დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.12.2024
საქმის ნომერი
2კ-195-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080141124010161726

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1951-24 ქ. თბილისი

შ. მ., 1951-24 3 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით მ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. შ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

მ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 4 თებერვლიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. შ-სა და მისი ადვოკატის, მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

4. 2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. შ-ს პირადი საქმე.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით

მსჯავრდებულ მ. შ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რამაც გავლენა არ მოახდინა საბოლოო სასჯელზე).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. -მ. საჩივრის ავტორი მოითხოვს საქმის გადასინჯვას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ამნისტიის კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

4. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მ. შ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე კანონიერად არ გავრცელდა ამნისტია. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს, ვინაიდან მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ ასევე კანონიერად არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

6. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და ერთი მეექვსედით მართებულად შეუმცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მითითებულ მუხლზე არ გავრცელდა ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, არ ექცეოდა ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაულების ჩამონათვალში.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის შემცირებამ გავლენა ვერ მოახდინა მ. შ-ს მიმართ განსაზღვრულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლით შეფარდებული სასჯელი სრულად შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რომელზეც არ გავრცელდა ამნისტია, რაც ასევე კანონიერია.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი