საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005810834
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N73აპ-24 28 აპრილი, 2025 წელი
ჭ–ა ბ., №73აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჭ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ჭ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით ბ. ჭ–ა გასამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2022 წლის 23 მარტს, დაახლოებით 16:15 საათზე, ქ. თ–ში, გ–ი, მე-.. მ/რაიონი, მე-.. კმ-ზე მდებარე №.. პენიტენციური დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის .. ფლიგელზე არსებულ სამორიგეოსთან, სადაც ხორციელდება 24 საათიანი ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობა, მსჯავრდებულმა ბ. ჭ–ამ ხელი დაარტყა ყურის არეში ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერს პ. ჩ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მარცხენა ყურის ნიჟარაზე აღენიშნებოდა შესიება და სიწითლე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მაისის განაჩენით, ბ. ჭ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჭ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 13 დეკემბერს, მსჯავრდებულმა ბ. ჭ–ამ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ჭ–ას საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ – პ. ჩ–ის, ასევე მოწმეების – ა. ბ–ს, მ. ყ–სა და გ. კ–ს – ჩვენებების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცეს 2022 წლის 23 მარტს №.. პენიტენციური დაწესებულების მე-.. სართულზე, მიმდინარე მოვლენები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მათ მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, ჩვენებები თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან: ვიდეოჩანაწერთან, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება ბ. ჭ–ს მიერ დანაშაულის ჩადენა (დაახლოებით 16:14:28 საათზე ბ. ჭ–ა მარჯვენა ხელს ურტყამს პ. ჩ–ს მარცხენა სახესა და მხარს შორის. პ. ჩ–ი იქნევს ფურცლიან ხელს, ფურცლები ცვივდება იატაკზე. ბ. ჭ–ას აკავებენ თანამშრომლები: გ. კ–ე, ა. ბ–ე და მ. ყ–ი და გაჰყავთ სამორიგეოში) და სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნასთან, რომლის თანახმად, გარეგანი დათვალიერებით პ. ჩ–ს აღენიშნებოდა მარცხენა ყურის ნიჟარის შეწითლება და შესიება.
5.5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ჭ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე