საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.09.2024
საქმის ნომერი
2კ-586აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №586აპ-24 თბილისი

ქ-ე მ., 586აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის, მსჯავრდებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ისა და მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, მ. ქ-ესა და ვ. შ-ას ბრალად დაედოთ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები), ხოლო ა. მ-ს – ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტები). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ა. მ-ი 2022 წლის 24 აპრილს, დაახლოებით, 03:00 საათზე, ქ. ბ-ში, გ-სა და თ-ის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ სკვერში, წინასწარი შეთანხმებით, ვ. შ-ასა და მ. ქ-ესთან ერთად, ა. ხ-ზე ძალადობით, ხელებისა და ფეხების გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას – 1025 ლარს, 1200 ლარად ღირებულ „ჰუავეს 20-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და 55 ლარად ღირებულ საფულეს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით: ა. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო ვ. შ-ასა და მ. ქ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებიდან – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე. ა. მ-ი, - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ. ქ-ე, - ნასამართლევი და ვ. შ-ა, -, ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ქ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – და მ. ქ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2022 წლის 24 აპრილიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდებულმა მ. ქ-ემ და იმავე სასამართლოს 2021 წლის 11 იანვრის განაჩენით ასევე სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდებულმა ვ. შ-ამ, ა. მ-თან ერთად, 2022 წლის 24 აპრილს, დაახლოებით, 03:00 საათზე, ქ. ბ-ში, გ-სა და თ-ის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ სკვერში, ჯგუფურად, ქ-ისა და შ-ს შემთხვევაში – არაერთგზის, ფიზიკურად იძალადეს ა. ხ-ზე, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, ა. მ-ის – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ვ. შ-ასა და მ. ქ-ის კი –საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დამნაშავეებად ცნობას და მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

6. ადვოკატები: მ. ზ-ე და ლ. რ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ქ-ისა და ა. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. მსჯავრდებულ ვ. შ-ას ადვოკატი სოლომონ კოჩალიძე შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და საქმეზე გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №543აპ-21), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება.

11. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ სამივე მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძარცვა, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატა მ. ქ-ისა და ვ. შ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. მ-ის ქმედების – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე (მათ შორის – მსჯავრდებულებისა და დაზარალებულის ჩვენებებზე), რომლებიც, მტკიცებულებებით დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლივად, გამორიცხავს მსჯავრდებულთა მხრიდან ძარცვის განზრახვის არსებობას.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა ადვოკატების – მ. ზ-ისა და ლ. რ-ის – მოთხოვნა მსჯავრდებულების – მ. ქ-ისა და ა. მ-ის – მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულთა ბრალეულობა დადასტურებულია: დაზარალებულ ა. ხ-ის, მოწმეების: კ. ე-ის, ზ. ხ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეშია მსჯავრდებულ ვ. შ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის შესაგებელი, რომელიც, ერთი მხრივ, ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ადვოკატ ს. კოჩალიძის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ ვ. შ-ას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნით, მითითებული დოკუმენტი (შესაგებელი (პოზიცია) პროკურორის საჩივარზე) სასამართლოში წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით – საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე, როგორც საკასაციო საჩივარზე.

15. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატის მითითებული პოზიცია, თავისი შინაარსით არის შესაგებელი, ხოლო მოთხოვნა მსჯავრდებულის გამართლების შესახებ (მით უფრო, მაშინ, როდესაც არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი) სცდება შესაგებლის მოთხოვნის ფარგლებს.

16. ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის, მსჯავრდებულ მ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ისა და მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი