დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820141224010124882
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1591-24 ქ. თბილისი
ე. ა., 1591-24 28 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ე-ს საკასაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ა. ზ-ს ძე ე. (A. E.) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ა. ე-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
ა. ე-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა. ე-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ა. ე-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 26 მაისიდან.
2. 2024 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ე-ს პირადი საქმე.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ე-ს მიმართ ნაწილობრივ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
მსჯავრდებულ ა. ე-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, შემცირდა ერთი მეოთხედით, რის შემდეგაც მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
მსჯავრდებულ ა. ე-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდა და აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ე-მ. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ამნისტია არის უსამართლო და არათანაბარი, რის გამოც ასაჩივრებს გადაწყვეტილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
3. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა. ე-ს ერთი მეოთხედით კანონიერად შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ ნაწილით, მოსახდელი დარჩა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე − 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რომელსაც შთანთქმული ჰქონდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ასევე კანონიერად არ გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
5. ა. ე-ს მიმართ აგრეთვე მართებულად არ გავრცელდა ამნისტია ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზეც, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით (ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ან სასჯელის შემცირება არ ვრცელდება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელზე.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი