საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100123007884202
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №83აპ-25 ქ. თბილისი
დ. ვ. 83აპ-25 15 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ბ–ისა და გ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ვ. დ–ს – პ/ნ ........... – ბრალად ედებოდა:
1.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, ვ. დ–ი იმყოფებოდა წ–ს მუნიციპალიტეტის ლ–ს თემში, ბენზინგასამართ სადგურ „გ–ს“ შენობაში მდებარე სუპერმარკრეტ „ს–ში“, სადაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხა მითითებულ კაფეში მომუშავე მოლარე ოპერტორ ხ. ღ–ას და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა სალაროდან გამოეტანა თანხა, რის შემდეგ იმ მიზნით, რომ ხ. ღ–ას არ გამოეყენებინა საკუთარი „SAMSUNG A13“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც წაართვა მას და დაანარცხა სუპერმარკეტის დახლის ხის ზედაპირზე.
1.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 „დ“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე ვ. დ–ი იმყოფებოდა წ–ს მუნიციპალიტეტის ლ–ს თემში არსებულ ბენზინგასამართ სადგური „გ–ს“ შენობაში მდებარე სუპერმარკრეტ „ს–ში“, რომელშიც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა მითითებულ კაფეში მომუშავე მოლარე ხ. ღ–ას, რის შემდეგაც წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ ხ. ღ–ას, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა გასულიყო მასთან ერთად გარეთ და ჩამჯდარიყო „ფორდის“ მარკის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........) სამსახურებრივ ავტომანქანაში, მის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის დაფარვის მიზნით, რის შემდეგაც ვ. დ–მა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ ხ. ღ–ას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაჰყავდა ზ.-ჯ-ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მითითებული ავტომანქანით, რის შემდეგ მიიყვანა სამსახურში და უთხრა არ განეცხადებინა მომხდარის თაობაზე, თორემ სიცოცხლეს გამოასალმებდა.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით:
2.1. ვ. დ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე;
2.2. ვ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ. დ–ს მოსახდელად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი;
2.4. ვ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 7 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1. 2023 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე ვ. დ–ი იმყოფებოდა წ–ს მუნიციპალიტეტის ლ–ს თემში, ბენზინგასამართ სადგურ „გ–ს“ შენობაში მდებარე სუპერმარკრეტ „ს–ში“, რომელშიც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა მითითებულ კაფეში მომუშავე მოლარე ოპერტორ ხ. ღ–ას;
3.2. 2023 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე ვ. დ–ი იმყოფებოდა წ–ს მუნიციპალიტეტის ლ–ს თემში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „გ–ს“ შენობაში მდებარე სუპერმარკრეტ „ს–ში“, რომელშიც ორსულად მყოფ ხ. ღ–ას სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა, გასულიყო მასთან ერთად გარეთ და ჩამჯდარიყო „ფორდის’“ მარკის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........) სამსახურებრივ ავტომანქანაში, 20 წუთის განმავლობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გაჰყოლოდა ზ–ი-ჯ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მითითებული ავტომანქანით, რის შემდეგ მიყვანა სამსახურში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა, არ განეცხადებინა მომხდარის თაობაზე.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და ვ. დ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ბ–მა და გ. გ–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ბ–მა და გ. გ–მა და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ვ. დ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;
5.2. ვ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.2.1. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5.2.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.4. ვ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 7 აგვისტოდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ბ–მა და გ. გ–მა, რომლებიც ითხოვენ ვ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7.1. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები მ. ბ–ი და გ. გ–ი ითხოვენ ვ. დ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
8.1. ამასთან, დაცვის მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ვ. დ–ის შემთხვევის ადგილზე (წ–ს მუნიციპალიტეტის ლ–ს თემში, ბენზინგასამართ სადგურ „გ–ს“ შენობაში მდებარე სუპერმარკრეტ „ს–ში“ 2023 წლის 7 აგვისტოს 05:00 საათზე) ყოფნის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას და ითვალისწინებს დაზარალებულ ხ. ღ–ას ჩვენებასა (რომელმაც განმარტა, რომ 2023 წლის 7 აგვისტოს, დილის 5 საათზე, მაშინ როცა მუშაობდა ბენზინგასამართი სადგურ „გ–ს“ შენობაში მდებარე სუპერმარკეტ „ს–იში“, ღამის ცვლაში, საპირფარეშოდან გამოსული ვ. დ–ი მივიდა მასთან, მუცელზე მიადო დანა და ფულის გამოტანა მოსთხოვა. ეუბნებოდა, რომ ხმა არ ამოეღო, არ ეკივლა და შეესრულებინა რასაც ეტყოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მასაც და მის მუცლადმყოფ ბავშვსაც) და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს (რომელშიც გარკვევით ჩანს, რომ 05:01:20 საათზე მაღაზიაში შედის ვ. დ–ი (რაც დასტურდება 2023 წლის 7 აგვისტოს ამოცნობის ოქმითა და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N....... დასკვნით), 05:04:23 საათზე დანით ხელში მიდის დაზარალებულთან, მეორე ხელს ჰკიდებს მაისურზე და უწევს მაისურს. დაზარალებული შეშინებული უყურებს მას. მალევე უშვებს ხელს მაისურს. დაზარალებული შეშინებული ელაპარაკება დ–ს. ვ. დ–ი ტუჩზე იკიდებს ხელს - ანიშნებს იყოს ჩუმად, რის შემდეგაც ხ. ღ–ა აღებს უჯრას და იღებს თანხას. ორივენი გადიან მაღაზიიდან. ვ. დ–ი მაღაზიიდან გასვლამდე დანას იდებს უკანა ჯიბეში, დაზარალებულს უთითებს წაჰყვეს მას და არ წაიღოს ტელეფონი. წინ მიდის ხ. ღ–ა და უკან მიჰყვება ვ. დ–ი), რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის მომენტიდან - ნივთის დაუფლების, მისი ოდენობის ან ღირებულების მიუხედავად(იხ.: მაგალითისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის N951აპ-21 განჩინება). შესაბამისად, ვ. დ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისთვის ვ. დ–ის მიერ დანის მუქარით თანხის მოთხოვნის შემდგომი ქმედებები, მათ შორის საბოლოოდ დაზარალებულისათვის თანხის დაბრუნება მისი ქმედების კვალიფიკაციის შესაფასებლად ირელევანტურია.
11. უსაფუძვლობის გამო საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაყალბების შესახებ, ვინაიდან, დაცვის მხარეს მისი პოზიციის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება და არგუმენტირებული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ვერ ადასტურებს ვ. დ–ის მიერ დაზარალებულ ხ. ღ–ას ტელეფონის აღებისა და დანარცხების ფაქტს (იმ მიზნით, რომ ხ. ღ–ას არ გამოეყენებინა ტელეფონი), თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ ახდენს ვ. დ–ის ქმედების კვალიფიკაციაზე.
13. ვ. დ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ხ. ღ–ას ჩვენებასა (რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ვ. დ–მა უთხრა, რომ აეღო 300 ლარი და გაჰყოლოდა თანხიანად, შეეშინდა და დაემორჩილა. ვ. დ–ი ეუბნებოდა, რომ არ შეშინებოდა, არ მოკლავდა, რადგან თავადაც ჰყავდა შვილები, ოღონდ ეს ამბავი არავისთვის არ უნდა მოეყოლა. ეწერის ტყესთან დანაც გადააგდებინა, შემდეგ მოაბრუნა მანქანა და უკან წამოიყვანა. მანქანაში არც დამუქრებია, არც ხელები ან პირი შეუკრავს, მიდიოდა დაბალი სიჩქარით. მანქანიდან გადასვლისას კი უთხრა, რომ თუ ოპერატორი ჰკითხავდა, ეთქვა, რომ ნათესავი იყო და აღნიშნული არავისთვის მოეყოლა. 300 ლარი დაუბრუნა, არ წაუღია.) და ვიდეოჩანაწერებს (რომლებიც ადასტურებს, რომ ვ. დ–მა ყაჩაღობის ფაქტის ჩადენის შემდეგ ხ. ღ–ას მოსთხოვა გაყოლოდა, გასვლამდე ვ. დ–მა დანა ჩაიდო უკანა ჯიბეში, წინ მიდიოდა ხ. ღ–ა, უკან კი მიჰყვებოდა ვ. დ–ი, მაღაზიიდან გასვლისას ვ. დ–ი დაბრუნდა და დაკეტა ღიად დარჩენილი მაღაზიის კარი, შემდეგ ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე დაბრუნდა 20 წუთის შემდეგ, საიდანაც გადმოვიდა ხ. ღ–ა, მანქანა კი წავიდა), რომლითაც დასტურდება დაზარალებულის მიერ ვ. დ–ისათვის მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყოლის ფაქტი.
13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება და არც კასატორი უთითებს დაზარალებულის მხრიდან ვ. დ–ის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებასა თუ მისი ცრუდ მხილების მოტივზე.
13.2. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებთან და არ არსებობს ერთადერთი თვითმხილველი პირის – დაზარალებულის – მიკერძოებული დამოკიდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ვ. დ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 „დ“ ქვეპუნქტებიდან საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არ გაუსაჩივრებია.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარში კასატორი დაცვის მხარე უთითებს მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების მოთხოვნაზე, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც, მაგრამ ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ამასთან, კასატორი სასჯელთან მიმართებით არც უთითებს და შესაბამისად, სადავოდაც არ ხდის დანიშნული სასჯელის კანონიერებას ან/და სამართლიანობას.
15.1. სასამართლო ერთი მხრივ აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში (სასჯელის შემსუბუქება) მოთხოვნის არ არსებობის გამო საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია გასაჩივრებული განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის შესაძლებლობას. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
16. კასატორი დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით (გამომძიებელმა გ. ა-მ გაანადგურა ნივთმტკიცება, ვ. დ–ისაგან ამოღებული ტელეფონის ჩანაწერები) – სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გამომძიებლის ქმედებაში იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
17. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხი განხილულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში.
19. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ბ–ისა და გ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე