ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141224010125145
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №221I-24 12 დეკემბერი, 2024 წელი
კ-ა ნ, 221I-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ა, - დაბადებული .. წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
1.1. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით.
1.2. ნ. კ-ს 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. 2024 წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან“ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ნ. კ-ას პირადი საქმე.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
4. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნ. კ-ას ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი (4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეცვლილი აქვს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით) და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. კ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
3. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელიც პირობით ვადამდეა გათავისუფლებული (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით და მსჯავრდებულ ნ. კ-ას ერთი მეექვსედით შეუმცირა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. კ-ას დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით.
6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
7. ამდენად, ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. კ-ას უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლითა და 8 თვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ნ. კ-ას, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლითა და 8 თვით;
4. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი