საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100123007666000
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №620აპ-24 18 სექტემბერი, 2024 წელი
მ–მ რ. დ., №620აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მიქაილ ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ.მ. რ–ი (დაბადებული: ....) და ა. რ–ი (რ. ქ. შ–ი) (დაბადებული: ....) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს ი–ი ს–ს მოქალაქე ა. რ–მ, თ–ს რესპუბლიკიდან, მთების და ტყის გავლით, დ.მ. რ–სთან ერთად, ჯგუფურად, საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფ. ს–ში მდებარე N...-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 400 მეტრში, სადაც თანმხლებ პირთან ერთად, 21:50 საათზე, სასაზღვრო განწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ დაკავებული იქნა.
1.3. 2023 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს ი–ი ს–ს მოქალაქე დ.მ. რ–მ, თ–ს რესპუბლიკიდან, მთების და ტყის გავლით, ა. რ–სთან ერთად, ჯგუფურად, საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფ. ს–ში მდებარე N...-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 400 მეტრში, სადაც თანმხლებ პირთან ერთად, 21:50 საათზე, სასაზღვრო განწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ დაკავებული იქნა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს ი–ი ს–ს მოქალაქე ა. რ–მ, თ–ს რესპუბლიკიდან, მთების და ტყის გავლით, საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფ. ს–ში მდებარე N...-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 400 მეტრში, სადაც 21:50 საათზე, სასაზღვრო განწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ დაკავებული იქნა, ასევე 2023 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს ი–ი ს–ს მოქალაქე დ.მ. რ–მ, თ–ს რესპუბლიკიდან, მთების და ტყის გავლით, საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით უკანონოდ გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფ. ს–ში მდებარე N...-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში ს–ს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 400 მეტრში, სადაც 21:50 საათზე, სასაზღვრო განწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ დაკავებული იქნა
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ა. რ–ს (რ. ქ. შ–ი) მიმართ, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ა. რ–ი (რ. ქ. შ–ი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ.მ. რ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დ.მ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულების წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. კ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 15 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მიქაილ ქობულაძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულების წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთეს, გარდა მათი აღიარებისა, ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობით, მოწმეების ი. ჯ–ს, გ. შ–ს, რ. ც–ს გამოკითხვის ოქმებით ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით. სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა, სადაც აღნიშნეს რომ ბრალდებულები თითქოსდა ერთმანეთს არ იცნობდნენ და ცალ-ცალკე შემოვიდნენ ს–ში. ეს განმარტებები გააკეთეს ბრალდებულებმა დასკვნით სიტყვაში მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ მათთან საპროცესო შეთანხმება არ შედგებოდა, რადგან მათი ვინაობა ვერ დადგინდა. ბრალდებულებს სასამართლოში ჩვენება არ მიუციათ და ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რომ ისინი ცალ-ცალკე შემოვიდნენ ს–ში, მათი მხრიდან არ გაჟღერებულა. თუ ბრალდებულებს არ ჰქონდათ კომუნიკაცია და ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაშინ როგორ აღმოჩნდა რომ ორივე მათგანი იყო ა–ს მოქალაქე, ორივე მათგანი ატარებდა ერთი და იგივე გვარს. სასამართლოში არსებითი განხილვისას (საქმის განხილვის დაწყებიდან დაახლოებით სამ თვეში) ა. რ–მ განმარტა, რომ იყო რ. ქ–ი შ–ი და ი–ს ი–ი რესპუბლიკის მოქალაქე. აღნიშნულიც ადასტურებს იმას, რომ ბრალდებულები იცნობდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ კომუნიკაცია, ერთი და იგივე გვარს ატარებდნენ და ერთად შემოვიდნენ ს–ში, რასაც აღიარებდნენ და მათი მხრიდან უდავოდ იქნა მიჩნეული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ.მ. რ–სა და ა. რ–ს (რ. ქ. შ–ი) საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულების ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, 2023 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს ი–ი ს–ს მოქალაქე დ.მ. რ–ს და ა. რ–ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით უკანონოდ გადაკვეთა. სადავო ფაქტობრივი გარემოებაა მსჯავრდებულებმა ჯგუფურად გადმოკვეთეს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
5.5. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ დ.მ. რ–სა და ა. რ–ს (რ. ქ. შ–ი) მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს ედავება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტს, შესაბამისად პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს ჯგუფური დანაშაულის დეფინიცია, კერძოდ: დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. პალატა აღნიშნავს, რომ დ.მ. რ–სა და ა. რ–ს (რ. ქ. შ–ი) მიერ ჯგუფურად ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ერთადერთი მტკიცებულება – ი. ჯ–ს გამოკითხვის ოქმი, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ამ ფაქტის დადასტურების თვალსაზრისით რელევანტური არ არის.
5.7. საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულების მიერ ს–ს სახელმწიფო საზღვრის ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს გადმოკვეთის ფაქტს. ის გარემოება, რომ ფოტოხაფანგის მიერ ერთდროულად იქნა დაფიქსირებული ორი პირის მოძრაობა, არ არის საკმარისი დ.მ. რ–ს და ა. რ–ს (რ. ქ. შ–ი) მხრიდან დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის დასადასტურებლად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება, რომ ისინი ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს ან/და ჰქონდათ რაიმე კავშირი, მანამ სანამ ს–ში შემოვიდნოდნენ. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე დაადგინოს, რომ მსჯავრდებულები მოქმედებნდნენ ჯგუფურად.
5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს მაკვალიფიცირებელი ნიშნით - ჯგუფურად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს და არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.9. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.10. პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მსჯავრდებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, სადაც აღიარებდნენ ს–ს საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტს და არა დასკვნით სიტყვაში გაკეთებული განმარტებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება ბრალდებულს აძლევს გარანტიას, არ შეიზღუდოს გამოძიებაში ბრალის აღიარებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
5.11. ამასთან, აღსანიშნავია, ისიც, რომ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული უნდა დასტურდებოდეს ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად არსებული მტკიცებულებებით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.12. ამდენად, საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულების სასარგებლოდ.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ.მ. რ–სა და ა. რ–ს (რ. ქ. შ–ი) მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მსჯავრდებულების წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მიქაილ ქობულაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე