საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.10.2024
საქმის ნომერი
2კ-732აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007760372

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №732აპ-24 22 ოქტომბერი, 2024 წელი

დ–ი გ., №732აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. დ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 27 ნოემბერს, თ–ი, წ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. დ–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ნ. ო–ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. ო–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის ივლისის თვეში, თ–ი, წ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. დ–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს - ნ. ო–ს კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმებში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. ო–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის ივნისის თვეში თ–ი, წ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. დ–სმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ორსულ მეუღლეს - ნ. ო–ს, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი სახის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, ნ. ო–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2023 წლის ივლისის თვეში, თ–ი, წ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. დ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მეუღლეს - ნ. ო–ს, კერძოდ განუცხადა, რომ პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ნ. ო–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენით, გ. დ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. დ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 12 ივნისს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნათია ქომოშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. დ–სის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ. ო–ს გამოკითხვის ოქმით, ასევე მოწმე გ. ფ–ს ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით, მისი თანდართული ოქმით, აუდიოჩანაწერებითა და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. დ–ს ბრალეულობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ გ. დ–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ნ. ო–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა გამართლებულის მონაწილეობას განხილულ დანაშაულებში.

5.4. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ ნ. ო–ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა პროცესზე, არ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, ს–ში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაზარალებულ ნ. ო–ს გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რაც ნეიტრალურ დამკვირვებელს არ გაუჩენს კითხვებს ბრალდების მხარის პოზიციის საპირისპიროდ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.8. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.9. აღსანიშნავია, რომ ნ. ო–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა. მართალია აღნიშნული მტკიცებულება და გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი რაოდენობრივად ორ სხვადასხვა მტკიცებულებას წარმოადგენს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს სწორედ დაზარალებული. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარებულია ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას იმეორებს, რაც თავისი არსით დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გამეორებას წარმოადგენს.

5.10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე აუდიოჩანაწერებსა და ფოტოსურათებზე. პალატა ამ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომლის თანახმადაც, აუდიოჩანაწერებში ასახული ინფორმაცია არ ემთხვევა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ გარემოებებს, დაუდგენელია აღნიშნული ჩანაწერების განხორციელების თარიღი და ექსპერტიზის დასკვნით იდენტიფიცირებული არ არის აუდიოჩანაწერებში არსებული ხმები (დაცვის მხარემ აღნიშნული სადავოდ მიიჩნია), რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

5.11. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმის – გ. ფ–ს ჩვენებაზე და განმარტავს, რომ იგი არ არის ფაქტების თვითმხილველი მოწმე და მან სასამართლოში დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. დ–ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები და მასში ასახული ინფორმაცია, რომელიც ზოგ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე