საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1195აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1195აპ-24 თბილისი

რ-ე ლ., 1195აპ-24 17 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენით ლ. რ-ე, დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. რ-მ ჩაიდინა სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 3 მაისს, დაახლოებით, 20:30 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „სასაზღვრო პოლიციის“ სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის – სასაზღვრო პოლიციის N- სამმართველოს (---) სასაზღვრო სექტორის კაპრალმა ლ. რ-მ ისე, რომ არ ჰქონია წინასწარი ნებართვა, მესაკუთრეების ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ა-ის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში მდებარე მ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ა-ისა და მ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაარღვია მათი მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით გველესიანი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. რ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, რადგან სასამართლოს მიერ დანიშნული, უსამართლოდ მსუბუქი სასჯელი სიმბოლურია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ლ. რ-სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს უნდა გაითვალისწინოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ელი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას, ვადით – ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ორ წლამდე.

11. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. რ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები: მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, ქმედების ჩადენის ვითარება და გარემოებები, დაზარალებულების პოზიცია და პრეტენზია ბრალდებულის მიმართ, ასევე – მსჯავრდებულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მისივე განმარტება, რომ გაცნობიერებული აქვს ქმედება და პასუხისმგებლობა, ბოდიშს უხდის დაზარალებულებს ჩადენილის გამო, ცდილობს მათთან შერიგებას, ის გარემოება, რომ ქმედების შემდეგ არ არის შემჩნეული კანონთან რაიმე სახის კონფლიქტში, დაზარალებულებთან რაიმე სახის ინციდენტს აღარ ჰქონია ადგილი, კანონშესაბამისი, ზრდილობიანი ქცევა სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებების უდავოდ ცნობით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, მსჯავრდებულის ასაკი, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მისი ქცევა ქმედების შემდეგ და საგამოძიებო უწყებასთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობა. სასამართლო, ბრალდებულის ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულების ინფორმაციების საპირწონედ, დაეყრდნო ბრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის განმარტებას, რომ ემზადება საზღვარგარეთ სამუშაოდ წასასვლელად, რაც ცალსახად მიუთითებს მის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვებით დაზარალებულებთან რაიმე მოსალოდნელი კონფლიქტის ანდა ინციდენტის საფრთხის სიმცირესა და აღმოფხვრაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც რაიმე მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი არ მოჰყოლია.

12. სასამართლო მიუთითებს, რომ, ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენის პიროვნული მახასიათებლების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება, რაც არის ჩადენილი ქმედების ადეკვატური, პროპორციული და მიიღწევა სასჯელის მიზნები, აღდგება სამართლიანობა და ხელს შეუწყობს დამნაშავის რესოციალიზაციას. პალატას მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არსებობს სასჯელის სახედ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ან შინაპატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. რ-სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კასატორს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ, რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე