საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115783132
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №18აპ-25 ქ. თბილისი
ს. ვ. 18აპ-25 1 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნით ვ. ს–ას, – პირადი ნომერი: N.........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2002 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ვ. ს–ა და კ. ხ–ე დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი, მივიდნენ თ–ში, გ–ს დასახლებაში, ... მ/რ-ის მე-.. კორპუსში მცხოვრებ ა. ი–თან და გაიხმეს იგი ამავე მ/რ-ის მე-.. კორპუსის წინ მდებარე ა/ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შორის მიმდინარე საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც კ. ხ–ემ და ვ. ს–ამ უმნიშვნელო მიზეზით, შესაბამისად, ხულიგნური ქვენაგრძნობით განიზრახეს ჯგუფურად ა. ი–ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. ხ–ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ა. ი–ს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, შესაბამისად, განსაკუთრებული სისასტიკით, მიაყენა ჭრილობა მარჯვენა ფეხის არეში, რითაც ა. ი–მა მიიღო მარჯვენა წვივის არის ძვლებისა და კუნთების დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ვ. ს–ამ განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ასევე დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან წაქცეულ ა. ი–ს ესროლა მუცლის არეში, რითაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ კ. ხ–ე და ვ. ს–ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ა. ი–ი ადგილზე გარდაიცვალა.
1.1. აღნიშნული ქმედებით ვ. ს–ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ვ. ს–ა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
2.2. ვ. ს–ას მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 იანვრის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
2.3. ვ. ს–ას განემარტა საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ვ. ს–ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) დამნაშავედ ცნობა. იმავდროულად, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1/4-ით შემცირება.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა. კასატორი ითხოვს ვ. ს–ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დამნაშავედ ცნობას, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1/4-ით შემცირებას.
5.2. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ – ვ. ს–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. გ–მა. დაცვის მხარე ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის თანახმად (,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა), საქმე განიხილება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვ. ს–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შემთხვევის დროს ვ. ს–ას შემთხვევის ადგილზე ყოფნა და ჯგუფურად ჩადენილ ა. ი–ის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობა.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
8.1. სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა (მათ შორის, ე. ი–ს და თ. ჭ–ს) მამხილებელი ჩვენებები ირიბია, ვინაიდან ისინი ვ. ს–ას მიერ ა. ი–ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ მხოლოდ სხვა პირის/ებისაგან იციან გადმოცემით. რაც შეეხება თ. ი–ს ჩვენებას, მოწმემ მართალია დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს დაინახა როგორ ესროლეს (კონკრეტულმა პირმა ესროლა) მამამისს დამიზნებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მუცელში, თუმცა მსროლელს იგი არ იცნობდა.
8.2. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2002 წლის 29 ნოემბერს, მოწმე ვ. ა–მა, ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან მართალია ამოიცნო ვ. ს–ა, რომელმაც 2002 წლის 24 ნოემბერს გ–ს მასივში ესროლა პისტოლეტი ძირს დაგდებულ პირს, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა აღნიშნული გარემოება და განმარტა, რომ იგი უშუალოდ მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია. მასთან ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა თუ არა არ ახსოვს. ოქმზე არსებული ხელმოწერა მის ხელმოწერას ჰგავს, თუმცა არ ახსოვს მსგავსი ფაქტი. 2002 წლის 24 ნოემბერს, ის და გ. ქ–ი განყოფილებაში წაიყვანეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო. იქ რაღაც საბუთებზე მოაწერინეს ხელი მაგრამ არ ახსოვს რაზე. დაკავების დროს თვითონაც და ქ–ც ნარკოტიკული საშულების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
8.2.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა საწინააღმდეგოს (მათ შორის, დაადასტურებდა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე აღნიშნული მოწმის ხელმოწერას (მაგ.: ექსპერტიზის დასკვნა)). იმავდროულად, კასატორი, თავად აყენებს ეჭქვეშ აღნიშნული მოწმის ინფორმაციის სანდოობას, როდესაც განმარტავს, რომ ,,ვ. ა–ი ათჯერ იქნა გასამართლებული მართლმსაჯულების მიერ და შესაბამისად, მისგან არც იყო მოსალოდნელი გულწრფელობა”.
8.3. საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილისა (სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას) და იმის გათვალისწინებით, რომ, გ. ქ. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ვერ დაიკითხა და გამოქვეყნდა მისი ჩვენება, დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მოწმის დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა; დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას; სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა მოწმე, რომელიც დაადასტურებდა სადავო დანაშაულში გამართლებულის მონაწილეობას; სასამართლოზე დაკითხული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირის/ებისგან გავრცელებულ ინფორმაციას, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაუდო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, იმ ერთადერთი მოწმის ჩვენება, რომელიც არ დაიკითხა სასამართლო სხდომაზე (ობიექტური მიზეზის გამო);
8.3.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის, იყო თუ არა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება პირის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი ფაქტორი/მტკიცებულება, დამოკიდებულია გამამყარებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და სიმტკიცეზე (იხ. Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom, nos. 26766/05, 22228/06, par.131, 15/12/2011 ECtHR; Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.123, ECtHR 15/12/2015; Kartsivadze v. Georgia, no. 30680/09, par.56, ECtHR, 12/12/2019).
7.1.2. პირის მსჯავრდება უნდა ემყარებოდეს შეჯიბრებით სასამართლო პროცესში მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის პირობებში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებს (იხ. Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, ECtHR, 15/12/2015; Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom, nos. 26766/05, 22228/06, ECtHR, 15/12/2011; ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის №949აპ-23 განაჩენი).
7.1.3. „მოწმის ჩვენება, რომელიც მიღებულ იქნა მაგისტრატი (გამომძიებელი) მოსამართლის თანდასწრებით არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს“ (Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, par.52, ECtHR, 29/09/2023; Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.155, ECtHR 15/12/2015; Hümmer v. Germany, no. 26171/07, par.48, ECtHR, 19/07/2012; Hanu v. Romania, no.10890/04, par.40, ECtHR, 04/09/2013; Dadayan v. Armenia, no. 14078/12, par.46, ECtHR , 06/12/2018; ასევე იხ., mutatis mutandis, Faysal Pamuk v. Turkey, no. 430/13, paras. 70-71, ECtHR, 09/05/2022).
7.1.4. მოწმის მიუწვდომლობასთან (მისი უცხოეთში ყოფნის ან სხვა მიზეზის გამო) დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოწმის იმ ქვეყნიდან არყოფნა, სადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს, თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს სასამართლო პროცესზე მისი არყოფნის გასამართლებლად (Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, par.61, ECtHR, 12/09/2016; Gabrielyan v. Armenia, no. 8088/05, par.78, 10/07/2012). ეროვნულმა სასამართლოებმა ყველა გონივრული ძალისხმევა უნდა გაიღონ მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, პოლიციის დახმარებით, და, როგორც წესი, უნდა მიმართონ საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებას, თუ მოწმე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ასეთი მექანიზმები ხელმისაწვდომია (იხ. Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, paras.120-122, ECtHR, 15/12/2015).
8.3.2. მოწმის ამგვარი (გამოუცხადებელი მოწმის) ჩვენების მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს აღნიშნული მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდებისათვის ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. ამასთან, ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ხოლო ,,გადამწყვეტი“ მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება, მაღალი ალბათობით, საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებულია მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე (იხ.: Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.123, ECtHR 15/12/2015; ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის №949აპ-23 განაჩენი).
9. ამდენად, იმ დაშვების პირობებშიც, თუ გაზიარებული იქნება კასატორი ბრალდების მხარის მტკიცება, რომ მიუხედავად საქართველოს შსს საინფორმაციო-ანლიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2016 წლის 30 სექტემბრის წერილისა, რომ ვ. ს–ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 1997 წლიდან 2016 წლის 28 სექტემბრამდე დაფიქსირდა სსსკ „ყ–ს“ გავლით 2002 წლის 13 აპრილს (გასვლა), ვ. ს–ას შეეძლო და გადმოკვეთა კიდეც ს–ს საზღვარი სხვა/შეცვლილი სახელითა და გვარით და შესაბამისად, დანაშაულის დროს იმყოფებოდა ს–ში, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ვ. ს–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. მკვლელობაში ვ. ს–ას მონაწილეობის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა პირდაპირი მტკიცებულება/ები, მიუხედავად იმისა, რომ საბრალდებო დასკვნის თანახმად, ინციდენტი მოხდა – დღის საათებში, ქუჩაში.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის პოზიცია, რომ ვ. ს–ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის ( 1998წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლს და 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე