საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1171აპ-24 17 მარტი, 2025 წელი
ვ-ი ე., №1171აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე. ვ-ს -- ბრალად ედებოდა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, თ----ის საავტომობილო გზის --ე კილომეტრზე, მ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --- მხრიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი “MERCEDES-BENZ”-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ---) მძღოლმა – ე. ვ-მა, ალკოჰოლის ზემოქმედებით (0.359 % პრომილე), დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები: „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“, „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“, შეეჯახა ქვეითებს: უ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს, ---დაბადებულ დ. ი-ს და ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს, --- დაბადებულ მ. დ-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით:
3.1. ე. ვ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილზე (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
3.2. ე. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით, ე. ვ-ის დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2023 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, თ----ის საავტომობილო გზის ---ე კილომეტრზე, მ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --- მხრიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი “MERCEDES-BENZ”-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით – ---) მძღოლმა – ე. ვ-მა – დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები: „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“, „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს“; იგი შეეჯახა ქვეითებს – უ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს, ---დაბადებულ დ. ი-ს და ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქეს, --- დაბადებულ მ. დ-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა – თინათინ სტურუამ, რომელმაც მოითხოვა ე. ვ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორი თინათინ სტურუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. ვ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. პროკურორის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ე. ვ-ი იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ვ-ის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში არყოფნის შესახებ და ითხოვს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. შესაბამისად, სასამართლო აღარ იმსჯელებს ე. ვ-ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ერთი მხრივ, თავად მსჯავრდებულის აღიარებით და, მეორე მხრივ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №--- და №--- დასკვნებით).
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ვ-ის კვალიფიკაციის ნაწილში და მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ე. ვ-ის ალკოჰოლური სიმთვრალე უტყუარად არ დადასტურებულა, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმის და თანდართული ქვითრის თანახმად, 2023 წლის 27 ნოემბერს, 05:24:20 საათზე, სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად ალკოტესტით შემოწმდა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ავტომანქანის მძღოლი – ე. ვ-ი, რომელიც აღმოჩნდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რადგან ალკოტესტმა დააფიქსირა 0,359 პრომილე.
11. მოწმე-პოლიციელების – ვ. ყ-ის და ნ. ო-ის – სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ ე. ვ-ი შემთხვევის ადგილზევე შეამოწმეს ალკოტესტით, რის შედეგადაც მას დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0,359 პრომილეს ოდენობით.
12. გამომძიებელ გ. უ-ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ სიმთვრალის დადგენის შემდეგ, ე. ვ-სგან აიღეს სისხლის ნიმუში და დაინიშნა ექსპერტიზა.
13. სისხლის ნიმუშის ოქმის თანახმად, ე. ვ-საგან სისხლის ნიმუში აიღეს 2023 წლის 27 ნოემბერს, 07:00-07:10 დროის შუალედში.
14. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, ე. ვ-ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ც. გ-ემ.
15. ექსპერტ გ. მ-ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ადამიანის ორგანიზმიდან ეთილის სპირტის გამოდევნის პროცესი დამოკიდებულია მის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე. განსახილველ შემთხვევაში, ე. ვ-სთვის ალკოტესტით შემოწმებისას გამოყენებული ინსტრუმენტი, დიდი ალბათობით, ზუსტი არ იყო, რადგან ალკოტესტის შემდეგ, კანონით დადგენილი ორსაათიანი ვადის გასვლამდე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში საერთოდ არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი (რეალურად შედეგიდან გამომდინარე, რაღაც რაოდენობა უნდა დარჩენილიყო). ზოგადად, ალკოტესტის ჩატარებისას გამოყენებული ინსტრუმენტი არ არის ზუსტი. შესაბამისად, ე. ვ-ი სწორად მოიქცა, რომ ალკოტესტის შემდეგ ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც არის მეტად ზუსტი. შემთხვევიდან ექსპერტიზის ჩატარებამდე გასული დროის გათვალისწინებით, მოწმე მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ე. ვ-ის ორგანიზმში, დიდი ალბათობით, იყო ეთილის სპირტი, თუმცა 95%-ით იყო დასაშვები ნორმა (0,3 პრომილეზე ნაკლები).
16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-10 ნაწილის თანახმად: „ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. ...თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. ...კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.“
17. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე. ვ-ი ალკოტესტზე შემოწმდა 2023 წლის 27 ნოემბერს, 05:24 საათზე. მითითებული დროიდან ორი საათის გასვლამდე, 07:00-07:10 პერიოდში, ე. ვ-საგან აიღეს სისხლის ნიმუში, რომელიც ალკოჰოლის შემცველობის დადგენის მიზნით, გაიგზავნა ექსპერტიზაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე. ვ-ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. აღნიშნული დასკვნის შედეგი ცალსახად ეწინააღმდეგება ალკოტესტის შედეგებს, რასაც სახელმწიფო ბრალმდებელმა დააფუძნა ე. ვ-ის ბრალდება.
18. სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ დასახელებულ არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მართებულად არ გაიზიარა ე. ვ-ის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტი ალკოჰოლური თრობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ გახადა შემთხვევის მომენტში მისი ალკოჰოლური თრობის ფაქტი, დაუშვებელია გამოძიების ეტაპზე მის მიერ რაიმე ფორმით გაცხადებული ინფორმაცია გამოყენებული იქნეს მის წინააღმდეგ.
19. ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებელ არგუმენტად იშველიებს ექსპერტ გ. მ-ის ჩვენებას, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ჩვენება არათუ ამყარებს, არამედ უსაფუძვლოს ხდის პროკურორის მოსაზრებას, რადგან მოწმემ გარკვევით განაცხადა, რომ ალკოტესტის ჩატარებისას გამოყენებული ინსტრუმენტი არ არის ზუსტი; რომ ე. ვ-მა ალკოტესტის შემდეგ სწორად ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც არის მეტად ზუსტი. დამაზუსტებელ შეკითხვების პასუხად, მოწმემ აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ე. ვ-ის ორგანიზმში, დიდი ალბათობით, იყო ეთილის სპირტი, თუმცა 95%-ით იყო დასაშვები ნორმა.
20. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-10 პუნქტს იმ ნაწილშიც, რომ ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება. აღნიშნული სახელმძღვანელო სტანდარტის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც ე. ვ-მა ალკოტესტის შემოწმებიდან დაახლოებით 1 საათსა და 40 წუთში აიღო სისხლის ნიმუში, რომელშიც ეთილის სპირტის შემცველობის მაჩვენებელი აღმოჩნდა ნულის ტოლი, ჩნდება საპირისპირო აზრი, რომ ალკოტესტზე შემოწმებისას ე. ვ-ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.
21. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სასამართლოებისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ შესაბამისად, აუცილებელია, მტკიცებულებათა ერთობლიობა იყოს ერთმანეთთან თანხვდენილი, მათ შორის არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, აშკარად ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და, ამასთან, მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულების სარწმუნოობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
22. სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის არგუმენტები, ადამიანის სხეულიდან ალკოჰოლის გამოდევნის პროცესთან დაკავშირებით, დაფუძნებულია ვარაუდებზე, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მიღმაა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ვ-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მსჯავრდების შესაბამისად, კანონიერია.
23. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
24. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“
25. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო ე. ვ-ს, სასჯელად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.
26. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის, ჩადენილი დანაშაულის სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ყოფაქცევა დანაშაულის შემდეგ – დანაშაულის აღიარება, აგრეთვე – დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა და ე. ვ-ს განუსაზღვრა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და დამდგარი შედეგის პროპორციული სასჯელი. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დამძიმების კონტექსტში დაზარალებულთა რაოდენობაზე აპელირება არამართებულია, რადგან სწორედ დამდგარმა შედეგმა განაპირობა ე. ვ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაკვალიფიცირება. ამდენად, ე. ვ-ისთვის დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე. ვ-მა დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა, თუმცა, იმავდროულად ითვალისწინებს ხსენებული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც დანაშაულის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებში, ამნისტიის გავრცელების წინაპირობად ითხოვს დაზარალებულის თანხმობას: „ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია“. განსახილველ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობები ე. ვ-ის მიმართ ამნისტიის გამოყენების შესახებ, რის გამოც, მსჯავრდებულზე არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
28. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
30. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე