დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №66I-25 თბილისი
მ. დ., 66I-25 25 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ. მ-ას ბრალად დაედო დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით: დ. მ-ამ 2021 წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირა შპს “ლ. ლ.“, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. ფ., გ-ის ქ. მე-კორპუსი, ბინა №-, ხოლო ფაქტობრივი მისამართია: ქ. ზ-ი, ს-ის №-. საწარმოს საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენდა შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა. დ. მ-ამ საწარმოს დირექტორად დაარეგისტრირა საკუთარი მამა ზ. მ-ა, რეალურად კი საწარმოს საქმიანობას სრულად ხელმძღვანელობდა და ფინანსებს განკარგავდა დ. მ-ა. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დ. მ-ა, ვალდებული იყო სწორად და სრულად განეხორციელებინა საგადასახადო ანგარიშგება. საგადასახადო პერიოდის გათვალისწინებით, შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩაერიცხა გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. მ-ამ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ საგადასახადო ანგარიშგება არ შეასრულა სრულად, კერძოდ: 11.08.2021-01.02.2023 წლებში გადასახადის გადამხდელი შპს “ლ. ლ.“ სრულად არ აწარმოებდა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, არ ადგენდა შეძენილი საქონლის წარმოშობის პირველად დოკუმენტაციას. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2170 ტონა ჯართი, ამათგან გააჩნდა მხოლოდ 146 ტონა ჯართის წარმოშობის პირველადი დოკუმენტაცია. არ აწარმოებდა მისი საქმიანობის სრულყოფილ დეკლარირებას, ასევე არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას, არ აწარმოებდა გაწეული მომსახურების სათანადო აღრიცხვასა და დეკლარირებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის ბრძანებით დაინიშნა შპს “ლ. ლ.ს“ საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2021 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აპრილს გაცემული ბრძანებითა და ამ ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 აპრილს გაცემული საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, შპს “ლ. ლ.ს“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი – 114093 ლარი, რომელსაც გადამხდელი დ. მ-ა გაეცნო ელექტრონულად. ამდენად, 2021 წლის 11 აგვისტოდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში დ. მ-ამ ჩაიდინა დიდი ოდენობით – 114093 ლარის გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
2. 2025 წლის 20 მარტს პროკურორ ლიკა ბულიას, ბრალდებულ დ. მ-ასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ კ. ტ-ას შორის ზემდგომი პროკურორის თანხმობით დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად პროკურორმა მოითხოვა ბრალდებულ დ. მ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეები დაეთანხმნენ საპროცესო შეთანხმების პირობებს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით პროკურორ ლიკა ბულიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პროკურორს უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე და გაგრძელდა წინასასამართლო სხდომა.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინება გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა – ლიკა ბულიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მასა და ბრალდებულ დ. მ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება საპროცესო შეთანხმებაში მითითებული პირობებით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინება პროკურორსა და ბრალდებულ დ. მ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა – ლიკა ბულიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მასა და ბრალდებულ დ. მ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას საპროცესო შეთანხმებაში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის მიხედვით, სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება, თუ დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავის მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი.
3. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოებს, რომ მოცემული საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებულია და არც ერთი მხარე არ ხდის სადავოდ, რომ ბრალდებული დ. მ-ა არ ყოფილა დარეგისტრირებული მეწარმედ და გადასახადის გადამხდელად. მეწარმედ და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია დ. მ-ას მამა – ზ. მ-ა, რომელიც არის შპს “ლ. ლ.ს“ 100%-იანი წილის ერთადერთი მესაკუთრე, დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე ის დარეგისტრირებულია --ზე და მისი ტელეფონის ნომერია მითითებული შესაბამის დოკუმენტაციაში. ეს ფაქტები ზ. მ-ამ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში და აღნიშნა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ჯართის შეგროვება, იცის შპს “ლ. ლ.ს“ მოქმედების შესახებ, ბრალდებული მისი შვილია, რომელიც არის აქტიურად ჩართული მისი ფირმის საქმიანობაში, ვინაიდან მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ შეუძლია აქტიურად საქმიანობა, თუმცა ზოგჯერ ეხმარება მის შვილს, იცის მისი შვილის საქმიანობის შესახებ, დოკუმენტაციის შევსებისას მას მოსდის შესაბამისი კოდები და კარნახობს დ. მ-ას, რომელიც თავის მხრივ, ავსებს დოკუმენტებს და აგზავნის ადრესატთან.
4. მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობა აქვს შპს “ლ. ლ.ს“ და მის დირექტორს, დეკლარაციების წარდგენა ხდება დირექტორის სახელით, გადასახადები ერიცხება სწორედ ამ პირს და არა ბრალდებულს. იგივე დასტურდება შპს “ლ. ლ.ს“ შემოწმების მასალებით, კერძოდ: შემოწმების აქტში შპს-ს წარმომადგენლად მითითებულია მისი დირექტორი. საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო სწორედ დირექტორი, გადასახადი დაერიცხა შპს-ს და მის დირექტორს. შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულებაც დაეკისრა შპს-ს და მის დირექტორს. დადგენილია ასევე, რომ საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შპს-ს დირექტორმა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს ბრალდებულისთვის არ დაუკისრებია გადასახადის გადახდა, არამედ ეს ვალდებულება დააკისრა შპს-ს და მის ოფიციალურ წარმომადგენელს. შესაბამისად, გადასახადის გადახდის ვალდებულება ჰქონდა შპს-ს წარმომადგენელს, ვინც არის მითითებული საგადასახადო მოთხოვნასა და შესაბამის დოკუმენტაციაში.
5. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შემდეგ განმარტებებს: საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, ვისაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით აქვს გადასახადის გადახდის ვალდებულება. იმავე კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად. ამდენად, გადასახადის გადამხდელად, კოდექსის თანახმად, უნდა დარეგისტრირდეს პირი, ვინც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. გადასახადის გადახდისთვის თავის არიდება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც დაეკისრა ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება. საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული გადასახადის გადახდას, სამართლებრივი თვალსაზრისით, თავი აარიდა არა ბრალდებულმა, არამედ შპს-ს წარმომადგენელმა, ვინც იყო ვალდებული გადაეხადა ის. გადასახადის გადახდისგან თავის არიდების სუბიექტი სპეციალურია და ის შეიძლება იყოს მხოლოდ გადასახადის გადამხდელი. მხოლოდ გადასახადის გადამხდელს შეუძლია, თავი აარიდოს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას – გადასახადის გადახდას. თუ პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული გადამხდელად და მეწარმედ, ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ეს არის რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა და იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.
6. ამდენად, ბრალდებული დ. მ-ა არ არის მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი. ბრალდებული არ იყო ვალდებული გადაეხადა გადასახადი შპს “ლ. ლ.ს“ სახელით. ბრალდებულის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. შესაბამისად, საქმის მასალებიც არასათანადო პირისთვის არის გაცვლილი.
7. ამავე დროს, სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება დაზარალებულის თანხმობის არარსებობაზე, რადგან არ შეიქმნას ერთი და იმავე ზიანის ორჯერ გადახდის ვალდებულება და შესაბამისად პირთა უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე. ამ გარემოებასა და ზემოაღნიშნულ არგუმენტებთან მიმართებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დეტალურად იმსჯელეს, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონულმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთეს მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საქმე დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე