯნა ერთმანეთისგან, კომპანია სრულად გამოქვითვას არ ახორციელებდა, შესაბამისად, მოხდა დარიცხვაც. ამასთან, აუდიტორების ან/და კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებულ ინფორმაციას. ამასთან, დოკუმენტების სრულად წარმოდგენის ან/და წარმომადგენლის მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლოა დარიცხვა სხვაგვარად განხორციელებულიყო.
12.2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა დ. გ-მ განმარტა, რომ აწარმოა შპს „ტ. ი. გ-ს“ საგადასახადო შემოწმება. დაუკავშირდნენ დ. ჯ–ს, თუმცა მან 2007-2013 წლების დოკუმენტაციის წარდგენა ვერ შეძლო. გარკვეული შეტყობინებები, მათ შორის, ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნის შესახებ, გადამხდელს ელექტრონულად ჩაბარდა, თუმცა აღნიშნულ შეტყობინებებს უშუალოდ ვინ გაეცნო, არ იცის. მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანიის მხრიდან არ მომხდარა დოკუმენტაციის წარდგენა და კანონმდებლობის შესაბამისად, იგი 400 ლარით დაჯარიმდა. ვინაიდან კომპანიისგან არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, იძულებულნი გახდნენ შემოწმების პროცესში დაყრდნობოდნენ ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ასევე გადამხდელის მიერ დღგ-ს დეკლარაციის დანართზე წარდგენილ შესყიდვის და რეალიზაციის ანგარიშფაქტურებს, ასევე შპს “ტ.ი. გ-ს“ მიერ განხორციელებულ საბაჟო დოკუმენტაციას, მათ შორის, ყოველთვიურ და ყოველწლიურ დეკლარაციებს. ამასთან, შემოწმება ჩატარდა კანონმდებლობის შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა სხვა შედეგი მიეღოთ.
12.3. მოწმე გ. მ–მა (გამომძიებლი) განმარტა, რომ მისთვის არ არის ცნობილი გადასახადების გადამხდელებს, როდის ჩაბარდათ საგადასახადო მოთხოვნები.
12.4. მოწმე ს. ჯ–მ განმარტა, რომ 2007 წლიდან 2008 წლის ბოლომდე მუშაობდა შპს “ტ.ი. გ-ი“, ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე. შპს “ტ.ი. გ-ში“ საგადასახადო უწყებებთან ურთიერთობას აწესრიგებდა ბუღალტერი და სწორედ ის აწვდიდა პარტნიორებს ინფორმაციას. მისი კომპანიაში მუშაობის პერიოდში, გარე აუდიტორული ფირმა მოწვეული ჰყავდა ერთხელ, 2008 წლის შემოდგომაზე. აუდიტორული შემოწმება „ბიზნესის მართვის ბიურომ“ ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 2005 ან 2004 წლიდან 2008 წლამდე პერიოდს. აუდიტის შემოწმების წინაპირობა იყო საგადასახადო დეკლარაციების და საგადასახადო აღრიცხვიანობის შემოწმება და რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მოიცავდა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის შემოწმებას. კომპანიის დოკუმენტაცია მისი იქ მუშაობის პერიოდში ინახებოდა ბუღალტერის ოთახში. ამასთან, შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ ბუღალტერი და აუდიტორული ფირმის თანამშრომლები და შესაბამისად, აუდიტორულ კომპანიას ინფორმაციას ბუღალტერი აწვდიდა. დასკვნას ყველა გაეცნო, მათ შორის ბუღალტერიც.
12.5. მოწმემ დ. ჯ–მა განმარტა, რომ იგი არის “ტ.ი. გ-ს“ ერთერთი დამფუძნებელი და შემოსავლების სამსახურს წარუდგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, იმავდროულად, განუმარტა, რომ კომპანიის დოკუმენტაციის ნაწილი, საქართველოს პროკურატურას ჰქონდა ამოღებული, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. შპს “ტ.ი. გ-ს“ შემოწმება დაიწყო 2012 წელს. საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ არცერთი დირექტორისთვის უცნობებია, აღნიშნული მხოლოდ დამფუძნებლებს შეატყობინა, კერძოდ, ელექტრონული შეტყობინება საგადასახადო მოთხოვნა გახსნა და აღნიშნულის თაობაზეც გარ. ვ. დ-ს შეატყობინა.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს აუდიტორების ბ. ზ–სა და დ. გ–ს ჩვენებებს, რომ ისინი კომპანიის დირექტორებს შემოწმების პერიოდების მიხედვით არ დაკავშირებიან და შესაბამისად, გ. ჩ–სთვის და გ. მ–სთვის ცნობილი არ ყოფილა კომპანიის საგადასახადო შემოწმების ფაქტი; მოწმე ბ. ზ–ს ჩვენებას, რომ საგადასახადო შემოწმების დროს მხოლოდ 2006 წლის საანგარიშო პერიოდზე წარადგინა დ. ჯ–მა დოკუმენტაცია და სხვა პერიოდებთან მიმართებით კომპანიის დამფუძნებელს ან/და წარმომადგენელს საჭირო ინფორმაცია არ წარუდგენია; მოწმემ დ. ჯ–ს ჩვენებას, რომ მან შემოსავლების სამსახურის შესაბამის პირებს განუმარტა, რომ კომპანიის დოკუმენტაციის ნაწილი, საქართველოს პროკურატურას ჰქონდა ამოღებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე იმ გარემოებას, რომ კომპანიის მხრიდან შემოწმების არცერთ პერიოდზე ჩართული არ ყოფილა კომპანიის ბუღალტერი ან/და წარმომადგენელი და აუდიტორების ჩვენებებს, რომ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის ან/და წარმომადგენლის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა დარიცხვა სხვაგვარად განხორციელებულიყო; იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის დ. ჯ–ს განმარტებით, საგადასახადო მოთხოვნებს კომპანიის ელექტრონულ ბაზაში თავად გაეცნო და აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გ. ვ. დ-ს შეატყობინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჩ–სთვის და გ. მ–სთვის უცნობი იყო შემოსავლების სამსახურის მიერ, მათი დირექტორობის პერიოდზე, კომპანიისათვის განხორციელებული დარიცხვების თაობაზე, ხოლო სადავო საგადასახადო მოთხოვნების ,,www.rs.ge-ზე“ გაგზავნა და მისი გაცნობის თარიღები, გ. ჩ–სა და გ. მ–სსთვის საგადასახადო მოთხოვნების ჩაბარებად და აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან გ. ჩ–ს და გ. მ–ს არ ჰქონდათ ობიექტური შესაძლებლობა ედავათ დარიცხვის მართლზომიერების შესახებ ჯერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო მოგვიანებით სასამართლოში.
14. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ჩ–სა და გ. მ–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებასა და საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის ლევან მარშავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი