შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.04.2025
საქმის ნომერი
2კ-1349აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100123007433411

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1349აპ-24 ქ. თბილისი

ც. ვ. 1349აპ-24 3 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ც–ის (პირადი ნომერი –-……….) მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვ. ც–ი, 2023 წლის 3 მაისს, დახლოებით 08:30 საათზე, ქ. ბ...., ბ...-ს ქუჩის №..ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაერთგზის, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს, მშობელს – ლ. ც–ასა და დას – ვ; ც–ას, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.1. აღნიშნული ქმედებით ვ. ც–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ვ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით.

2.1. ვ. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 3 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც მოითხოვა ვ. ც–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ვ. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. კ–ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ვ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვ. ც–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.3. მსჯავრდებულ ვ. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2024 წლის 28 ოქტომბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 3 მაისიდან 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით;

4.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვ. ც–ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი შესაბამისი შეზღუდვებით, 3 თვით;

4.5. მსჯავრდებულ ვ. ც–ს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ ვ. ც–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. კერძოდ, პროკურორის მტკიცებით გასაჩივრებული განაჩენით ვ. ც–ის მიმართ უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულ ვ. ც–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, იმაზე მითითებით, რომ, შესაბამისი პირობის – მსჯავრდბეულის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების შესახებ დაზარალებულების თანხმობის – არ არსებობის გამო, ვ. ც–ის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

2.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის ვ. ც–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა და ამ დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელის სახე ან/და ზომა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით შეფარდებული სასჯელის კანონიერება (კასატორი პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, არის უკანონო, რადგან არ უნდა გამოყენებულიყო ამნისტიის შესახებ კანონი). ამდენად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისა და შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქების კანონიერების საკითხზე.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლითაც იხელმძღვანელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ – 2024 წლის 28 ოქტომბრის – განაჩენში, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებას (სასჯელის 1/6-ით შემცირებას) იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა, თუ მის მიერ ჩადენილია ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაული, რაც (მუქარის ნაწილში) გულისხმობს/მოიცავს – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, მაშინ, როცა ვ. ც–ს ბრალი წარედგინა და მსჯავრი დაედო/ედება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. შესაბამისად, ვ. ც–ის მსჯავრდება არ ჯდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა), ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), ამავე მუხლის მე-5 პუნქტს (მათ შორის, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა). მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების – ლ. ც–ასა და ვ; ც–ას თანხმობა, ვ. ც–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, ვ. ც–ის მიმართ არ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებისას, იმავდროულად, ამავე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოსცა 2024 წლის 28 ოქტომბრის №1/ბ-249-2024 წ. დამცავი ორდერი (რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ც–ის (დაბადებულის 19---–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------, მცხოვრების ქ. ბ...., ბ...-ს ქ.№---ში) მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 3 თვე; მსჯავრდებულ ვ. ც–ს აეკრძალა დაზარალებულებთან – ლ. ც–ასთან და ვ; ც–ასთან, მათ შორის, მათ საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ლ. ც–ა და ვ; ც–ა იმყოფებოდნენ და მათთან რაიმე ფორმით ურთიერთობა; მსჯავრდებულ ვ. ც–ს აეკრძალა დაზარალებულებთან – ლ. ც–ასთან და ვ; ც–ასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალურ ქსელის გამოყენებით). ვინაიდან, არ არსებობს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების საფუძველი, აღნიშნული დამცავი ორდერი უნდა გაუქმდეს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ შეიცავს მსჯელობას საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ორი ნივთმტკიცება: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112-დან” გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი დისკი (რომელიც ერთვის საქმეს) და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა (იხ.: ტ. N1; ს.ფ. 238).

9.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნივთმტკიცებათა საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ვ. ც–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

4. მსჯავრდებულ ვ. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2024 წლის 28 ოქტომბრიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს – 2023 წლის 3 მაისიდან 2023 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ. ც–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

6. ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო დანა – განადგურდეს;

7. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის №1/ბ-249-2024 წ. დამცავი ორდერი;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე