განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 22.11.2024
საქმის ნომერი
2კ-141-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141224010120336

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1411-24 22 ნოემბერი, 2024 წელი

ჟ. ი. 1411-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჟ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით ი. ჟ–ი, – პ/ნ .........., – ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი. ჟ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

1.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ი. ჟ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით –საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

1.5. ი. ჟ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2014 წლის 26 მაისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჟ–ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჟ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დუშვებლად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჟ–ს საკასაციო საჩივარი (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე) არ დაკმაყოფილდა;

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ი. ჟ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელად;

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ჟ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი (ძველი რედაქცია); ვინაიდან ი. ჟ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შთანთქა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით (საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით) განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, დარჩა უცვლელად.

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

6. 2024 წლის 1 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ჟ–ს პირადი საქმე.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინების თანახმად: მსჯავრდებულ ი. ჟ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (რომელიც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით შემცირებულია 1/4-ით) – 1/4-ით უნდა შეუმცირდეს, მაგრამ, ვინაიდან ამ მუხლით დანიშნული სასჯელი შთანთქა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, რომელზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის კანონის“ მოქმედება, ი. ჟ–ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი – დარჩა უცვლელად.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჟ–მა. კასატორი ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე და შესაბამისად, საბოლოო სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინების თანახმად, ბუნდოვანია გავრცელდა თუ არა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ი. ჟ–ს მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნულ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით შემცირებულ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: “მსჯავრდებულ ი. ჟ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (რომელიც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით შემცირებულია 1/4-ით) – უნდა შეუმცირდეს 1/4-ით, მაგრამ, ვინაიდან ამ მუხლით დანიშნული სასჯელი შთანთქა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, რომელზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის კანონის“ მოქმედება, ი. ჟ–ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი – დარჩეს უცვლელად”.

2.1. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით კანონიერად არის გადაწყვეტილი საბოლოო სასჯელის საკითხი, თუმცა არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს დანაშაულთა ერთობლიობაში შემავალ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (რომელიც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებასა და ამ მუხლისათვის საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესახებ მსჯელობას (ხოლო ,,ამნისტიის კანონის“ მოქმედება ვრცელდება ცელკეულ დანაშაულზე), იმაზე მითითებით, რომ ი. ჟ–ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ,,ამნისტიის კანონის“ მოქმედება არ ვრცელდება იმ მუხლზე (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე), რომელმაც შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (რომელიც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელი (რომელზეც ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი).

2.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესით განსაზღვრისას სასჯელის შთანთქმა არ გულისხმობს, მის გაუქმებას. შესაბამისად, ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს განაჩენით/განაჩენებით დანიშნულ თითოეულ სასჯელს ცალკ-ცალკე.

2.2.1. შესაბამისად, მართალია საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და, შესაბამისად, შთანთქმულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელება, ი. ჟ–ს საბოლოო სასჯელზე, დღეის მდგომარეობით, გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა განესაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, ამნისტიის საფუძველზე შემცირებული საბოლოო სასჯელის ხანგრძლივობა.

2.3. შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (რომელიც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

4. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენი) დადგენილია, რომ ი. ჟ–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – ჰეროინის – უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ით ისჯებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შესაბამისად, მას აღნიშნული მუხლით დაედო მსჯავრი), ხოლო საქართველოს სსკ–ის დღეს მოქმედი რედაქციით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (რისთვისაც მსჯავრდებულია ი. ჟ–ი) გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა)).

6. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწიენბით, რომ ი. ჟ–ი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენის დროს არ იყო ნასაართლობის მქონე პირი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც დღეს მოქმედი რედაქციით შეესაამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებულ დანაშაულზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, ი. ჟ–ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ამ დანაშაულისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული ( თავისუფლების აღკვეთა 8 წლით) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ამ ნაწილში უნდა განისაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

7. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთას, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც დღეს მოქმედი რედაქციით შეესაამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, შემცირებული სასჯელი, საკასაციო სასამართლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მხედველობაში მიღებით, ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინების მოტივაციას.

7.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას განავრცოს ამნისტიის აქტის მოქმედება იმ დანაშაულებზე, რომლებზეც ამნისტიის აქტის გავრცელება არ წარმოადგენდა კანონმდებლის ნებას და, მით უფრო, იმ დანაშაულებზე, რომელთ მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენება ცალსახად და პირდაპირ იკრძალება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით.

8. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით ი. ჟ–ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი დაენიშნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ი. ჟ–ს ამ (საბოლოო სასჯელის) ნაწილში შეუმსუბუქოს სამართლებრივი მდგომარეობა.

9. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას მისი მსჯავრდების ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინაიდან მან ჩაიდინა არა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არამედ – დიდი ოდენობით ნარკოტიკული დანაშაული, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი (ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ნაკლებ ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა განხილულიყო სასამართლოს არსებით სხდომაზე. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელიც სცდება აღნიშულ კანონს და მის მიზნებს. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ – პირის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ჟ–სის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

2.1. ი. ჟ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,ა” ქვეპუნქტით (რაც დღეს მოქმედი რედაქციით შეესაამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

2.2. ი. ჟ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე – 15 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ჟ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

2.4. ი. ჟ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2014 წლის 26 მაისიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი