საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.10.2025
საქმის ნომერი
2კ-514აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124009834887

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №514აპ-25 ქ. თბილისი

ს. ნ., 514აპ-25 8 ოქტომბერი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ . ს–ის, – პირადი ნომერი: ..........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 21 აპრილს, შუაღამისას, ქ. გ–ში, გ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ეჭვიანობის და შურისძიების მოტივით ჯ. ა–მა ი. გ–ს, ნ. ს–ის თანდასწრებით, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც ი. გ–ი ადგილზე გარდაიცვალა.

1.2. ნ . ს–ისთვის, როგორც მკვლელობის თვითმხილველი პირისთვის, ცნობილი იყო ჯ. ა–ის მიერ ი. გ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. მას დანაშაულის ჩადენიდან – 2024 წლის 21 აპრილიდან 29 აპრილამდე პერიოდში ჰქონდა გონივრული დრო და შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა კანონის მოთხოვნა პირადი სურვილით უგულებელყო, რითაც ზიანი მიაყენა დანაშაულის დროულად აღკვეთის და გახსნის სახელმწიფო ინტერესს;

1.2.1. აღნიშნული ქმედებებით ნ. ს–მა ჩაიდინა – დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ნ . ს–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;

2.2. ნ . ს–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. ს–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ: ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ. ს–ის ბრალეულობას მისთვის წარდგენილ დანაშაულში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. აპელანტმა მოითხოვა ნ . ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. კასატორი ითხოვს ნ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ნ. ს–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8.1. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში.

8.1.1. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდების ნაწილში და მოითხოვა მხოლოდ გამართლებულის დამნაშავედ ცნობა, ხოლო საკასაციო სასამართლოში, იმავდროულად – მკაცრი სასჯელის განსაზღვრაც. შესაბამისად, ნ . ს–ის მსჯავრდების ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სასამართლო მოკლებული იქნებოდა სასჯელის ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვის/დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

9. ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე არგუმენტებზე (სასჯელის ნაწილის გარდა) დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ს–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.

10. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამდენად, საქართველოს სსკ-ი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ (და არა კონკრეტული/იდენტიფიცირებული პირის მიერ ჩადენის) შეუტყობინებლობისათვის.

10.1. შესაბამისად, ნ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მსჯავრდებისთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა დასტურდებოდეს, რომ ნ. ს–ისთვის ცნობილი იყო ი. გ–ის მიმართ მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა, მას ჰქონდა აღნიშნულის სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების შესაძლებლობა, რაც არ განახორციელა. იმავდროულად, მას ბრალი წარდგენილი უნდა ჰქონდეს აღნიშნული დანაშაულის ფაქტის შეუტყობინებლობისთვის.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ/რაში გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის №745აპ-24, 2023 წლის 10 აგვისტოს N426აპ-23; 2025 წლის 6 ივნისის N1296აპ-24 განაჩენები).

11.1. საქართველოს სსსკ-ის თანახმად, სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ნ. ს–ს ედავება არა ზოგადად ი. გ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტის (ჯ. ა–ის ან სხვა პირის მიერ ჩადენილი) შეუტყობინებლობას, არამედ – კონკრეტულად ჯ. ა–ის მიერ, ნ. ს–ის თანდასწრებით, ი. გ–ის მკვლელობის ფაქტის შეუტყობინებლობას. შესაბამისად, ბრალდების მხარე ნ. ს–ს ედავება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტის შეუტყობინებლობას, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული (ბრალდების დადგენილებაში მითითებული) პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ბრალდების მხარეს არ განუხორციელებია ნ. ს–ისთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტება/ახალი ბრალის წარდგენა.

12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ნ . ს–ის ბრალდება მთლიანად დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ ჯ. ა–მა, დანის გამოყენებით, განახორციელა ი. გ–ის მკვლელობა, რისი თვითმხილველიც გახდა ნ . ს–ი. კერძოდ:

12.1. პირი ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ს–ისთვის, როგორც მკვლელობის თვითმხილველი პირისთვის, ცნობილი იყო ჯ. ა–ის მიერ ი. გ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი და მან სამართალდამცავ ორგანოებს არ მიაწოდა ინფორმაცია სწორედ ჯ. ა–ის მიერ ი. გ–ის მიმართ ჩადენილი მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ.

12.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით (კანონიერ ძალაში შესული განაჩენი) ჯ. ა–ი (ვის მიერ ჩადენილ ი. გ–ის განზრახ მკვლელობის შეუტყობინებლობას ედება ბრალად ნ . ს–ს) უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

13. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე – 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და პირის ბრალდების შესახებ დადგენილების გათვალისწინებით, ნ. ს–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ნ . ს–ის მიერ კონკრეტული დანაშაულის – ჯ. ა–ის მიერ ი. გ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

13.1. არ დგინდება, რომ ი. გ–ს სიცოცხლე მოესპო პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული პირის (რომელიც მის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია უდანაშაულოდ) მიერ ჩადენილი მძიმე/ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად, რაც ცნობილი იყო ნ . ს–ისთვის (ნ . ს–მა ნამდვილად დაინახა ი. გ–ის მიმართ განხორციელებული მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) და მან არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში.

13.2. ბრალის დამადასტურებელი ერთადერთი მამხილებელი მტკიცებულება არის თავად ნ . ს–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის შინაარსიც თავად ნ . ს–მა საქმის არსებითი განხილვისას არ დაადასტურა, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეები ვერ ადასტურებენ ი. გ–ის მკვლელობის დროს ნ . ს–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს. სისხლის სამართლის საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ი. გ–ის გარდაცვალების კონკრეტულ ადგილს, ვითარებასა და მიზეზს (სისხლს სამართლის საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ გვამის აღმოჩენის ადგილი).

14. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გარდა) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ ჯ. ა–ის მიერ ჰქონდა ადგილი ი. გ–ის მკვლელობას, რაც ცნობილი იყო ნ. ს–ისთვის. ამასთან, ბრალდება ნ. ს–ს არ ედავება მისი თანდასწრებით ი. გ–ის განზრახ მკვლელობის ფაქტის ზოგადად (სავარაუდო დამნაშავე პირის კონკრეტიზაციის გარეშე) შეუტყობინებლობას.

15. საქართველოს სსსკ-ის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, კონკრეტული ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ბრალის ფორმულირების ფარგლებში (მაგალითისთვის, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 აგვისტოს №426აპ-23 განაჩენი).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც: ბრალდების მხარე ნ. ს-ს ედავება, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებს არ მიაწოდა ინფორმაცია სწორედ ჯ. ა–ის მიერ და არა სხვა პირის მიერ ი. გ–ის მიმართ ჩადენილი მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ჯ. ა–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის შეუტყობინებლობასაც ედავება ბრალდების მხარე გამართლებულ ნ . ს–ს; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გარდა) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ ჯ. ა–ის მიერ ადგილი ჰქონდა ი. გ–ის მკვლელობას, რაც ცნობილი იყო ნ . ს–ისთვის, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

17. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში დავის საგანი არ არის ჯ. ა–ის დამნაშავეობა/უდანაშაულობა, – გაუგებარია კასატორის მტკიცება: ,,ჯ–ს ჰქონდა ი–ს მოკვლის მოტივი“, ,,ჯ–მა დაარტყა ი–ს დანა“, ,,ი–ს ჯ–ს გარდა არ ჰყავდა სხვა მტერი“, ,,მეტიც ის ჯ. ა–ს ეხმარებოდა, რომ ი. გ–ის მკვლელობა შეენიღბა ი-ს დაკარგვად“.

18. ევროპული სასამართლოს ,,მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომელიც ასახავს მართლმსაჯულების სწორად განხორციელებასთან დაკავშირებულ პრინციპს, სასამართლოების და ტრიბუნალების გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა მიუთითებდეს მიზეზებს, რომლებსაც ისინი ეფუძნება. ის, თუ რა ფარგლებში უნდა დასახელდეს მიზეზები, შეიძლება განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების ხასიათის მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. (იხ. García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, par. 26, ECtHR,21/01/1999). მომჩივნის მიერ მოყვანილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის მოთხოვნის გარეშე ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო წარმოების მხარეებს შეუძლიათ მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია ამ საქმისწარმოების შედეგისთვის” (Kezerashvili v.Georgia, no. 11027/22, par.107, ECtHR, 5/12/2024).

19. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. ამდენად, ვინაიდან საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განაჩენზე, ნ . ს–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი