საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115794402
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №115აპ-25 ქ. თბილისი
ა. ი.115აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად: ი. ა–ის – დაბადებული 19.. წელს, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2001 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ბ–ში, ჯ–ს ქუჩის N..-ში, N.. ბინაში დროებით მცხოვრები მ. პ–ა გავიდა ბინიდან და „დროის გატარების მიზნით“ გაჰყვა ი. ა–ეს და გამოძიებით დაუდგენელ ვინმე ბ–ს. ისინი იმავე დღესვე შეხვდნენ მ. ა–ას და მივიდნენ ქ. ბ–ში, შ–ს ქუჩის N..–ში მცხოვრებ ნ. ზ–თან, რომლისგანაც იქირავეს ბინა. ი. ა–ესა და მ. პ–ას შორის მოხდა ინციდენტი. ურთიერთშელაპარაკებისას ი. ა–ემ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მ. პ–ას, მას განზრახ მიაყენა სისხლჩაქცევები თავის ქალის ღრუში, თავის ტვინზე ზემოქმედების შედეგად, რამაც გამოიწვია მ. პ–ას სიკვდილი. ამ უკანასკნელს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების და ნაჭდევების სახით განლაგებული თავის არეში, შუბლის მიდამოში, შინაგანი გამოკვლევით აღენიშნებოდა სუბარაქნოიდალური და სუბდურიალური სისხლჩაქცევები თავის ქალის ღრუში, სახესა და გულმკერდის არეში, ასევე სისხლჩაქცევები თავის ქალის ღრუში, ელენთის გაგლეჯა და სისხლჩაქცევა თავისუფალ მუცლის ღრუში, ჯორჯალში, ბადექონში და ელენთის ირგვლივ, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ცოცხალ პირებშ. კერძოდ, ამ შემთხვევაში, არის პირდაპირი კავშირი დამდგარ შედეგთან.
1.1. აღნიშნული ქმედებით ი. ა–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენით:
2.1. ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ი. ა–ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა ლოლუამ. აპელანტმა მოითხოვა ი. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ი. ა–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლაშა ლოლუამ. კასატორი ითხოვს ი. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ – ი. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. თ–ემ. დაცვის მხარე ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის თანახმად (,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა), საქმე განიხილება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ი. ა–ის მიერ მ. პ–ასათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია დასტურდება ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით და მოწმეთა გამოქვეყნებული ჩვენებებით.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) პირველი ნაწილის დანაწესს (სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია ასევე თვით მოწმის შუამდგომლობით ან მისი თანხმობით. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას). მოცემულ შემთხვევაში, მოწმეები ვერ დაიკითხნენ საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე და გამოქვეყნდა გამოძიების დროს მათ მიერ მიცემული ჩვენებები, რის გამოც დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ მიეცა აღნიშნულ მოწმეთა დაკითხვის და მათ მიერ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დაუდო, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხნენ.
7.1.1. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის, იყო თუ არა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება პირის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი ფაქტორი/მტკიცებულება, დამოკიდებულია გამამყარებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და სიმტკიცეზე (იხ. Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom, nos. 26766/05, 22228/06, par.131, 15/12/2011 ECtHR; Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.123, ECtHR 15/12/2015; Kartsivadze v. Georgia, no. 30680/09, par.56, ECtHR, 12/12/2019).
7.1.2. პირის მსჯავრდება უნდა ემყარებოდეს შეჯიბრებით სასამართლო პროცესში მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის პირობებში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებს (იხ. Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, ECtHR, 15/12/2015; Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom, nos. 26766/05, 22228/06, ECtHR, 15/12/2011; ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის №949აპ-23 განაჩენი).
7.1.3. „მოწმის ჩვენება, რომელიც მიღებულ იქნა მაგისტრატი (გამომძიებელი) მოსამართლის თანდასწრებით არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს“ (Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, par.52, ECtHR, 29/09/2023; Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.155, ECtHR 15/12/2015; Hümmer v. Germany, no. 26171/07, par.48, ECtHR, 19/07/2012; Hanu v. Romania, no.10890/04, par.40, ECtHR, 04/09/2013; Dadayan v. Armenia, no. 14078/12, par.46, ECtHR , 06/12/2018; ასევე იხ., mutatis mutandis, Faysal Pamuk v. Turkey, no. 430/13, paras. 70-71, ECtHR, 09/05/2022).
7.1.4. მოწმის მიუწვდომლობასთან (მისი უცხოეთში ყოფნის ან სხვა მიზეზის გამო) დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოწმის იმ ქვეყნიდან არყოფნა, სადაც სამართალწარმოება მიმდინარეობდა, თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს სასამართლო პროცესზე მისი არყოფნის გასამართლებლად (Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, par.61, ECtHR, 12/09/2016; Gabrielyan v. Armenia, no. 8088/05, par.78, 10/07/2012). ეროვნულმა სასამართლოებმა ყველა გონივრული ძალისხმევა უნდა გაიღონ მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, პოლიციის დახმარებით, და, როგორც წესი, უნდა მიმართონ საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებას, თუ მოწმე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ასეთი მექანიზმები ხელმისაწვდომია (იხ. Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, paras.120-122, ECtHR, 15/12/2015).
7.1.5. მოწმის ამგვარი (გამოუცხადებელი მოწმის) ჩვენების მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს აღნიშნული მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდებისათვის ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. ამასთან, ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ხოლო ,,გადამწყვეტი“ მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება, მაღალი ალბათობით, საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებულია მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე (იხ.: Schatschaschwili v. Germany, no. 9154/10, par.123, ECtHR 15/12/2015; ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის №949აპ-23 განაჩენი).
7.2. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 347-ე მუხლის მე-7 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში პირის ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა პირის ფოტოსურათი, რომლებზედაც ამოსაცნობნი მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გარეგნობითა და ტანსაცმლით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ,,მითითებული მუხლის მოთხოვნის საპირისპიროდ, როგორც ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებიდან ირკვევა ფოტოებზე გამოსახული პირები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც გარეგნობით და ტანსაცმლით, ისე ასაკით. ამასთან, სასამართლოს არ მიეცა საშუალება დაეკითხა ამომცნობი პირი ამოცნობის გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს”.
8. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი კონკრეტული პირის ვინაობა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია გარდაცვალების სავარაუდო დრო და მიზეზი, – აღნიშნული დასკვნით ი. ა–ის შემხებლობა გარდაცვლილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან და სიკვდილთან ვერ დასტურდება(ტ. N1; ს.ფ. 131-136).
8.1. ი. ა–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია (და სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა) სხვა რომელიმე პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება/ები.
9. ამდენად, იმ დაშვების პირობებშიც, თუ გაზიარებული იქნება კასატორი ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ი. ა–ე დანაშაულის დროს იმყოფებოდა საქართველოში (სრულყოფილად არ იქნა მოძიებული მონაცემები ი. ა–ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის შესახებ), სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ი. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე კასატორის მტკიცება, რომ ი. ა–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უნდა დასტურდებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით.
11. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებირვი საფუძველი. „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე