ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.04.2025
საქმის ნომერი
2კ-65-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.04.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200140024010181085

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №651-25 24 აპრილი, 2025 წელი

ძ-ი თ., N651-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ძ–ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 9 ოქტომბერს, კ–ს პრობაციის ბიუროდან თელავის რაიონულ სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ თ. ძ–ის (პირადი ნომერი: ...........) სააღსრულებო საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით, თ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე. თ. ძ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლით.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, თ. ძ–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

4. მსჯავრდებულმა თ. ძ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ... 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ... 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თ. ძ–ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაზეც წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თ. ძ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, კერძოდ: მისთვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ა. თ–ის - ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ხოლო დაზარალებული მარიამ სიმონიშვილი ვერ იქნა მოძიებული. ამდენად, წარმოდგენილი არ არის რა დაზარალებულ მ. ს-ს თანხმობა, არ არსებობს თ. ძ–ის მიმართ ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.

5. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. აღსანიშნავია, რომ თ. ძ–ს ჩადენილი არ აქვს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მის მიმართ ვერ გავრცელდება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა, ამნისტიის კანონის გავრცელების თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თ. ძ–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება“. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ჩამოთვლილი მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი. ზემოხსენებული ნორმის ბოლო ნაწილი კი, არის შემთხვევა, როდესაც დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამასთან ამ პირს ოჯახის წევრი არ ჰყავს ან ეს უკანასკნელიც ვერ იძებნება. ასეთი პირების მიმართ კი, ამნისტიის კანონი უნდა აღსრულდეს იმ მოცემულობით რაც არის სახეზე.

7. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, „კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)“.

8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა“.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინება და თ. ძ–ს ერთი წლით უნდა შეუმცირდეს სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა) უნდა შეუმცირდეს 1/5-ით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ძ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინება;

3. მსჯავრდებულ თ. ძ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი წლით შეუმცირდეს სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ თ. ძ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე 1/5-ით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელი (საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლით) და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა განესაზღვროს 9 თვითა და 18 დღით.

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე