საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №819აპ-24 თბილისი
კ-ე კ., 819აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ანრი არსენიშვილისა – და მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. კ-ეს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), რაც გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, თ-ში, ი. გ-ის ქუჩაზე, იმყოფებოდნენ გ. მ-ი და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ. კ-ე. მოულოდნელად ი. გ-ის ქუჩის გადამკვეთი ბ-ის ქუჩიდან გ. მ-ს მიუახლოვდა ს. გ-ა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად გ. მ-ი ძირს დაეცა. ს. გ-ა მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ. მ-ს და კვლავ გაისროლა მისი ფეხების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ს. გ-ამ შეწყვიტა სროლა გ. მ-ის მიმართულებით და სცადა შემთხვევის ადგილის დატოვება, კ. კ-ემ თანნაქონი „გლოკ 17“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, მკვლელობის განზრახვით, რამდენჯერმე ესროლა ს. გ-ას, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით კ. კ-ის, ნასამართლობის არმქონის, ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 113-ე მუხლზე; კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 5 მაისიდან.
3. განაჩენის მიხედვით, კ. კ-ეს მსჯავრად დაედო მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი), რაც გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, ი. გ-ის ქუჩის გადამკვეთი ბ-ის ქუჩიდან გ. მ-ის მიუახლოვდა ს. გ-ა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად გ. მ-ი ძირს დაეცა. ს. გ-ა მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ. მ-ს და კვლავ გაისროლა მისი ფეხების მიმართულებით, რა დროსაც კ. კ-ემ თანნაქონი „გლოკ 17“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, რამდენჯერმე ესროლა ს. გ-ას, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ანრი არსენიშვილი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას, კ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის განსაზღვრას შეს.მისი მუხლის სანქციის ფარგლებში.
6. მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმებას და კ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ. კ-ეს არ ჰქონია ს. გ-ას მოკვლის პირდაპირი განზრახვა, რაც გამორიცხავს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პირველი გასროლიდან ბოლოს წინა გასროლამდე კ. კ-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბოლო, საბედისწერო გასროლა მსჯავრდებულმა განახორციელა ძირს უძრავად დაგდებული, მომაკვდავი ს. გ-ას მიმართულებით. სწორედ მისი მხრიდან ბოლო გასროლის გამო შეფასდა კ. კ-ის ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა სწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარეების არგუმენტებს ამომწურავად უპასუხა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელთან დაკავშირებით, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
11. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეეს.მება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და კ. კ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
13. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შეს.მისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ანრი არსენიშვილისა – და მსჯავრდებულ კ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე