დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.05.2025
საქმის ნომერი
2კ-80-I-25
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №80I-25 19 მაისი, 2025 წელი

ჩ-უ რ., №80I-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. ჩ-უს (R. C.) – ადვოკატ ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის №2021/18192-2021/18410 გადაწყვეტილებით, 2019 წლის 24 ოქტომბრის სტამბოლის ანატოლიის მე-9 სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით №2019/563 საქმეზე №2012/190, რ. ჩ-უს მიმართ (რ. ჩ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149/1-a-c-h-d, 62, 53/1-2-3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის – ღამით ერთზე მეტი პირის მიერ შეიარაღებული ძარცვის – ჩადენისთვის) დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით და 30 თვით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 18 ოქტომბერს.

1.2. 2024 წლის 12 ივნისს სტამბოლის ანატოლიის მთავარმა პროკურატურამ ზემოთ აღნიშნული სასჯელის მოხდის მიზნით, გამოსცა რ. ჩ-უს დაკავების შესახებ ბრძანება.

2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2004 წელს, სხვადასხვა დროს, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რ. ჩ-უ, წინასწარი შეთანხმებით, სხვა პირებთან ერთად, იარაღის მუქარით და ძალის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი. გ-ს კუთვნილ თანხას 13 000 000 000 თურქული ლირის ოდენობით, 150 000 000 თურქული ლირის ღირებულების თამასუქს და 6 600 000 000 თურქული ლირის ღირებულების 4 ცალ თამასუქს, ს. გ-ს კუთვნილ თანხებს: 4 450 000 000, 5 000 000 000 და 500 000 000 თურქული ლირის ოდენობით და 9 ცალ 3 500 000 000 თურქული ლირის ღირებულების თამასუქს, ა. ბ-ს კუთვნილ თანხას 5 000 000 000 თურქული ლირის ოდენობით (ორჯერ), 5 000 000 000 და 7 500 000 000 თურქული ლირის ღირებულის ჩეკებს.

3. საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2025 წლის 14 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ჩ-უ.

3.2. 2025 წლის 16 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით, რ. ჩ-უს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3.3. 2025 წლის 28 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, რ. ჩ-უს ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

3.4. 2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. ჩ-უს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

3.5. ამჟამად, რ. ჩ-უ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-პენიტენციურ დაწესებულებაში.

3.6. 2025 წლის 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა – მეგი გურჩიანმა – და ითხოვა, სტამბოლის ანატოლიის მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის №2021/18192-2021/18410 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, რ. ჩ-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორის – მეგი გურჩიანის – შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ჩ-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

3.8. ექსტრადიციას დაქვემდებარებული რ. ჩ-უს ადვოკატი – ზ. ლ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: რ. ჩ-უს დანაშაული არ ჩაუდენია; ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი უსიამოვნებების გამო, მისი ოჯახი არაერთხელ ყოფილა თურქეთის სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაახლოებული მაფიოზური კლანის ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე; რ. ჩ-უ არ დასწრებია თურქეთის რესპუბლიკაში მის მიმართ წარმოებულ საქმის განხილვას, რის გამოც, ვერ ისარგებლა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით; თურქეთის რესპუბლიკისთვის რ. ჩ-უს გადაცემის შემთხვევაში, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები.

3.9. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა – მეგი გურჩიანმა – წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით. პროკურორის მტკიცებით, დამცველის მოთხოვნა ზოგადი და ბუნდოვანია; არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც რ. ჩ-უს ექსტრადიციის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში მითითებული საფრთხეების რეალურობას დაადასტურებს; თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი სარწმუნო გარანტიები დაიცავს რ. ჩ-უს უფლებებს; ექსტრადიციის დასაშვებად ცნობით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები არ დაირღვევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. რ. ჩ-უს მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წელზე მეტი ვადით (საქართველოს კანონმდებლობით 2.1. პუნქტში აღწერილი დანაშაული დაისჯებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე). ამასთან, დაცულია: ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. იმავდროულად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის – რ. ჩ-უს – დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ განსახილველ საქმეში არ არის რაიმე აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რაც დაადასტურებდა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში რ. ჩ-უ დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის ჭრილში, ადვოკატის მიერ გაცხადებული ფაქტების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში რ. ჩ-უს მიმართ განაჩენი გამოტანილ იქნა მისი თანდასწრებით. შესაბამისად, იგი ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომების შესახებ. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, რაც თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართალწარმოებისას რ. ჩ-უს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას დაადასტურებდა.

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ ექსტრადირებული პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 7 ივლისის №14038/88 გადაწყვეტილება Soering v. the United Kingdom, §91). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №59166/12 გადაწყვეტილება J.K. and others v. Sweden, §91). ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის №46827/99 და №46951/99 გადაწყვეტილება Mamatkulov and Askarov v. Turkey, §73). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის №36378/02 გადაწყვეტილება Shamayev and Others v. Georgia and Russia, §350).

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რ. ჩ-უს ადვოკატის – ზ. ლ-ის – საკასაციო საჩივარში მითითებული საფრთხეები ზოგადია და რაიმე სარწმუნო მტკიცებულებას არ ეფუძნება. შესაბამისად, რამდენადაც დაცვის მხარის მიერ გაცხადებული წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეების არსებობა კონკრეტული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, რ. ჩ-უს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებები. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი გარანტიები არის ერთგვარი უზრუნველყოფა, რომ ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, რ. ჩ-უს საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებები სრულად იქნება დაცული.

7. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის, თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა თუ აღკვეთის კუთხით.

8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების კვალდაკვალ, აღნიშნავს, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია ემსახურება. ანალოგიურ შემთხვევებში, უფლების შეზღუდვის თანაზომიერების (პროპორციულობის) შესაფასებლად, სასამართლო ითვალისწინებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმეს და უფლების შეზღუდვის ხარისხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის №9742/07 გადაწყვეტილება Anthony KING v. the United Kingdom, §29).

9. მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, რ. ჩ-უს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და მისი ექსტრადიცია მოითხოვება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულისათვის, რისთვისაც საბოლოო სასჯელად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 30 წლითა და 30 თვით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რ. ჩ-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.

10. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რ. ჩ-უს მიმართ აშკარა, უკანონო დევნასა და უდანაშაულობაზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციას განეკუთვნება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერთანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა საფუძვლიანია და არ არსებობს რ. ჩ-უს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული რ. ჩ-უს ადვოკატ ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი