საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.06.2025
საქმის ნომერი
2კ-156აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100120003582754

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №156აპ-25 ქ. თბილისი

ო–ი ს., 156აპ-25 12 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ო–ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. თ–ში, პ–ს ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „...... პლაზას“ წინ, ერთმანეთს შეეჯახნენ ს. ო–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით ..... და ა. ო–ის მართვის ქვეშ მყოფი მოპედი „ნამლავინი“, რაც გამოწვეული იყო მათი მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფით. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ა. ო–ის მგზავრი – გ. ა–ი – იმავე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენით ს. ო–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ს. ო–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ს. ო–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა მარინე ლომიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. ო–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა – მარინე ლომიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ო–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ს. ო–ის ბრალეულობა. ბრალდების მხარე არ იზიარებს საქმეში წარმოდგენილი ავტოტექნიკური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური, კომისიური ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა მიხედვით, დადგენილია, რომ ს. ო–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. პროკურორი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზები არ ჩატარებულა სრულყოფილად და პასუხგაუცემელი დარჩა რიგი კითხვები. პროკურორი აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით და არა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე.

6. გამართლებულ ს. ო–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ხ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან საჩივარი უკანონო და დაუსაბუთებელია.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის – შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ს. ო–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

10. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი, ჩაიდინა თუ არა ს. ო–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება, რის გასარკვევადაც უნდა დადგინდეს, ს. ო–მა დაარღვია თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები და არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორის მტკიცებით, ს. ო–ი მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფით მოქმედებდა, რაც პროკურორის მოსაზრებით, დადასტურდა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, თუმცა ორივე ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.

11. საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების თანაარსებობა: ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მოცემული დარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც მართავს ავტომობილს და შედეგის – ადამიანის სიცოცხლის მოსპობის დადგომა.

12. გასათვალისწინებელია, რომ ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, ამდენად, უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, რადგან იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვება სპეციალური ცოდნა. სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16).

13. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმეზე ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, კერძოდ:

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, სახელდობრ: სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.........., ავტოტექნიკური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №....... ......, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №..........., ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №..... (დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული) დასკვნებზე, ასევე, სასამართლო სხდომაზე, მითითებულ საექსპერტო კვლევაში მონაწილე და მათი გამცემი ექსპერტების: დ. გ–ს, ლ. ა–ს, ლ. ფ–ს, ვ. ბ–ს, ი. ს–ს, თ. დ–ს, გ. ხ–სა და თ. ჭ–ს ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით, ირკვევა შემდეგი:

წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის შესაბამისად, ავტომობილი „მერსედესი“ (რომელსაც მართავდა ს. ო–ი) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა დაახლოებით, 108 კმ/სთ სიჩქარით (რასაც სადავოდ არ ხდის არც დაცვის მხარე); სავაჭრო ცენტრ ,,ჰ–ს” მიმდებარედ გამავალ საავტომობილო გზაზე, ვ–ს მხრიდან ვარკეთილის მიმართულებით, სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრაობდა ავტომობილი „მერსედესი“; ამავდროულად მის წინ, გარკვეული მანძილის დაშორებით, პირველ და მესამე სამოძრაო ზოლებში მოძრაობდნენ მსუბუქი ავტომობილები; №..-ე ელ. განათების ბოძის მიმდებარედ მსვლელობისას, საპირისპირო მხრიდან მოძრავმა მოპედმა დაიწყო ავტომობილების სავალ ნაწილზე შესვლა, მთლიანად გაათავისუფლა მესამე სამოძრაო ზოლი, შევიდა მეორე სამოძრაო ზოლში და გაჩერდა; ამ დროს, დაახლოებით, 1,3 წამში მას დაეჯახა მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი „მერსედესი“; შემთხვევაში მონაწილე „მერსედესს“, რომელიც მოძრაობდა მეორე სამოძრაო ზოლში, ხოლო მის წინ, მარჯვნივ და მარცხნივ, პირველსა და მესამე სამოძრაო ზოლებში მოძრაობდნენ მსუბუქი ავტომობილები, მესამე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი, „მერსედესის“ მძღოლს ხილვადობას უზღუდავდა მეზობელი ზოლების კონტროლირებისას. კერძოდ, როდესაც შემთხვევაში მონაწილე მოპედმა დაიწყო მესამე სამოძრაო ზოლის გადაკვეთა, „მერსედესის“ მძღოლი მის დანახვას, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ შეძლებდა; „მერსედესის“ მძღოლს მოპედი შესაძლებელია, დაენახა იმ მომენტისათვის, როდესაც მოპედი გასცდა მესამე სამოძრაო ზოლში მოძრავ მსუბუქ ავტომობილს, შევიდა მეორე სამოძრაო ზოლში, შეანელა მოძრაობა და გაჩერდა; ამდენად, ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლისათვის საფრთხე წარმოიქმნა მაშინ, როდესაც მოპედი გაჩერდა მის სამოძრაო ზოლში ვინაიდან, თუ მოპედის მძღოლი გააგრძელებდა მოძრაობას, იგი სრულად გაათავისუფლებდა ავტომობილ „მერსედესის“ სამოძრაო ზოლს და მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა; საკითხს, ავტომანქანა „მერსედესის“ მძღოლის – ს. ო–ის მიერ კონკრეტულ სამოძრაო ტერიტორიაზე ნებადართული სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობა, ტექნიკური თვალსაზრისით იყო თუ არა მიზეზობრივ კავშირში მოცემულ საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის განვითარებასთან, დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, ტექნიკური თვალსაზრისით, საჭირო იყო, დაახლოებით, 45 მეტრი მანძილი მაშინ, როცა მძღოლ ს. ო–ს მოცემულ კონკრეტულ პირობებში, განკარგულებაში ჰქონდა საჭიროზე ნაკლები მანძილი – 39 მეტრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლი ს. ო–ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული, ზემოხსენებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე ორივე საექსპერტო დაწესებულების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც კატეგორიული ხასიათისაა, ანალოგიურად და ერთმანეთის შესაბამისად, დგინდება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპედის მძღოლის, ა. ო–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ამავე დასკვნებით დასტურდება ისიც, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი ს. ო–ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

16. მითითებული ექსპერტიზის დასკვნებს აგრეთვე სრულად შეესაბამება დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნაც.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის ყველა დასკვნა კატეგორიული ხასიათისაა, რომელთა სისწორეს სრულად ადასტურებენ შესაბამისი დასკვნების გამცემი ექსპერტები. ექსპერტებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად და დაწვრილებით ისაუბრეს როგორც დასკვნის შინაარსზე, ისე – კვლევის წარმოების პროცესსა და მეთოდოლოგიაზე. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნების სანდოობასა და სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იკვეთება.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის ვერსია, რომ ავტომანქანა „მერსედესის“ მძღოლს მოძრაობისას, მოპედის მხრიდან საფრთხე იმაზე ადრე წარმოეშვა, ვიდრე ეს ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებითაა დადგენილი, რის დამადასტურებლადაც პროკურორი უმთავრესად იშველიებს მოწმე ბ. გ–ს ჩვენებას (მოწმე განმარტავს, რომ მან, დაახლოებით, 100 მეტრის რადიუსში დაინახა საპირისპირო სავალი ზოლიდან მოპედის გადმოსვლა, მაგრამ მითითებული იმთავითვე არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ს. ო–ს ამავე მანძილიდან ვერ დაენახა საპირისპირო სავალი ზოლიდან მოპედის გადმოსვლა, ვინაიდან, როგორც ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, მისი ხილვადობისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად მესამე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანა წარმოადგენდა), ექსპერტ რ. ვ–ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემულ ჩვენებასა და განმარტებებს (რომლის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულების საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით წარდგენის გამო) და ასევე – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, შემთხვევისგან არსებითად განსხვავებულ ვითარებაში), წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. ო–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

20. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo-ს“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი