დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802225010984269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№39I-25 ქ. თბილისი
თ-ი ფ, 39I-25 28 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. თ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის, საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკაში ფ. თ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2023 წლის 6 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ბურჰანიეს მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ფ. თ-ის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმადაც, მას ბრალად ედება: თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) და – იმავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2024 წლის 5 ივლისს გაიცა ფ.თ-ის დაკავების ბრძანება.
2. საქართველოში ფ. თ-ის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები:
2024 წლის 31 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. თ-ის ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრების შუამდგომლობა.
2024 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. თ-ნი.
2024 წლის 6 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. თ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს გენერალუმა პროკურატურამ მიიღო ფ. თ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2025 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ფ. თ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 4 მაისამდე.
3. ფ.თ-ს ბრალად ედება, რომ:
ფ. თ-მა და ე. უ-იმ განიზრახეს დაზარალებულის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, ფ.თ-ინი და ე. უ-ზი დაზარალებულის მოკვლის განზრახვით მივიდნენ შემთხვევის ადგილას. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომ, შეთანხმების შესაბამისად, ფ. თ-ი დარჩა ავტომობილში, ხოლო მისი თანამზრახველი შევიდა დაზარალებულის სამუშაო ადგილას, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულებს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
4. 2025 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ფ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ფ. თ-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2024 წლის 14 ნოემბრის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) და იმავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. თ-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა მწირი ინფორმაცია, მათ შორის, არ მოიპოვება არცერთი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება/განაჩენი. დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც ფ. თ-ნი დანაშაულის მსხვერპლია, რის გამოც იგი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირია.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ფ. თ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციაში აღნიშნულია, რომ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლით განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ერთვოდეს ექსტრადიციის შუამდგომლობას. მათი წარმოდგენის ვალდებულება ალტერნატიულია და ზემოხსენებულ მუხლში ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთის წარმოდგენა საკმარისია მე-12 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, ფ. თ-ის მიმართ, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, განაჩენი არ არის გამოტანილი და მისი ექსტრადიცია მოითხოვება სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ვერ წარმოადგენდნენ ფ. თ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებულ განაჩენს. თურქულმა მხარემ წარმოადგინა კონვენციის მე-12 მუხლით განსაზღვრული ყველა შესაბამისი დოკუმენტი და ინფორმაცია. რაც შეეხება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებულ დაცვის მხარის მითითებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფ. თ-ნი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. თ-ნი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 4 ნოემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ფ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება, განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე –შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. ფ. თ-ის მიერ ზემოაღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილებს სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა და იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება (12/12/2024), რომ ფ. თ-ნი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
6.3. ფ. თ-ნი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ფ. თ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე.
7.2. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; ფ. თ-ს გააჩნია დაცვის უფლება, რაც გათვალისწინებულია შიდა კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მხარეც არის თურქეთი.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ფ. თ-ნი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
8.2. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის კანონმდებლობითაც.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (17/01/2025), ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფ. თ-ის საჩივარი, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების უარის თქმასთან მიმართებით, დარჩა განუხილველი. შესაბამისად, ამ პიროვნებასთან, საქართველოს სასამართლოებში საქმის წარმოება დასრულებულია. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ფ. თ-ნი აღარ ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად.
9.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატის საჩივარში მითითებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ფ. თ-ნი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელია, არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
9.3. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.4. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი – ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ფ. თ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ფ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.
12. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილია მწირი ინფორმაცია, მათ შორის, არ მოიპოვება რომელიმე სასამართლოს გადაწყვეტილება/განაჩენი, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით იკვეთება, პირის ექსტრადიცია მოთხოვნილია სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. მაშასადამე, ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყანა ვერ წარმოადგენდა სასამართლოს მიერ მოცემულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს. ამასთან, საქმის მასალებში, მათ შორის წარმოდგენილია თურქეთის რესპუბლიკის ბურჰანიეს სისხლის სამართლის საქმეთა N2 უმაღლესი სასამართლოს დაკავების ორდერი (05/07/2024). შესაბამისად, ამ ნაწილში ადვოკატის პოზიცია აგრეთვე დაუსაბუთებელია.
13. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
13.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს;
13.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). აღსანიშნავია რომ ფ. თ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ფ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე