საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №616აპ-24 თბილისი
თ-ი ჯ., 616აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. თ-ს ბრალად დაედო:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილი);
· გამოძალვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი);
· იძულება, ესე იგი ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი – ოთხი ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2020 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. თ-ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, ხ. ლ-ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგად დაზარალებული განიცდიდა სულიერ ტანჯვას;
o 2020 წლის 22 ივნისიდან 2022 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და სახლის ეზოში, ჯ. თ-ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, სისტემატურად, თვეში სამ-ოთხჯერ სცემდა და სხვაგვარად ძალადობდა ხ. ლ-ეზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა სულიერი და ფიზიკური ტანჯვა;
o 2022 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. თ-მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, ხ. ლ-ეს ძალადობის მუქარით მოსთხოვა მისი კუთვნილი თანხის გადაცემა;
o 2022 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. თ-მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, ხ. ლ-ეს ფსიქიკური ზემოქმედების გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულა, თავი შეეკავებინა სამართალდამცავ ორგანოებთან დარეკვისაგან;
o 2022 წლის პირველ ნოემბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. თ-მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, დანის გამოყენებით, მოკვლის მუქარით ხ. ლ-ე ფსიქიკურად აიძულა, მისთვის შეეძინა ალკოჰოლური სასმელი;
o 2022 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. თ-მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, დანის გამოყენებით, მოკვლის მუქარით ხ. ლ-ე ფსიქიკურად აიძულა, მისთვის შეეძინა ალკოჰოლური სასმელი;
o 2022 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. თ-მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თავს მიიჩნევდა ოჯახის უფროსად და მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ლ-ეს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი მითითებები, მოკლელულიანი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხ. ლ-ეს ფსიქიკურად აიძულებდა, მისთვის შეეძინა ალკოჰოლური სასმელი.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:
§ ჯ. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2022 წლის 31 ოქტომბრის, პირველი და 2 ნოემბრის ეპიზოდებისათვის) წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ ჯ. თ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2022 წლის 3 ნოემბრიდან 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2022 წლის 31 ოქტომბრის, პირველი და 2 ნოემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ჯ. თ-ის მიმართ 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, თუმცა არ დადასტურდა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ჯ. თ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ჯ. თ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ ჯ. თ-ის ადვოკატი დავით ახალაური საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განაჩენი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. თ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2022 წლის 31 ოქტომბრის, პირველი და 2 ნოემბრის ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ჯ. თ-ის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2022 წლის 31 ოქტომბრის, პირველი და 2 ნოემბრის ეპიზოდებისათვის) წარდგენილი ბრალდებებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით. პროკურორის მიერ მითითებულ მოტივებს სააპელაციო პალატამ არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
13. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე