საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123008026734
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №37აპ-25 ქ. თბილისი
ჯ. დ. 37აპ-25 8 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. ჯ–ს – პ/ნ ........... – ბრალად ედებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ. ჯ–მა გადამზიდავი კომპანიის შპს „....... ფოსტის“ მეშვეობით აშშ-დან ს–ში მიიღო საფოსტო ამანათი, რომელიც 2023 წლის 25 აგვისტოს ჩამოვიდა. დეკლარირებულ საქონელში, მალულად მოთავსებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები – 15 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი GLOCK-19-ის ჩამკეტის გარსაცმი, მასში მოთავსებული დამცავი მექანიზმით და ნემსით, 15 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი GLOCK-19-ის ლულა და 15 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის პისტოლეტი GLOCK-19-ის დამაბრუნებელი ზამბარა თავისი ღერძით. მათი საბაჟო ღირებულება შეადგენს - 23555 ლარს. 2023 წლის 5 სექტემბერს, დ. ჯ–მა ქ. თ–ში, .....ას გამზირის №..-ში მდებარე შპს „....... ფოსტაში“ მიიღო ამანათი, რომელშიც ჩანაცვლებამდე მალულად მოთავსებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები, რის შემდეგ იგი დაკავებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენით:
2.1. დ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. დ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 5 სექტემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა დ. ჯ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ. ჯ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. დ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. დ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 5 სექტემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ჯ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას მხოლოდ იმ ნაწილში, რომელშიც თავი ცნო დამნაშავედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასკვნითი სიტყვის ეტაპზე.
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას მსჯავრდებულმა დ. ჯ–მა მიუთითა, რომ გახდა თაღლითობის მსხვერპლი, მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ინტერნეტსივრცეში გაცნობილ ადამიანს ენდო, ვერასოდეს აღიარებს, რომ შეგნებულად მისცა ვიღაცას უფლება, რომ მის სახელზე ასეთი ამანათი გამოეგზავნა. თავს ცნობს დამნაშავედ, რადგან მიხვდა, რაღაც თაღლითობის მსხვერპლი რომ იყო, თუმცა ფოსტაში პოლიცის გარეშე მივიდა. საბოლოოდ, ითხოვს ისეთი სასჯელის გამოყენებას, რომელიც მის მიერ ჩადენილი ქმედების (ენდო ადამიანს, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩააგდო) შესაბამისია (15:32:26-14:46:26).
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
6.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში დ. ჯ–ი უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია, ინტერნეტსივრცეში გაცნობილი ადამიანის თაღლითობის მსხვერპლი გახდა და მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ენდო უცხო ადამიანს.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
8. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა გ. გ–ს (მებაჟე-ოფიცერი), ლ. ნ–ს, დ. ლ–ს, ა. გ–ს, ი. თ–ს, ნ. ა–ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მ. ა–ის გამოკითხვის ოქმით, 2023 წლის 25 აგვისტოს N...... აქტით, სსიპ შ-ს ს-ს ს. დ-ს უფროსის ზ. ს–ას 2023 წლის 29 აგვისტოს წერილით და მასზე თანდართული დოკუმენტაციის ამოღების ოქმით, 2023 წლის 2 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 2 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და „კონტროლირებადი მიწოდების“ განხორციელების მიზნით ჩანაცვლების ოქმით, 2023 წლის 5 სექტემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, 2023 წლის 5 სექტემბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, შპს „........ ფოსტიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, 2023 წლის 13 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით (დ. ჯ–ის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა), სასაქონლო ექსპერტიზის N..... დასკვნით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი – ბალისტიკური ექსპერტიზის N......... დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N..... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ამანათი ჩამოვიდა დ. ჯ–ის სახელზე და მანვე აიღო. აღნიშნულს არც კასატორი ხდის სადავოდ.
8.1. მხარეთა შორის დავის საგანია დ. ჯ–მა იცოდა თუ არა, რომ მის სახელზე გამოგზავნილ ამანათში მოთავსებულ ხმის გამაძლიერებელს ჰქონდა ორი სამალავი, რომელშიც მოთავსებული იყო 15 ცალი იარაღის ჩარჩო, 15 ცალი ლულა და 15 ცალი ზამბარა.
9. საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. ჯ–ის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა დადგენილი ობიექტურად, რადგან მან არ იცოდა ამანათში მოთავსებულ ხმის გამაძლიერებელში სამალავების არსებობა, რომელშიც ჩალაგებული იყო იარაღის დაშლილი ნაწილები. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: მოწმე ნ. ა–ის ჩვენებას, დ. ჯ–ის ტელეფონიდან 2023 წლის 13 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული 2023 წლის 5 სექტემბრის ავტომობილის ჩხრეკის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის N..... დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს), რომელთა ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ. ჯ–ისათვის ცნობილი იყო მის სახელზე გამოგზავნილ ამანათში არსებული სამალავების შესახებ.
10. 2023 წლის 13 ოქტომბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, დ. ჯ–ის „POCO”-ს ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ დ. ჯ–ს ინტერნეტ აპლიკაცია ”.....”-ს საშუალებით მიმოწერა ჰქონდა პიროვნებასთან სახელით „a....“, რომელთანაც განიხილავდა ....... ფოსტის საშუალებით როგორც დ. ჯ–ისათვის, ასევე მისი მეგობრებისათვის (რომელთა შესახებ ინფორმაცია დ. ჯ–მა მიაწოდა) სხვადასხვა დროს გზავნილების გაგზავნის საკითხს. 2023 წლის 5 სექტემბერსაც დ. ჯ–ს აქვს აქტიური კომუნიკაცია „a....“-თან, „a....“ დ. ჯ–ს ურეკავს 2 ჯერ, შემდეგ ინტერესდება იყო თუ არა ფოსტაში და აიღო თუ არა გზავნილი, რასაც 15:04 საათზე ფოსტის ოპერატორთან გადაღებული ფოტოთი უდასტურებს მსჯავრდებული, „a..“ პასუხობს, რომ „მაგარია“, 15:27 საათზე კვლავ შედგა მათ შორის საუბარი, 15:28 საათზე დ. ჯ–ი უგზავნის ამანათის ფოტოს, რომელიც უჭირავს მის თანმხლებ პირს, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი საუბარი. „a...” დ. ჯ–ს უგზავნის ხმოვან შეტყობინებას შემდეგი შინაარსით „ძმაო ხვალ დილას პიროვნება მოვა წასაღებად. შენ შეგიძლია ამოიღო, რომ მან ყუთში ვერაფერი ნახოს, ამოიღე ეს ნივთი, რომ ყუთში არაფერი ნახოს და ეტყვი, რომ იქ შიგნით დევს ყველაფერი და ამოიღე, ან შეგიძლია შენ ეს ორი ბლოკი ამოიღო და დილას მას მისცე“, ამის შემდეგ „a...” უგზავნის მეორე ხმოვან შეტყობინებას შინაარსით: „მას მხოლოდ მიეცი ის ბლოკები, ამოიღებ და მისცემ მას, ისინი დაწებებულია, თავსახურები დაწებებულია, ისე რომ მან თვითონ გახსნას, ააძროს ამ პატარა ბლოკების თავსახურები და შეამოწმოს რომ ყველაფერი ნორმალურადაა. თუ წავიდა ესე იგი ყველაფერი ნორმალურადაა, მთავარია მან ეს ყუთი და ეს ყველაფერი ვერ ნახოს“ (იხ.: ტ. 2, ს.ფ. 95-107).
11. ნ. ა–მ არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დ. ჯ–ი მისი კუთვნილი სახლის პირველ სართულზე ქირით ცხოვრობდა და შეთანხმებისამებრ არემონტებდა აღნიშნულ ფართს. დ. ჯ–ის თხოვნით, იგი საკუთარი ავტომობილით წაიყვანა საფოსტო ოფისში ა–დან გამოგზავნილი ამანათის ასაღებად. ორივენი შევიდნენ ფოსტაში, გადაიხადეს გარკვეული თანხა, ამანათი მოათავსეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც თავად დაჯდა საჭესთან და მოძრაობა დაიწყო წ–ს მიმართულებით. გზაში დ. ჯ–ი შებრუნებული იყო უკან, ამანათისკენ, თავად მართავდა საჭეს და ვერ ხედავდა რას აკეთებდა, როგორც მოგვიანებით ნახა ამანათი იყო გახსნილი, ასევე გახსნილი იყო მასში მოთავსებული ნივთი, საიდანაც ჩანდა რკინის ნაჭრები. უ–ს ქუჩების კვეთასთან, ....... სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა.
12. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული 2023 წლის 5 სექტემბრის ავტომობილის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ. თ–ში, ა–ს და უ–ს ქუჩების კვეთაზე „......... სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის უკანა სავარძლიდან ამოღებულ იქნა, მართკუთხა ფორმის მუყაოს ყუთი გახსნილ მდგომარეობაში, რომელშიც მოთავსებულია, მუქი მოშავო ფერის ხმის გამაძლიერებელი, რომელიც ასევე არის გახსნილ მდგომარეობაში. ხმის გამაძლიერებელის შიგნით არის სამალავი, რომელსაც მუქი ფერის თავსაფარი აქვს მოხდილი, შიგნით კი მოთავსებულია ქაღალდში გახვეული არმატურის ნაჭრები, ასევე ხმის გამაძლიერებელში მოთავსებულია მეორე სამალავი, რომელიც არის ჭანჭიკით დამაგრებული, უკანა სავარძელზე ასევე, მოთავსებულია „ლუი ვიტონი“-ს მოყვითალო ფერის მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ამავე ფირმის ქამარი, ასევე სავარძლებზე დევს ხმის გამაძლიერებლის საბუთი ელემენტით და პულტი. ქამარი საბუთები და პულტი, ხმის გამაძლიერებელთან ერთად მოთავსდა ამავე მუყაოს ფუთაში, რის შემდეგაც დაილუქა შსს სპეციალურ ....... პაკეტში, გაუკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და მიეთითა საქმის ნომერი.
12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება – ნ. ა–ს საკუთრებაში არსებული „ს–ს“ მარკის ავტომობილის ჩხრეკა.
13. ამანათში მოთავსებულ ხმის გამაძლიერებელ დინამიკში არსებული ორივე სამალავის სახურავის გარე ზედაპირი და მოწყობილობის სახურავის შიდა ზედაპირი დამუშავებული იყო სპეციალური ფხვნილით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივების არეში ხდება ხილული(იხ.: ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და „კონტროლირებადი მიწოდების“ განხორციელების მიზნით ჩანაცვლების ოქმი ტ.1, ს.ფ. 64-71). მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2023 წლის 6 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №..... დასკვნით კი დგინდება, რომ დ. ჯ–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან ბამბის ტამპონებით აღებულ ანაწმენდებზე არსებული მომწვანო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერების კვალი და ნიმუშად წარმოდგენილი ბამბის ტამპონების ზედაპირზე არსებული მომწვანო ფერის ლუმინესცენციის მქონე ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით (იხ.: ტ.2, ს.ფ. 8-19).
14. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ. ჯ–ს მანამდეც არაერთხელ მიუღია ამანათი როგორც პირადად, ასევე მეგობრების ნ. ა–ისა და გ. შ–ის მეშვეობით (აგზავნინებდა მისი მეგობრების სახელზე), რომელთაც ურიცხავდა გარკვეულ თანხას. ნ. ა–ის ჩვენების თანახმად, დ. ჯ–მა მას და მის მეგობარს გ. შ–ს უთხრა, რომ მათ სახელზე ჩამოვიდოდა გარკვეული ნივთები, რაც უნდა გაეტანათ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. როგორც დ–სგან მისთვის ცნობილია აღნიშნულ ნივთებს აგზავნიდა უცხო პირი. მომხდარ ფაქტამდე დაახლოებით ორი დღით ადრე, დ-ნ მოლაპარაკების საფუძველზე მივიდა ს–ს მოედანზე მდებარე ...... ფოსტის ფილიალში, საიდანაც აიღო მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, მასში რა იყო მოთავსებული არ იცის. ამანათი იმავე დღეს წ-ში მიუტანა დ. ჯ–ს, რომელმაც 2023 წლის 13 ივლისს საქართველოს ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა 500 აშშ დოლარი და საკომისიო გადასახადის თანხა. რამდენიმე ხნის შემდეგ დ-სთან წ–ში მივიდა სავარაუდოდ .... ეროვნების ჭაღარა, 50 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, რ-იანი ავტომობილით. მამაკაცმა მისი და დ. ჯ–ის თანდასწრებით გახსნა ამანათი, იქიდან ამოიღო ელექტროშემდუღებელი აპარატი, დაშალა და შიგთავსიდან ამოიღო მართკუთხედი მეტალის ყუთი, რომელიც წაიღო თან, ხოლო დანარჩენი დეტალები დატოვა ადგილზე.
15. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულ დ. ჯ–ის განმარტებას, რომ ნ. ა–ემ სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება ნ. ა–ის მხრიდან დ. ჯ–ის მიმართ დაინტერესება.
16. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხი განხილულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში.
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე